სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„თბილისელ“ გველებს ხასიათი შეეცვალათ: ადამიანებს ეძებენ და თავს ესხმიან

ლილოს დასახლებაში გუშინ, დღის განმავლობაში და გვიან ღამით 5 გველი დაიჭირეს. მოსახლეობა წუხს, რომ ამ ტერიტორიაზე ქვეწარმავლები განსაკუთრებით მომრავლდნენ. მერიის ქვეწარმავლებთან ბრძოლის სამსახურის თანამშრომლები კი ამბობენ, რომ არცერთი გველი შხამიანი არ იყო.

ლილოში მცხოვრები, გველისგან დაგესლილი მამაკაცის მდგომარეობა კი ამ დრომდე რთული რჩება. 50 წელს მიტანებული ადგილობრივი მცხოვრები გველმა ლილოში გუშინ დაგესლა. ქვეწარმავალმა მას მუცელზე უკბინა. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მამაკაცს პირველი დახმარება გაუწიეს, თუმცა, მდგომარეობა მგვიანებით გართულდა. მედიკოსების თქმით, მას მუცელზე ოთხი ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნება. ვიზუალური დათვალიერებით, ეს ნამდვილად გველის ნაკბენს ჰგავს, თუმცა, მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ქვეწარმავალმა მამაკაცს ორჯერ უკბინა. მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელთა მტკიცების საპირისპიროდ, რომ ლილოში შხამიანი გველები არ არიან, ფაქტია, რომ დაგესლილი მამაკაცის ჯანმრთელობა ამ დროისთვისაც საფრთხეშია და იგი რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული.

თბილისში, განსაკუთრებით კი დედაქალაქის გარეუბნებში, გველების ნამდვილი შემოსევა დაიწყო. დიდ დიღომში, ლილოსა თუ ავლაბარში მოსახლეობა გველებს ხელითაც კი იჭერს, ძირითადად, მცურავებს, გველხოკერებსა და ანკარებს. რამდენჯერმე თბილისში გიურზაც შენიშნეს.

მხოლოდ ივლისში ქვეწარმავლებთან ბრძოლის სამსახურის ასამდე გამოძახება დაფიქსირდა, აქედან უმრავლეს შემთხვევაში სპეციალისტებმა გველები დაიჭირეს. მოსახლეობა გაკვირვებულია იმით, რომ ქვეწარმავლები აგრესიულები გახდნენ და, თუკი, როგორც წესი, გველები ადამიანებზე თავდასხმას ერიდებიან ხოლმე, თბილისში ისინი სხვაგვარად იქცევიან: ადამიანებს ეძებენ და თავს ესხმიან. სპეციალისტები გველების აგრესიულობის მიზეზად ძლიერ სიცხეს ასახელებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100