"პაშა ბანკმა" პარტნიორების სახელით 2017 ძირი ქართული ფიჭვის ნერგი დარგო

პაშა ბანკმა ამჯერადაც გამორჩეულად მიულოცა საახალწლო დღესასწაული პარტნიორებს და მათი სახელით 2017 ძირი ქართული ფიჭვის ნერგი დარგო. აღნიშნული ნერგები ბორჯომის მახლობლად 2008 წლის აგვისტოში დამწვარი 260 ჰექტარი ტყის აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში დაირგო.

“ჩვენი პარტნიორებისთვის გამართულ წინასაახალწლო მიღებაზე, განვაცხადეთ, რომ 2017 წელს განსაკუთრებულ ყურადღებას “მწვანე” პროექტებს დავუთმობთ. მომავალი წლისთვის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გარემოსთვის სასარგებლო არაერთ აქტივობას ვგეგმავთ. ამ ეტაპზე, სიხარულით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პარტნიორებისთვის 2,000 სახელობითი ხე დავრგეთ, რასაც სიმბოლურად კიდევ 17 დავუმატეთ. მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და გისურვოთ ბედნიერი, მშვიდობიანი და ჯანმრთელი ახალი 2017 წელი,” - განაცხადა პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, შაჰინ მამმადოვმა.

“იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პარტნიორები საახალწლო საჩუქრით კმაყოფილი დარჩებიან. ამ პროექტის შედეგად, თითოეულ მათგანს აქვს მონაწილეობა მიღებული ულამაზესი ტყის რეაბილიტაციაში. პროექტის განხორციელებაში დაგვეხმარა კომპანია “Treepex”, რომელიც აქტიურად მუშაობს “მწვანე” პროექტების მიმართულებით და ბევრი უკვე იყენებს მათ სპეციალურ აპლიკაციას ხეების დასარგავად, ” - თქვა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.

შარშან პაშა ბანკმა პარტნიორებს საახალწლოდ რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატის ხელმოწერილი ასლები აჩუქა. ნახატის დედანი კი საქველმოქმედო ფონდ “პირველ ნაბიჯ საქართველოს” გადაეცა.

კომენტარი