სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პირველკლასელი გოგონა სკოლის დირექტორმა სიცელქის გამო გარიცხა

ბოლო პერიოდში კერძო სკოლიდან ბავშვების გარიცხვის ამბავი ხშირად გამხდარა სოციალურ ქსელში განხილვისა და მსჯელობის საგანი. გამომდინარე იქიდან, რომ განათლების სამინისტრო პასუხს არ აგებს კერძო დაწესებულებებზე, მშობლებმა არ იციან ვის მიმართონ და რა მოიმოქმედონ.

ამჯერად საქმე ეხება შ.პ.ს. ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა „ნინოს“, რომელიც ასევე კერძო დაწესებულებაა და საიდანაც 2017 წლის 2 მარტს პირველკლასელი ბარბარე გამოუშვეს იმის გამო, რომ ბავშვი იყო „ცელქი“.

ელენე, ბარბარეს დედა:

- სანამ სკოლიდან გამორიცხავდნენ, რამდენიმე თვით ადრე მითხრეს, რომ ჩემ შვილს უჭირდა მათემატიკის ათვისება და შემომთავაზეს თავისივე მასწავლებელთან მომემზადებინა დამატებით, რაც თავის მხრივ გარკვეულ ანაზღაურებას მოითხოვდა. გამიკვირდა, რადგან, ჯერ ერთი, პირველ კლასელ ბავშვს ასეთი მარტივი მიმატება-გამოკლება როგორ უნდა გაჭირვებოდა, ან რა უნდა აეხსნა პედაგოგს ასეთ მარტივ ციფრებში იმაზე მეტი, რასაც გაკვეთილზე უხსნიდა... და მეორე - მე ბავშვი კერძო სკოლაში იმიტომ შევიყვანე, რომ დამატებით კი არ მეტარებინა სხვადასხვა საგნებზე, არამედ ადგილზე მოემზადებინათ სათანადოდ. ამის შემდეგ მეუბნებიან, რომ ჩემი გოგო ძალიან აქტიურია და ან კარატეზე ან რომელიმე წრეზე უნდა მეტარებინა, ხატვის წრეც შემომთავაზეს და ეს ყველაფერი ამ სკოლაში იყო. ამაზეც უარი ვთქვი, ჩემი გოგონა კი პერიოდულად ჩაყავდათ ფსიქოლოგთან, რადგან ხმაურობდა. საქმე იმაშია, რომ სკოლის დირექტორის შვილიშვილიც ბარბარეს კლასელი იყო და იგივე საქციელის გამო ფსიქოლოგის კაბინეტში აღმოჩნდებოდა ხოლმე ჩემი გოგონას გვერდით. ორივე მათგანი ხმაურობდა. ეს არ ეყოთ და შემომთავაზეს, რომ ბარბარესთვის ინკლუზიური ბავშვის სტატუსი მიგვენიჭებინა. მითხრეს ისიც, რომ სახლში მყოლოდა, ფული ჩვეულებრივად გადამეხადა და პირველი კლასის დამთავრებაში ჩაუთვლიდნენ. იმ დღეებში მეორე შვილი ახალი გაჩენილი მყავდა და ვერ ვახერხებდი სკოლაში მიმეკითხა ჩემი გოგონასთვის, ძირითადად ჩემს მეუღლეს ან დედას გამოყავდა სკოლიდან. 2 მარტს კი სოციალურ ქსელში დირექტორის შვილმა მომწერა და მითხრა, რომ ბავშვის ტაქსით ამოყვანას აპირებდნენ სახლში, რადგან სკოლაში ვეღარ აჩერებდნენ. სახლში რომ არ ვყოფილიყავი და ფეისბუქით ეს მონაწერი რომ არ მენახა, სად მიყავდათ ბავშვი, რატომ არ ფიქრობდნენ მაგაზე? ჩავედი სკოლაში და გამომიცხადეს, რომ ჩემს შვილს ფსიქოლოგი კი არა, ფსიქიატრი ჭირდებოდა.

- ელენე, ინკლუზიური ბავშვის სტატუსი ახსენე, რას გულისხმობდნენ ამაში?

- ალბათ აუტისტს, არ ვიცი... ორი კვირის წინ სხვა სკოლაში შევიყვანე და ახალ დამრიგებელს ვუთხარი სწორედ ამ ინკლუზიურ სტატუსზე და გადაირია, ბავშვების უმეტესობა ცელქები არიან, გამოდის, რომ ყველა ცელქი ბავშვი ინკლუზიურიაო?

- როგორ შეეგუა ბარბარე ახალ სკოლას, იქაც მსგავსი პრობლემები ხომ არ არის, ანუ ისევ ისე ხომ არ ცელქობს?

- არა, სხვათა შორის, ძალიან წყნარი და მოწესრიგებულია, მეც კი მიკვირს. ბარბარე რომ ცელქია, ეგ მეც ვიცოდი მანამდე, ძალიან აქტიურია, მაგრამ მასწავლებელს როგორ ვერ უნდა მოეხერხებინა ის, რომ პირველკლასელი ბავშვი გაეჩერებინა. ამ სკოლაში თუ ახერხებენ ამას, იქ რატომ ვერ მოხერხდა ეს, მართლა ჩემი შვილი იყო დამნაშავე თუ არასწორი მიდგომა ჰქონდათ? ისე გამოიყვანეს, რომ ყველაფერი ბარბარეს დაბრალდა და ძნელად აღსაზრდელ ბავშვად შერაცხეს. მთავარი ისაა, რომ ახლა კარგ გარემოშია, ემორჩილება პედაგოგებს, მოწესრიგებულია და პასუხისმგებლობის გრძნობა გაეზარდა. რაც მთავარია, მათემატიკაც კარგად ესმის და არ ჭირდება დამატებითი „გაკვეთილები“.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დრონი.ჯი დაუკავშირდა სკოლის დირექტორს ლამარა ქოქიაურს, რომელმაც სატელეფონო კომენტარის გაკეთებაზე კატეგორიული უარი განაცხადა და მოითხოვა, რომ ადგილზე მივსულიყავით, სადაც დაგვხვდებოდა ბარბარეს ყოფილი დამრიგებელი და ფსიქოლოგი. მან ასევე შემომთავაზა სკოლის „დათვალიერება“. მე ავუხსენი, რომ მხოლოდ რამდენიმე კითხვა მქონდა და მოკლედ ეპასუხა, რადგან ჟურნალისტის იქ წასვლა და შემდეგ სტატიის მომზადება ბევრ დროს წაიღებდა, რაც სამწუხაროდ არ გვქონდა, თუმცა მითხრა, რომ ამ თემაზე მხოლოდ პირადად მომცემდა ინტერვიუს, რაც სამწუხაროდ არ გამოვიდა.

ამის შემდეგ დავუკავშირდით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიულ განყოფილებას და ვკითხეთ, რამდენად ერეოდა სამინისტრო კერძო სკოლებში არსებულ შიდა საქმიანობაში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვის უფლება იქნებოდა დარღვეული. სამინისტროში კი გვითხრეს, რომ კერძო სკოლასა და მშობელს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე სამინისტრო პასუხს არ აგებს, რადგან ის არ არის საჯარო დაწესებულება. სამინისტრო მხოლოდ ერევა ავტორიზაცია-აქტივიზაციის კუთხით ანუ მათი საგანმანათლებლო პროგრამები რამდენად მოდის შესაბამისობაში სასწავლო გეგმასთან, სხვა შეხება კერძო სკოლებთან მათ არ აქვთ, შესაბამისად ვერ ჩაერევიან მათ შიდა ურთიერთობებში, რადგან ისინი დამოუკიდებლები არიან თავიანთ საქმიანობაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100