გახმაურებული მკვლელობა კახეთში და დეტალები, რომლებიც საზოგადოებისთვის უცნობია

27 მარტს, ღამით სოფელ ნაფარეულში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის შესახებ უამრავი მოსაზრება და ჭორი არსებობს, რომელიც ბოლომდე არ დასტურდება. ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, შემთხვევა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. დრონი.ჯი ადგილობრივ მაცხოვრებლებს ესაუბრა, რომლებიც ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებენ, თუმცა ზუსტად იციან დეტალები, რომლებიც საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი იყო. მკვლელობაში ბრალდებულ 22 წლის გიორგისა და მოკლულ 28 წლის ვაკოს შორის ურთიერთობა 3 წლის წინ დაიძაბა, მიზეზი კი ქალი გახდა, რომელიც, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ორივე მათგანს უყვარდა. ბიჭებს არაერთხელ მოსვლიათ ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება. ამ შემთხვევიდან მალევე ვაკო საზღვარგარეთ წავიდა და რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა უკან, მას უკვე სხვა ქალი უყვარდა და მასთან აპირებდა ოჯახის შექმნას, თუმცა მეტოქეებს შორის დაპირისპირება ძველებურად გაგრძელდა. თანასოფლელები ყვებიან, რომ ვაკომ არაერთხელ მიაკითხა გიორგისა და მის ძმას და მეგობრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა მათ. ჩხუბმა, დამცირებამა და ფიზიკურმა შეურაცხყოფამ ხშირი ხასიათი მიიღო, რის გამოც მკვლელობაში ბრალდებულმა გადაწყვიტა საბოლოოდ დაესვა წერტილი ყველაფრისთვის. 27 მარტის ღამეს გიორგიმ ვაკოს სახლთან მიაკითხა, ცალკე გაიყვანა და სანადირო თოფიდან ორი გასროლით მოკლა იგი.

კომენტარი