"მადლობა ღმერთს, რომ ჩემი შვილი არ მოვკალი" - ეს შოკისმომგვრელი ამბავი ქუთაისში მოხდა

ორსული დედების გვერდიამ შოკისმოკმომგვრელ ამბავს ავრცელებს ფეისბუქზე, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

"მადლობა ღმერთს, რომ ჩემი შვილი არ მოვკალი"
24 წლის მარიამი ქუთაისში, ავადმყოფ დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. მარიამს მძიმე სოციალურ პირობებში უწევს დედის და შვილის მოვლა-პატრონობა. როგორც მარიამი ამბობს, ქუთაისის მერიაში მას განუმარტეს, რომ მარტოხელა დედების დახმარების პროგრამა არ აქვთ. ის ახლა ღმერთის და კეთილი ადამიანების იმედად რჩება.

მარიამი ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს, სადაც ელემენტარული საარსებო პირობებიც არ არის. წყლისა და გაზის გარეშე ცხოვრებას შეძლებს, მაგრამ მალე საკვების მარაგი ამოეწურება. რამდენიმე თვის წინ სოციალური დახმარება მოუხსნეს და ახლა 180 ლარზე - დედის პენსიაზეა დამოკიდებული. იმის გამო, რომ ბავშვისთვის საკვები ეყიდა, 3 თვის პენსია წინასწარ გამოიტანა და ახლა საარსებო მინიმუმიც არ გააჩნია. ადგილობრივმა თვითმმართველობამ მარტოხელა დედას დახმარებაზე უარი განუცხადა.

მარიამს, როგორც თვითონ გვიამბობს, საკმაოდ მძიმე ცხოვრება აქვს გადატანილი. ცხოვრობდა მოძალადე მამასთან, რომელიც დედას ფიზიკურად უსწორდებოდა, მარიამიც ბევრჯერ ყოფილი მამისგან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. უნდოდა წარმატებულ და განათლებულ პიროვნებად ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ ცხოვრებამ ამის შესაძლებლობა არ მისცა.

„მინდოდა, უნივერსიტეტში კარგად მესწავლა, თუმცა იმ პერიოდში მამამ მხედველობა დაკარგა. დედა მუშაობდა, მე კი იძულებული გავხდი, მამისთვის მიმეხედა. მიუხედავად ყველაფრისა, მამა ძალიან მიყვარდა, მზრუნველობას არ ვაკლებდით. გარეთ გამყავდა, წიგნებს ვუკითხავდი და რასაც მთხოვდა, ვუსრულებდი. ამის გამო უნივერსიტეტში სიარულს ვერ ვახერხებდი, არც ფინანსურად გვქონდა შესაძლებლობა, რომ სწავლისთვის საფასური გადაგვეხადა. იძულებული გავხდი უნივერსიტეტში სიარული შემეწყვიტა. მამის მკურნალობის გამო, სახლში რაც ღირებული გვქონდა, ყველაფერი გავყიდეთ, უამრავი ვალი დაგვედო. შემდეგ მამა გარდაიცვალა, რამაც ჩემი ცხოვრება კიდევ უფრო დაამძიმა. მიუხედავად ყველაფრისა, ის ჩემთვის ნათელი წერტილი იყო“,-ამბობს მარიამი.

მარიამმა მუშაობა დაიწყო, მიუხედავად ამისა, განათლების მიღებას ინტერნეტის საშუალებით ცდილობდა. ამ პერიოდში, ტრამვით დამძიმებულს, საპირისპირო სქესის მიმართ უნდობლობა და ერთგვარი შიშიც კი ჩამოუყალიბდა, თუმცა დროთა განმავლობაში გამოჩნდა ის ადამიანი, ვინც მარიამი დეპრესიიდან გამოიყვანა და ცხოვრების ხალისი დაუბრუნა, თუმცა ეს ბედნიერებაც ხანმოკლე აღმოჩნდა.

„მეუღლემ ჩემი განვლილი ცხოვრების შესახებ იცოდა. მისი დამსახურებაა, რომ იმ პერიოდში დეპრესიიდან გამოვედი. რამდენიმე თვეში ცოლად გავყევი. დედაჩემი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, თუმცა მისი აზრი, ამ შემთხვევაში, არ გავითვალისწინე. ქორწილი არ გვქონია, თუმცა ოჯახების გაცნობა და შეუღლება მცირე წრეში ავღნიშნეთ. რამდენიმე თვეში, მეგობრებთან ერთად შევიკრიბეთ, ვვახშმობდით, რა დროსაც გამოვაცხადე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ყველას გაუხარდა, ჩემი მეუღლის გარდა. მან განმიცხადა, რომ ბავშვი უნდა მოვიშორო. მიზეზად ის დაასახელა, რომ სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბავშვის რჩენას ვერ შევძლებდით. ჩემთვის ეს სიტყვები სრულიად წარმოუდგენელი იყო. იმ წუთებში ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა, თუმცა ფეხმძიმობის ხელოვნური შეწყვეტის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. ამის გამო კი ის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა. ჩემთვის დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, თუ შვილი არ უნდოდა, რატომ მომიყვანა ცოლად? ბოლოს ძალიან აგრესიული გახდა ჩემს მიმართ, მეუბნებოდა, რა უფლებით მეწინააღმდეგები და რატომ არ აკეთებ იმას, რასაც გეუბნებიო. ჩემთვის ეს სიტუაცია შოკისმომღვრელი იყო, განმიახლდა წარსული და ის დეპრესია, რომელიც მეგონა, რომ აღარასდროს დაბრუნდებოდა. შვილს ვერ მოვკლავდი, ამიტომაც დედასთან დავბრუნდი“,- გვიამბობს მარიამი.

მარიამის სახლში დაბრუნება მიუღებელი აღმოჩნდა მისი ოჯახისთვის. ყველასთვის დაუჯერებელი იყო მარიამის ნაამბობი - მეუღლის რეაქცია ფეხმძიმობასთან დაკავშირებით, რის გამოც მარიამის ნაამბობს არ იჯერებდნენ. ბავშვის მამა და მისი ოჯახი მარიამს სისტემატურად ურეკავდნენ და აიძულებდნენ ბავშვის მოშორებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. გამოსავალიც კი შესთავაზეს, თუ ბავშვს გააჩენდა, გაეშვილებინა. მიუხედავად შეურაცხყოფისა და დამცირებისა, მარიამმა ყველას საკუთარი შვილი არჩია და დღეს ამ გადაწყვეტილებით ამაყობს.

„ფეხმძიმობის პერიოდში უამრავჯერ განხორციელდა ჩემს ტელეფონზე მუქარის ზარი, რომ ბავშვი მომეშორებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვკლავდნენ მე და ჩემს შვილსაც. ალტერნატივაც კი შემომთავაზეს, მოძებნეს ოჯახი, რომელსაც ბავშვი უნდოდა და მეუბნებოდნენ, რომ მათთვის მიმეშვილებინა. რა თქმა უნდა, კატეგორიული უარი განვაცხადე. მადლობა ღმერთს, რომ ჩემი შვილი არ მოვკალი. ბავშვი მამამ მხოლოდ ერთხელ, საავადმყოფოში ნახა და საერთოდ არ შეხებია. იდგა და შორიდან უყურებდა. მას შემდეგ არ გამოჩენილა“,- გვიამბობს მარიამი.

სამომავლოდ მარიამი გეგმავს, რომ ბავშვის მამას სასამართლოში უჩივლოს და ალიმენტი გადაახდევინოს, თუმცა ამ დროისთვის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამის შესაძლებლობა არ გააჩნია. მარიამმა შეძლო და პატარას სიცოცხლე შეუნარჩუნა, მისი გოგო ახლა 3 თვის არის, თუმცა გადარჩენისთვის ბრძოლა კვლავ უწევს. მას საშუალება არ აქვს შვილი და დედა გამოკვებოს. პატარა ხელოვნურ კვებაზე ყავს, რადგან ნერვიულობის ნიადაგზე ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ბავშვის ბუნებრივი გზით გამოკვება აღარ შეუძლია. ბავშვის საკვებს კი სიძვირის გამო ვერ ყიდულობს, ამიტომაც დახმარების თხოვნით კეთილ ადამიანებს მიმართავს.

„დედა ტკივილებისგან, შვილი კი შიმშილისგან ტირის, არ ვიცი, ამაზე მტკივნეული კიდევ რა შეიძლება იყოს. ყველას მივმართე, როგორც სამთავრობო, ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ როგორმე სექტემბრამდე საკვებით დამეხმარნონ, თუმცა ჯერჯერობით, არავინ დამხმარებია. ისევ კეთილი ადამიანების იმედად ვარ. იმ ადამიანების, რომლებმაც ჩემს შვილს ტანსაცმელი და ეტლი შეუძინეს, რაზეც დიდ მადლობა მინდა გადავუხადო ნინო შარვაშიძეს. კიდევ ერთხელ გთხოვთ დახმარებას. მართლა,რომ არ მჭირდებოდეს არავის შევაწუხებდი. ვისაც რა შეგიძლიათ, ბავშვის ტანსაცმელი, საკვები, ნივთები ყველანაირ დახმარებას მივიღებ. მსურველებმა დამიკავშირდით, 598333236, ანგარიშის ნომერი, GE60LB0288870270102013

სექტემბრიდან ბავშვს ბაღში შევიყვან, მე კი მუშაობას დავიწყებ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დარჩენილი ცხოვრება დედას, ჩემს პატარას დავუთმო და მათ მზრუნველობა არ მოვაკლო“,- ამბობს მარიამი.

მიუხედავად პრობლემებისა, მარიამი ბედნიერია, რომ დილით მისი შვილის მომღიმარ სახეს ხედავს. ის მარტოხელა დედებს მოუწოდებს, იბრძოლონ საკუთარი შვილების უფლებებისთვის. მისი თქმით, ყველა ბავშვის უფლებაა, მიიღოს მშობლების მზრუნველობა.

ქუთაისის მერიაში დაგვიდასტურეს, რომ მარტოხელა დედების დახმარების პროგრამა არ აქვთ.

კომენტარი