სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თენგიზ სიგუას 15 წლის შვილიშვილი ისე დაკრძალეს, დედამ არაფერი იცოდა - ოპერაციის შემდეგ ქეთის დედის მდგომარეობაც დამძიმდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის თენგიზ სიგუას 16 წლის შვილიშვილი ქეთი სიხარულიძე გარდაიცვალა. მისმა ორგანიზმმა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ვერ გადაიტანა.

ქეთი სიხარულიძეს ოპერაცია 21 ივნისს ჩაუტარდა და ღვიძლი დედამ გადაუნერგა. მაგრამ გოგონას თირკმელმა უმტყუნა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ორგანიზმმა დედის ღვიძლი არ მიიღო...

ახლობლები ყვებიან, რომ ქეთის ჯანმრთელობის პრობლემები წლებია აქვს. ბავშვობაში ვირუსი გადაიტანა, რომელმაც გართულებული ავტოიმუნური ჰეპატიტი დაუტოვა. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმმა ისეთი ანტისხეულების გამოყოფა დაიწყო, რომელიც სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. ქეთი სიხარულიძეს წამალი დაუნიშნეს, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ესვა. ოჯახის ახლობლების თქმით, ბოლო დროს გოგონამ წამლის მიღება შეწყვიტა. ორგანიზმმა ანტისხეულებს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა.

ქეთის ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია დასჭირდა, დონორობა კი დედამ გაუწია. ოპერაციისთვის ოჯახს თანხა სჭირდებოდა. ქეთი სიგუას დასახმარებლად სოციალურ ქსელში კამპანია დაიწყეს – #დაგვასაქმექეთისთვის. გოგონას მეგობრები და ახლობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ოპერაციის ფული შეეგროვებინათ.

ქეთის მეგობრები და ახლობლები გოგონას დადებითად ახასიათებენ. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, მძიმე დაავადება ჰქონდა, ყოველთვის პოზიტიური, მხიარული, კეთილი და მოტივირებული იყო. არ წყვეტდა განვითარებას და კარგად სწავლობდა.

დაღუპული გოგონას ოჯახის წევრები და მეგობრები ქეთის სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:
„ყველაზე დიდი საჩუქარი, რომელიც მე და ჩვენს ოჯახს ცხოვრებისგან ერგო... შეუდარებლად თბილი, ლამაზი, ჭკვიანი, კეთილი, ყველას მიმართ კეთილგანწყობილი და პოზიტიური... სადაც კი იყო, ყველგან სინათლე და სითბო შემოჰქონდა. მონდომებით დადიოდა თეატრალურ წრეში, მღეროდა, ცეკვავდა, ბოლოს დიპლომატიურ აკადემიაშიც დაიწყო სიარული და იქ წარჩინების დიპლომი დაიმსახურა. მას ძალიან უნდოდა სიცოცხლე, სასწრაფოს რომ მიჰყავდა საავადმყოფოში, შეეკითხა, – „ხომ გადამარჩენთო“.

„დედაშენმა დაუფიქრებლად მოგცა თავისი ღვიძლი, თან ბედნიერმა დამირეკა იზმირიდან – ანატომიურად კარგი ღვიძლი მაქვსო, გადანერგვის პრობლემა არ იქნებაო. როგორც ჩანს, ყველაფერი დაგვიანებული იყო? ვერ გაგიფრთხილდით, ქეთი, ან ეს იყო შენი ბედი? არ ვიცი, სულ ამას ვფიქრობ. ერთია სანუგეშო – ანგელოზად მოხვალ...“

„ჩემი ყველაზე თბილი, ყველაზე კეთილი, ყველაზე ერთგული, ყველაზე პოზიტიური, უჭკვიანესი, უსაყვარლესი, ულამაზესი... ყველაფერი ერთად აღებული... სულ მიკვირდა, ეს ყველაფერი ამ ერთ პატარა არსებაში როგორ ეტევა-თქო... ადამიანი, რომელსაც ყველგან სითბო და სიყვარული შეჰქონდა... ადამიანი, რომლის არსებობაც მათბობდა და მაბედნიერებდა. ეს არ არის მარტო ირინკას შვილი, ეს ჩვენი გოგოა... ჩემი ლუკას დაიკო... და მიხაროდა, რომ ასეთი სანდო ადამიანი ჰყავდა გვერდით. ისე უფრთხილდებოდა... ისე ეთამაშებოდა... ლუკაც გიჟდებოდა ქეთიზე...
ვზივარ და ცრემლები მერევა... იმდენი რამის თქმა მინდა, იმდენი რაღაცა ტივტივებს ჩემს გონებაში... იმდენი რამე მახსენდება... ალბათ, არც დროა ამისი და არც ადგილი... უბრალოდ, ხანდახან ვფიქრობ, ეს არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი, ქეთი არის უდიდესი ბედნიერება და სიყვარული არა მარტო ირინკასთვის და მისი ოჯახისთვის... ჩემთვისაც და ბევრი სხვისთვისაც. მოვიდა... გაგვივსო გულები სიყვარულით
და... წავიდა...
და გადაინაცვლა მარადიულობაში...
და კიდევ ერთი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს... რომ იქიდან ილოცოს ჩვენთვის....
და... აწი უკვე ვეღარ დაგვაშორებს მანძილი და კონტინენტები...
ის მუდამ ჩემთან იქნება... ჩემი პოზიტიური, კეთილი, თბილი და მუდამ მომღიმარი გოგო...
მიყვარხარ და მენატრები სიგიჟემდე....“

ოპერაციამდე ერთი დღით ადრე, 20 ივნისს ქეთის დედამ ირინა სიგუამ „ფეისბუკის“ პირად გვერდზე დაწერა:

„თანადგომა შეუფასებელია, სიტყვები არ მყოფნის, გამოვხატო მადლიერება თითოეული თქვენგანის მიმართ ამხელა მხარდაჭერისთვის. ყოველ წუთს ვგრძნობ ულევ სითბოს. იმედია, ხვალ ყველაფერი კარგად ჩაივლის და მალე დავბრუნდებით მე და ქეთი ერთად და ჯანმრთელად თბილისში. უღრმესი მადლობა“. 21 ივნისს ქეთის ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა, სამწუხაროდ, ოპერაციამ წარუმატებლად ჩაიარა...

გოგონა ისე დაკრძალეს, რომ დედამ მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა. ოპერაციის შემდეგ ქეთის დედის მდგომარეობაც დამძიმდა. არ ვიცით, დღეს რა ხდება, მაგრამ ვიცით, რომ ექიმები მის სტრესსა და ნერვიულობას მოერიდნენ და შვილის გარდაცვალების შესახებ არაფერი უთხრეს.

16 წლის ქეთი სიხარულიძე თბილისში ჩამოასვენებს და 29 ივნისს დაკრძალეს.

„პრაიმტაიმის“ რედაქცია იზიარებს თენგიზ სიგუას ოჯახის მწუხარებას და სამძიმარს უცხადებს ოჯახს მომხდარის გამო.



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100