სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„დღე ავტომობილების გარეშე“ - კახა კალაძემ საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ველორბოლაში მიიღო მონაწილეობა

“ჩვენს ქალაქს აქვს პოტენციალი იმისა, რომ ველოსიპედით გადაადგილება იყოს შესაძლებელი. ამისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს“ - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა პეკინზე მიმდინარე ველორბოლაზე გააკეთა, რომელშიც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად მონაწილეობდა.

ველორბოლა პეკინის ქუჩაზე ორგანიზაიამ - “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გამართა და საერთაშორისო დღეს - „დღე ავტომობილების გარეშე“ მიუძღვნა.

კახა კალაძის განცხადებით, პირადად არის დაინტერესებული ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვით და გუნდთან ერთად აქვს გეგმა, თუ როგორ განავითაროს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ქალაქში.

„ჩვენს ქალაქს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი იმისა, რომ ველოსიპედით გადაადგილება იყოს შესაძლებელი. ველობილიკების მოწყობა შესაძლებელია როგორც ცენტრალურ ქუჩებზე, ისე სკვერებსა და პარკებში. ვფიქრობ, ძალიან მალე გავუწევთ ველოსიპედს პოპულარიზაციას. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ყველა თაობისთვის და პირადად მე ვარ ამ საკითხით დაინტერესებული“ - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

ველორბოლა ახლადრეაბილიტირებული პეკინიდან დაიწყო. კახა კალაძემ პეკინის გამზირზე განხორციელებული მასშტაბური სამუშაოებისთვის თბილისის მერიას მადლობა გადაუხადა.

ველორბოლაში დღეს ველომოყვარულები, საჯარო პირები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

„დღე ავტომობილის გარეშე” 2000 წელს, ევროკომისიის მიერ დაარსდა და აქტიურად აღინიშნება ევროპისა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამ დღის მიზანია ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით მოქალაქეები გაუფრთხილდნენ გარემოს, ისარგებონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედითა და იარონ ფეხით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100