ნიკა რურუა: წერილი მაქვს, სადაც სტურუა ზაალ ჩიქობავას გათავისუფლებას მთხოვს...(განახლება: 18.09.11)

განახლებულია: 18.09.2011; 17:55 სთ-ზე.

გაზეთ "პრაიმტაიმში" ქვემოთმოყვანილი ინტერვიუს გამოქვეყნებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ რეჟისორმა რობერტ სტურუამ "ფეისბუქის" საკუთარ კედელზე გამოაქვეყნა ნიკოლოზ რურუასადმი გაგზავნილი წერილი, რომელზეც მანამ არაფერი უთქვამს, სანამ კულტურის მინისტრმა არ განაცხადა, რომ რეჟისორის წერილი შენახული აქვს. ამ ინტერვიუში მინისტრის მიერ მოყვანილი ფრაზები და რობერტ სტურუას მოთხოვნა ზაალ ჩიქობავას გადაყენების შესახებ თითქმის სიტყვასიტყვით მეორდება წერილში, რომელიც რობერტ სტურუამ გამოაქვეყნა (წერილის ფოტო სტატიას თან ერთვის).

"დიდხანს ვფიქრობდი დამედო ეს ჩემი წერილი "ფეისბუქზე" თუ არა, გადავწყვიტე, წაიკითხეთ და თავად განსაჯეთ", - წერს სტურუა "ფეისბუქზე".

წერილის სრული ტექსტი ასე გამოიყურება:

"50 წელია, ვმუშაობ რუსთაველის თეატრში და ჩემს თვალწინ ჩაიარა მსახიობთა და დირექტორთა, ანუ მმართველთა სოლიდურმა ჯგუფმა. ამ ხნის მანძილზე ჩამოყალიბდა რუსთაველის თეატრის სახე, ესთეტიკა და ჩვენმა თეატრმა საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიოს თეატრალურ სივრცეში. ჩვენი ცხოვრების ურთულეს პერიოდშიც - 90-იან წლებში ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა. რა თქმა უნდა, წარმატებას მარცხიც ახლდა, მაგრამ რუსთაველის თეატრი ინარჩუნებდა სათანადო დონეს.

ბოლო სამი წლის მანძილზე თაობების მიერ დღემდე სიმწრით მოტანილი სახელი საფრთხის წინაშე დადგა. რეპერტუარში მომრავლდა უღიმღამო, არაფრისმთქმელი სპექტაკლები. ერთ-ორი ახალგაზრდა რეჟისორის გარდა, ვერავინ შესძლო მიახლოვებოდა იმ მოთხოვნებს, რომელსაც რუსთაველის თეატრი აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობები თითქოს დაკავებულები არიან, სცენაზე დგანან, თანდათან კარგავენ პროფესიულ ჩვევებს. ძალიან ძნელი ასატანია ჩემთვის ვუყურო, თუ როგორ აივსო თეატრის ადმინისტრაცია, პიარისა და მარკეტინგის სამსახური ადამიანებით, რომლებსაც წარმოდგენა არა აქვთ საერთოდ ხელოვნებაზე და კონკრეტულად თეატრზე. მთელ ამ უბედურებაში ბრალი მეც მიმიძღვის, მაგრამ რა ვქნა - არ შემიძლია და არც არასდროს შემეძლო ხმალამოღებულს მებრძოლა თვითდაჯერებულ უგუნურებასთან, და ამიტომ ერთადერთ გამოსავალს ვხედავ. თეატრში ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. მე მარტო, რა თქმა უნდა, ვერაფერს გავხდები და მინდა, მხარში მედგეს გამჭრიახი ადამიანი, რომელმაც კარგად იცის რუსთაველის თეატრის ჭირ-ვარამი და ბოლომდე გააცნობიერებს, რა უნდა გაკეთდეს მომავლისთვის, ხოლო რაც შეეხება დღევანდელ მმართველს (შეგახსენებთ, რომ მის დანიშნვნაში დიდი წვლილი მიმიძღვის), მისმა მოღვაწეობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მსახიობი არ შეიძლება, თეატრის სათავეში იდგეს. მსახიობობა შესანიშნავი პროფესიაა და ვერაფერს ითავსებს. ასეთი შემთხვევები ადრეც ყოფილა და კარგი არაფერი მოუტანია.

თუ თქვენ არ დამეთანხმეთ და ჩემი თხოვნა სამართლიანად არ მიიჩნიეთ, გამოსავალი აქაც არსებობს. 72 წლის რეჟისორი სევდიანად, მაგრამ მშვიდად დატოვებს რუსთაველის თეატრს.

P.S. თუ თქვენ ჩემს წინადადებას მისაღებად მიიჩნევთ, თანახმა ვარ, ვიკისრო მძიმე ტვირთი და შევითავსო მმართველის თანამდებობა (შეგახსენებთ, რომ ერთდროულად სამხატვრო ხელმძღვანელად და დირექტორად მუშაობის საკმაო გამოცდილება მაქვს).

პატივისცემით, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა".

"პრაიმტაიმის" ექსკლუზიური ინტერვიუ ნიკოლოზ რურუასთან:

ის, რაც რობერტ სტურუას არ უთქვამს არც ხმამაღლა და არც პირად საუბრებში: რატომ დასჭირდა მეოცე საუკუნის გენიალურ რეჟისორს ქსენოფობიური განცხადებების გაკეთება, როგორი ურთიერთობები ჰქონდა მას კულტურის მინისტრთან, ნიკა რურუასთან და რას ითხოვდა ის რამდენიმე თვის წინ კულტურის მინისტრისგან:

„პრაიმტაიმის“ შეკითხვებს კულტურის მინისტრი, ნიკა რურუა პასუხობს:

– ბატონო ნიკა, თქვენს გადაწყვეტილებას რობერტ სტურუას თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე, ორგვარი ახსნა მოუძებნეს. პირველი – რობერტ სტურუა გაათავისუფლეს პოლიტიკური შეხედულებების გამო, მეორე – რობერტ სტურუას ჰქონდა კრიზისი და მან გაითამაშა მისთვის სასარგებლო როლი. მას სურდა, მისთვის სასარგებლო სიტუაციაში წასულიყო?

– ჩემი აზრით, არც ერთია მართალი და არც მეორე. გეტყვით, რატომაც. სტურუა თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო არ არის გათავისუფლებული. ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და აქ გამორიცხულია ასეთი რაღაცების კეთება. ამას მოწმობს ისიც, რომ სტურუა დიდი ხანია, გამოთქვამს საკუთარ შეხედულებებს, უშვერი სიტყვებით ლანძღავს მთავრობას, მაგრამ არავის მოსვლია თავში აზრად, რომ გაეთავისუფლებინა. სამწუხაროდ, ჩვენში ეს უხამსად ხდება და პოლიტიკურ ოპონენტებს ძალიან შეურაცხყოფენ. რაც შეეხება მის დადგმულ სპექტაკლს, მე არავის სპექტაკლში არ ვმონაწილეობ. მაქვს ჩამოყალიბებული აზრი, რომ სხვის სპექტაკლებში, არც მთავარ და არც მეორეხარისხოვან როლებში, არ ვმონაწილეობ. შეიძლება ვიღაცას ჰგონია, რომ სტურუამ სპექტაკლი გაითამაშა, მაგრამ სინამდვილეში ის ქსენოფობიური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს.

ეს ქსენოფობიური კამპანია მან რამდენიმე თვის წინ დაიწყო და მის ტირაჟირებას მეთოდოლოგიურად ახდენდა. ის წლების განმავლობაში აკეთებდა ასეთ განცხადებებს, მაგრამ სტურუა არათუ გაგვითავისუფლებია, არამედ 2-ჯერ მოვუმატეთ ხელფასი. მას თვეში 6250 ლარი ჰქონდა, მაშინ როცა მმართველ ზაალ ჩიქობავას 2400 ლარი აქვს.

ასე რომ, პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია. ეს რიტორიკა არის ის, რაც ძალიან უნდა ჩვენს დაუძინებელ მტერს. დაუძინებელ მტერში პუტინის რუსეთს ვგულისხმობ. მათი საოცნებო სცენარია, რამენაირად გააუცხოონ ჩვენი მოძმე ერი და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობა. მე არ ვიცი, ეს რიტორიკა სტურუას მხრიდან შეგნებულად ხორციელდებოდა თუ შეუგნებლად, ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ იმის დემონსტრირებისთვის, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ პოზიციას, სტურუა არ უნდა იკავებდეს იმ თანამდებობას, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. ის აღარ იქნება სამხატვრო ხელმძღვანელი, მას შეუძლია, ყველგან დადგას სპექტაკლები, მას ამისთვის არანაირი ნებართვა არ სჭირდება. რეჟისორობას საქართველოში არავინ არავის უკრძალავს.

– საერთოდ არის რაიმე ცენზურა, რაფაბულის სპექტაკლი უნდა დაიდგას?..

– არა. ჩვენი მთავარი იარაღი გამჭვირვალობაა და სურვილი გვაქვს, სისხლსავსე დემოკრატია გვქონდეს. დემოკრატია თავისთავად ძალიან მყიფე იდეოლოგიაა, თუ მას სხვა დემოკრატიები არ უჭერენ მხარს. ჩვენი ბედი დაკავშირებულია სხვა დემოკრატიებთან. ჩვენთვის ყველანაირი ცენზურა გამორიცხულია, ყველაფერი დღესავით ნათელია. ჩვენ ყველა ეთნიკურ უმცირესობას პატივს ვცემთ, ისინი ოდნავაც არ უნდა გავაუცხოოთ.

– ეს მინიშნებაა თუ ერთგვარი ბრალდება, რომ სტურუა, ნებსით თუ უნებლიეთ, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს?

– მე პროფესიით ფსიქოთერაპევტი არ ვარ და ადამიანის ფსიქოთერაპიით ვერ დავკავდები. ერთი რამ ვიცი, ასეთ განცხადებებს მწვანე შუქი არ უნდა ავუნთოთ. ნებსით აკეთებს თუ უნებლიეთ, ეს თავად სტურუას უნდა ჰკითხოთ.

– თქვენ რას უკავშირებთ?

– არ ვიცი, ვერ გეტყვით, ადამიანი, რომელიც თავის საუკეთესო სპექტაკლში სიკეთეზე ქადაგებს, თესავს სიძულვილს.ჩემთვის ძალიან ძნელი გასაგებია, რატომ აკეთებს ის ამას. რომელ შემთხვევაშია გულწრფელი?

– რომელია თქვენთვის ყველაზე საყვარელი სპექტაკლი?

– სტურუას რეჟისორობით?

– დიახ.

– „კავკასიური ცარცის წრე“ ძალიან მომწონდა და დღესაც ძალიან მიყვარს. „მეფე ლირი“. „გოდოს მოლოდინში“ ვნახე და ძალიან მოსაწყენი მეჩვენა. წარსულში და თუნდაც აწმყოში კარგი რეჟისორობა არ იძლევა იმის ლიცენზიას, რომ ეროვნულ უმცირესობას თავი მეორეხარისხოვან ადამიანებად ვაგრძნობინოთ. ერების დაყოფა კარგებად და ცუდებად ისევე ცუდია, როგორც ადამიანების კლასებად დაყოფა. ამას აკეთებდნენ ბოლშევიკები და ნაცისტები, კაცობრიობამ ეს უკვე გაიარა და საკმაოდ დიდი ფასიც გადაიხადა. არ არსებობენ კარგი და ცუდი ერები, არსებობენ კარგი და ცუდი ადამიანები. როდესაც ეროვნებას მოიხსენიებ, როგორც დამამცირებელ ეპითეტს, მახასიათებელს, ბუნებრივია, შენ თესავ სიძულვილს.

– ამ განცხადებების შემდეგ სტურუას შეხვდით?

– ამ განცხადებების შემდეგ არ შევხვედრივარ და არც მქონია ამის არანაირი სურვილი, რადგან ვხედავდი, რომ ეს კაცი მიზანმიმართულად აკეთებდა რასისტულ განცხადებებს. მანამდე ბევრჯერ შევხვედრივარ, ერთად გვისადილია და გვისაუბრია კიდეც ბევრ თემაზე.

– შეგიმჩნევიათ მაშინ რამე?

– არაფერი მსგავსი. პოლიტიკური ოპონენტი იყო, მაგრამ ამაში ცუდი არაფერია.

– თვალში მომხვდა ის, რომ მიტინგზე არ იყო ახალი თაობა. თქვენი აზრით, არსებობს გარკვეული გაუცხოება ან დისტანცირება სტურუას მიმართ?

– არ ვიცი, ვერ გეტყვით. მე ვმუშაობდი, საკმაოდ ბევრი ხალხი მყავდა. არც დრო და არც იმის სურვილი მქონია, გამერკვია, რა თაობის ხალხი იყო მოსული. ბუნებრივია, მას ჰყავს ახლობლები და ნათესავები, რომელთაც უყვართ ეს ადამიანი და გულშემატკივრობენ. ბუნებრივია, მისი ახლობლები ხვდებიან, რომ ამ ადამიანმა თავისი მოღვაწეობის არასწორ ფაზაში შეაბიჯა. მაგრამ ისეთი მარგინალური პოლიტიკოსები, როგორებიც არიან გოგა ხაინდრავა, ნინო ბურჯანაძე... ასეთი ტიპაჟების გამოჩენა ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ეს მხოლოდ მარწმუნებს, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება.

– როგორ შეაფასებთ მის ნაბიჯს, თუ ის რუსეთში წავა?

– ეს მისი გადასაწყვეტია. მას აბსოლუტური თავისუფლება აქვს.

– თქვენთან საუბრის დროს, ხომ არ წამოუჭრია სტურუას ისეთი საკითხი, რომლის წინააღმდეგაც წასულხართ – იგივე თეატრის განვითარების საკითხში?

– სხვათა შორის, თეატრის მუშაობა ძალიან მოიკოჭლებდა, თუმცა ეს არ არის ის მიზეზი, რის გამოც ის გათავისუფლდა.

– ამ თემაზეც გისაუბრიათ, რომ თეატრი მოიკოჭლებდა?

– მისაუბრია და თვითონაც უკმაყოფილო იყო თეატრის მუშაობით და ამას აბრალებდა არა საკუთარ თავს, არამედ სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა საკითხში. მან ითხოვა ჩიქობავას გათავისუფლება. წერილით მომმართა, რომელიც შენახული მაქვს. მან განაცხადა, რომ თვითონ უკეთესად შეითავსებდა ორივე პოსტს.

– ასეთი რამ თეატრების ისტორიას ახსოვს?

– მე ამაზე უარი ვუთხარი. რაზეც მომწერა, რომ, თუ არ დავეთანხმებოდი, ის, ციტირებას ვახდენ, „სევდიანად წავიდოდა თეატრიდან“. ამ წერილიდან 6-7 თვე გავიდა, მაგრამ მისი განთავისუფლება არც მიფიქრია.

– ანუ მას უნდოდა, ყოფილიყო თეატრის ერთპიროვნული მმართველი?

– ეს მესამეხარისხოვანი ამბავია. მე პირადად ბატონ სტურუასთან ძალიან ნორმალურად ვიყავი, სანამ ის ქსენოფობიური განცხადებების კეთებას დაიწყებდა.

– მმართველსა და სტურუას შორის კონფლიქტი არსებობდა?

– მე ვერ გეტყვით, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ჩემამდე ეს ამბავი არ მოსულა. სუფრაზე ბევრჯერ ერთად ვყოფილვართ.

– ჩიქობავასთვის ეს ამბავი ცნობილია?

– არ ვიცი, ვერ გეტყვით, ეს მას უნდა ჰკითხოთ.

ქეთი ხატიაშვილი, "პრაიმტაიმი".

კომენტარი