Irene ჩრდილოეთ კაროლინაში პირველ კვალს ტოვებს და ვაშინგტონისკენ მიიწევს

“აირინმა” შაბათს დილიდან უკვე “მოიარა” ჩრდილოეთ კაროლინა. 17 საათისთვის (თბილისის დროით 28 აგვისტოს ღამის 01.00სთ.) ქარიშხლის ეპიცენტრი ვირჯინიის შტატის დასახლებულ პუნქტ ნორფოლკიდან სამხრეთ-სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 50 მილზე იყო.

ტროპიკული ქარიშხალი ძალას იკრებს და ჩრდილოეთისკენ ინაცვლებს. კვირას, საღამოს საათებში მას უკვე ვაშინგტონში ელოდებიან. მერილენდისა და დელავერას სანაპირო ზოლი წყალდიდობის პოტენციური საფრთხის წინაშე დგას. “აირინის” ჩრდილოეთის მიმართულებით გადაადგილების გამო ამ ტერიტორიაზე ტალღების სიმაღლე მატულობს და უკვე 19 ფუტს (5,8 მეტრი) გადააჭარბა. ქარიშხლის მაქსიმალური სიჩქარე ამ დროისთვის საათში ასი მილია (72 მ/წმ). გადაადგილებისას “აირინი” რამდენიმე წამში გლეჯს მიწიდან მრავალწლიან ხეებსა და ელექტროენერგიის სადენების ბოძებს.

აღმოსავლეთის დროით დაახლოებით დილის 7:30-ზე ქარიშხალმა ჩრდილოეთ კაროლინას მიაღწია და ელექტროენერგიის გარეშე დატოვა 200 ათასი ადამიანი. უკვე საღამოს ვირჯინიის შტატში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა დაახლოებით 500 ათასი მოქალაქე.

თავის მიმართვაში აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანმა ჯანეტ ნაპოლიტანომ განაცხადა, რომ ქარიშხალი “აირინი” “დიდი და საშიში შტორმია” და სანაპიროს მოსახლეობას მოუწოდა, მას სრული სერიოზულობით მოეკიდონ.

თავდაცვის მინისტრმა, ლეონ პანეტამ 6.500 მოქმედი სამხედრო მოსამსახურისთვის განკარგულება გასცა, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი საგანგებო სიტუაციის ზონებში გაემგზავრონ და სამაშველო სამსახურებთან ერთად კოორდინირებულად იმოქმედონ მოსახლეობის დასახმარებლად.

კომენტარი