სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მისვამდნენ პოლიტიკურ კითხვებს, აინტერესებდათ, ვიცნობდი თუ არა სააკაშვილს" - უკრაინაში საქართველოს მოქალაქეებს არ უშვებენ

ის ფაქტი, რომ უკრაინის საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებს არ უშვებენ, ახალი აღარ არის ჩვენი საზოგადოებისთვის. უამრავი ადამიანი სოციალურ ქსელში გამოთქვამს თავის უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ მესაზღვრეებს აეროპორტში ჩასული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დაკითხვაზე გადაჰყავთ და შემდეგ უკან აბრუნებენ. არასამთავრობო ორგანიზაციის „თავისუფალ მოქალაქეთა გაერთიანების“ პრეზიდენტი გიორგი ფხალაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს სტატუსს, რომელშიც სწორედ ამ პრობლემის შესახებ წერს:

ამ წუთებში ვიღებ ინფორმაციას უკრაინიდან.. აეროპორტიდან დაადეპორტეს იქ ჩასულ საქართველოს მოქალაქეების ნახევარზე მეტი. დაკითხვაზე გადაიყვანეს ბევრი მათგანი და დაუსვეს პოლიტიკური ხასიათის კითხვები. გუშინ და გუშინწინ უფრო მეტი ადამიანი არ შეუშვიათ ქვეყანაში. არიან ბავშვებიც და ავადმყოფებიც.. მესაზღვრეები არ განმარტავენ რა მიზეზით აბრუნებენ ხალხს უკან. თუ ზედმეტ კითხვებს დასვამთ დაგაკავებთ ოთახშიო”.

ამ საკითხთან დაკავშირებით დრონი.ჯი დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარისთვის:

„მოგეხსენებათ უკრაინაში არსებული ვითარება - შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია და თავას უკრაინის შესაბამისი სამსახურები იღებენ გადაწყვეტილებას უშუალოდ საზღვარზე. საქართველოს საელჩოს ჰქონდა ამ ტემასთან დაკავშირებით საჭიროების შესაბამისი კომუნიკაცია, ელჩმა ამ ფაქტთან დაკავშირებით უკვე გააკეთა კიდეც განცხადება, თუმცა უკრაინის სუვერენული უფლებაა ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე დაიცვას სახელმწიფოს უსაფრთხოება და ასეთ შემთხვევაში ვერ შეედავები. ჩვენი საელჩო კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს და აწარმოებს შესაბამის სამუშაოებს უკრაინასთან. საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირები მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს არ ექმნებათ პრობლემა, იქ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ადამიანებსაც შეექმნათ გარკვეული ბარიერები, ჩვენ კი ჩვენის მხრივ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების მხრივ ვთავაზობთ მხარდაჭერას, საკონსულო მზადაა თითოეულ მოქალაქეზე იზრუნოს და კონკრეტულ შემთხვევებზე გარკვეული რეაგირებაც მოახდინოს“ - განგვიცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დრონი.ჯი ასევე დაუკავშირდა ტურისტული საგზურით წასულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ შეუშვეს საზღვარზე და ის აცხადებს, რომ ყველაფერი იქ არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას უკავშირდება:

-ამ წუთებში უკვე საქართველოში ვიმყოფები. როცა ჩავედი და გავდიოდი საბაჟოს, ბარგი ჩამოგვართვეს, გადაგვიყვანეს სპეციალურ ოთახში, სადაც დაკითხვის რეჟიმში ვიმყოფებოდი, აინტერესებდათ რა იყო ჩემი უკრაინაში ჩასვლის მიზეზი, ვიცნობდი თუ არა სააკაშვილს, რა აზრის ვარ პოლიტიკაზე და რომელ პოლიტიკურ მიმართულებას ვემხრობი, რა ინტერესი გამაჩნია და ა.შ. საბოლოოდ ჩემი ერთი მეგობარი შეუშვეს ქვეყანაში, დანარჩენები გამოგვიშვეს უკან, მიზეზად კი არასაკმარისი თანხა დასახელდა ჩვენს პირად ანგარიშებზე.

-სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც თუ აღმოჩნდნენ იგივე პრობლემის წინაშე?

-მე მხოლოდ ერთ სირიელს გამოველაპარაკე, რომელმაც მითხრა, რომ საბუთებში აღმოაჩნდა გარკვეული პრობლემები, ძირითადად მაინც ქართველებს ვეკონტაქტებოდი და იქიდან უმეტესობა არ შეუშვეს საზღვარზე. რაიმე კონკრეტულ მიზეზს არ ამბობენ, თუ დაინტერესდი და ზედმეტი კითხვები დაუსვი, გემუქრებიან დადეპორტებით, გვაფრთხილებდნენ, რომ ზედმეტი კითხვები არ დაგვესვა, თუ გვინდოდა, რომ უკიან დეპორტით არ დავბრუნებულიყავით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100