ბარაკ ობამამ "აირინზე" ისაუბრა და შედეგები შეაჯამა

28 აგვისტოს, სპეციალურ მიმართვაში, ბარაკ ობამამ ამერიკელებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხალი შესუსტდა, საშიშროება სრულად არ არის გადავლილი, ხოლო მისი შედეგები კიდევ საგრძნობი იქნება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. - “ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა”, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.


“ასოშიეტედ პრესი” იტყობინება, რომ ობამამ ხაზი გაუსვა საგანგებო სიტაუაციათა მართვის ფერედალური სააგენტოს (FEMA) მუშაობას და აღნიშნა: რომ არა ამ სააგენტოსა და სხვა სამსახურების ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედება, მსხვერპლი ბევრად მეტი, ნგრევა კი უფრო მასშტაბური იქნებოდა.

ბარაკ ობამა წუხს, რომ წყალდიდობის გამო უამრავი ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი. - “აღდგენას რამდენიმე კვირა, შესაძლოა, მეტიც დასჭირდეს”, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.


29 აგვისტოს, დილიდან. ნიუ-იორკსა და ბოსტონში ისევ ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ხვალვე, დილის 6 საათიდან გაიხსნება აეროპორტები JFK და Newark, ხოლო LaGuardia მუშაობას დილის 7 საათიდან განაახლებს. 28 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 15 საათზე ნიუ-იორკის მერმა, მაიკლ ბლუმბერგმა ქალაქის დაბლობი ნაწილიდან ყველა ევაკუირებულს თავიანთ სახლებში დაბრუნების ნება დართო.


თავდაპირველად გამოცხადდა, რომ სტიქიას 10 ადამიანი ემსხვერპლა, შემდეგ ეს რიცხვი 15-დე ავიდა, ახლა კი უკვე ოფიციალურად დასახელდა, რომ აშშ-ში “აირინმა” 18 ადამიანი შეიწირა.


“აირინი” ქარიშხლიდან ტროპიკულ შტორმად მას შემდეგ გადაკვალიფიცირდა, რაც მან ძალა დაკარგა. ნიუ-იორკში მისმა სიჩქარემ, მოსალოდნელი 140 კმ/სთ-ს ნაცვლად, მხოლოდ 94 კმ/სთ შეადგინა. 29 აგვისტოს, 01.00 საათზე თბილისის დროით, მისი ეპიცენტრი მასაჩუსეტსისა და ნიუ-ჰემფშირის შტატებს შორის მდებარეობდა. შტორმი ჩრდილოეთი-ჩრდილოეთი-აღმოსავლეთი მიმართულებით, 41 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა და ქარის სიჩქარე ეპიცენტრში 80 კმ/სთ-ს შეადგენდა.

კომენტარი