სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკელი მუსულმანები საბავშვო გასაფერადებელი წიგნის გამოცემამ აღაშფოთა

აშშ-ის წიგნების მაღაზიათა ქსელში უკვე გამოჩნდა საბავშვო გასაფერადებელი წიგნი “ჩვენ არასდროს დავივიწყებთ 9/11” ("We shall never forget 9/11"), რომელმაც ამერიკელი მუსულმანების აღშფოთება გამოიწვია. ამის შესახებ “ფრანს-პრესი” იტყობინება.

“ეს შემზარავია”, - თქვა სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში დაუდ ვალიდამ, რომელიც ამერიკულ-ისლამური ურთიერთობის მიჩიგანის შტატის განყოფილებას ხელმძღვანელობს. “ფრანს-პრესის” რესპოდენტი ამბობს, რომ წიგნში მუსულმანთა და ისლამის ყოველ ხსენებას თან ახლავს სიტყვები: “ტერორისტი” და “ექსტრემისტი”.

მისივე თქმით, წიგნში არაფერია ნათქვამი იმ მუსულმანებზე, რომლებიც ტერაქტს შეეწირნენ და არც იმაზე, რომ იმ ადამიანთა უმრავლესობა, ვინც ისლამის მიმდევარია, ტერორიზმს და ტერორისტებს გმობს. ვალიდის თქმით, წიგნის გაცნობის შემდეგ ნებისმიერ ბავშვს დარჩება შთაბეჭდილება, რომ მუსულმანები ცუდი ხალხია და მათ უნდა მოერიდოს.

გამომცემლობა Really Big Coloring Books-ში კი, სადაც ზემოთხსენებული გასაფერადებელი წიგნი გამოსცეს, ასე არ ფიქრობენ. უეინ ბელმა, გამომცემლობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, “ფრანს-პრესს” განუცხადა: “ეს არის წიგნი 19 ტერორისტზე, რომელმაც 3 ათასზე მეტი ადამიანი მოკლა. და ისე მოხდა, რომ ის ადამიანები, ვინც იმ დღეს თვითმფრინავების მიმართულებას განსაზღვრავდნენ, რადიკალ-ისლამისტები იყვნენ, რაც წიგნში აისახა კიდეც. სულ ეს არის”.

მანვე განაცხადა, რომ სანამ წიგნის გამოცემას გადაწყვეტდნენ, სოციოლოგიური კვლევის ჯგუფმა მშობლებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და მათ ცალსახად მიანიშნეს, რომ არ სურდათ, წიგნი პოლიტკორექტული ყოფილიყო, ან ისეთი შინაარსის, რომელიც მომხდარს შედარებით მსუბუქად დახატავდა.

დაუდ ვალიდა და მისი თანამოაზრეები გამომცემლობას ბრალს სდებენ, რომ იგი წიგნის გამოცემას პოლიტიკური პროპაგანდის იარაღად იყენებს. გამომცემლობის წარმომადგენლები კი აღნიშნავენ, რომ მუსულმანების მხრიდან უკმაყოფილების გამოხატვამ დადებითად იმოქმედა “ჩვენ არასდროს დავივიწყებთ 9/11”-ის გაყიდვის პროცესზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100