სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვის და რატომ უნდა მოეკლა საქართველოში ჩამოსული ხრუშჩოვი?

ხრუშჩოვზე თავდასხმა

საქართველოს, მართლაც, ღვთის რისხვაზე უარესი დაატყდებოდა თავს, თუკი სტუმრად ჩამოსულ ხელისუფლების მეთაურს აქ ბუზიც კი აუფრინდებოდა.

თუმცა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების დამცველთა ფხიზელ თვალს რა გამოეპარებოდა...

1960 წლის 14 დეკემბერს დაპატიმრებულ იქნა სამი ეჭვმიტანილი: შოთა (ოთარ) ბიქტორის ძე მექვაბიშვილი, ალბერტ (ალეკო) შალვას ძე მელაძე და აბრამ (აბრეკი) შაბათის ძე ბათოშვილი. 1961 წლის თებერვალში მათ კიდევ ერთი თანამოაზრე, აკაკი პლატონის ძე მდინარაძე, შეემატათ.

გამოძიებით დადასტურდა სამართალდამცავთა ეჭვი: ანტისაბჭოურად განწყობილ ეჭვმიტანილებს, შინაგანი და საგარეო პოლიტიკის შეცვლის მიზნით, გადაწყვეტილი ჰქონდათ საბჭოთა მეთაურის ლიკვიდაცია.

ხრუშჩოვის საქართველოში სტუმრობა კი დაგეგმილი იყო 1961 წლის თებერვალში საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისა და საქართველოს კომპარტიის შექმნის მე-40 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო დღესასწაულზე.

ტერორისტული დაჯგუფების დაარსების ინიციატორი იყო შ. მექვაბიშვილი, რომელიც 1960 წლის ივნისში მიზანმიმართულად დაუკავშირდა ციხეში გაცნობილ ა. მელაძეს და გააცნო თავისი ჩანაფიქრი. საბჭოთა ხელისუფლების სიძულვილით განმსჭვალულ ა. მელაძეს შ. მექვაბიშვილის იდეა ჭკუაში დაუჯდა. მოილაპარაკეს, გაეზარდათ თანამზრახველთა რაოდენობა. თითოეულს 2-3 სანდო პირი მაინც უნდა მოეძებნა. მიზნის მისაღწევად შეარჩიეს ფეთქებადი საშუალება – ბომბი.

ა. მელაძე დაუკავშირდა თავის მეგობარ ა. ბათოშვილს. ისინი შრომა-გასწორების კოლონიაში ერთად იხდიდნენ სასჯელს. ა. მელაძემ დაიყოლია ა. ბათოშვილი ბოროტმოქმედებაში მონაწილეობაზე.

შ. მექვაბიშვილმა ტერაქტის მოწყობის შესახებ განზრახვა გააცნო თავის შორეულ ნათესავ ა. მდინარაძეს, რომელსაც დაევალა ბომბის კორპუსის დამზადება.

გეგმის მიხედვით, თავდასხმა განხორციელდებოდა ქვეყნის მეთაურის ქუჩაში მოძრაობის დროს. პირველი გასროლა მოხდებოდა დაცვის ყურადღების მისაქცევად, ხოლო მეორე – მიზანში. შეთქმულებმა იმსჯელეს აქტის ჩადენის შემდეგ მიმალვისა და მომხდარის შესახებ ეთერში გადაცემის საკითხებზე...

თითქოს ყველაფერი აწონ-დაწონეს და დეტალებში გათვალეს, მაგრამ მათი ქმედება, ფაქტობრივად, საუბარს ვერ გასცდა. გადაწყვეტილებების პრაქტიკულად განხორციელება მათ ვერ შეძლეს. სამაგიეროდ „კგბ“-ს თანამშრომლებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ მათი საეჭვო შეხვედრები და ფუსფუსი. შედეგმაც არ დააყოვნა: ოთხივე სამსჯავრო სკამზე აღმოჩნდა.

თავდაპირველი განაჩენი სასტიკი იყო: შ. მექვაბიშვილს დახვრეტა მიესაჯა, ა. მელაძეს - 15 წელი, ა. ბათოშვილს - 10 წელი, ა. მდინარაძეს - 10 წელი.

მოგვიანებით, მსჯავრდებულთა და მათი დამცველების თხოვნა-საჩივრებისა და პროტესტების შემდეგ, ბრალდებულებს სასჯელის ზომა შეუმცირდათ და ბოლოს გათავისუფლდენენ კიდეც ბრალეულობის გადაკვალიფიცირების გამო.

ფაქტობრივად, შ. მექვაბიშვილის ჯგუფის წევრებს ტეორისტული აქტის ჩასადენად არავითარი დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდენიათ და არც იარაღი ან სხვა ფეთქებადი საშუალებები ჰქონიათ შეუძენილი. ისინი მხოლოდ მსჯელობდნენ, თუ როგორ შეძლებდნენ ტერორისტული აქტის ჩადენას.

მაგრამ ჩნდება კითხვა: რამ მიიყვანა ისინი ამ გადაწყვეტილებამდე?

პასუხისათვის მხოლოდ ა. მელაძის განცხადებაც საკმარისია, რომელშიც ავტორი აღწერს საბჭოთა ხელისუფლების მიერ განწირული კაცის ცხოვრებას. კაცის, რომელსაც თანამდემდებობაზე მომუშავე მამა, შემდეგ კი დედა დაუპატიმრეს, თვითონ იდევნებოდა, რადგან „მშობლები დაპატიმრებული ჰქყავდა“, ხოლო როცა მათ რეაბილიტაციაზე მიდგა საქმე, არც ეს აღირსეს, თურმე მისი მამა „ჩეკისტი“ ყოფილა.

ცხოვრებაში მას მუდამ გადაულახავი დაბრკოლებები და წინააღმდეგობები ხვდებოდა... ციხეშიც კი მოხვდა... გათავისუფლების შემდეგაც გაუთავებლად განიცდიდა უსამართლო წარულის მძიმე ხვედრს. მის „გამოსწორებას კი არავინ ცდილა, მხოლოდ დასაჯეს და დასაჯეს სასტიკად“.

archive.security.gov.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100