სომხეთის საგზაო პოლიციის უფროსი დააკავეს

სომხეთში, ქვეყნის საგზაო პოლიციის უფროსის, პოლკოვნიკ მარკარ ოგანიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. იგი საწვავის მითვისებაშია ეჭვმიტანილი.

Armenia Today, სომხეთის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება რომ ოგანიანი სამშაბათს დააკავეს.

დამნაშავის კვალზე გასვლა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 26 აგვისტოს სომხეთის საგზაო პოლიციის ოფიცერთა ბატალიონის მეთაური, პოლკოვნიკი სტეფან კარახანიანი დააკავეს. იგი იმავე ბრალდებით აიყვანეს, რითაც ოგანიანი.

გამოძიების მონაცემებით, პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა 277 ათასი ლიტრი ბენზინი, ხოლო საწვავის 60%, რაც 156 ათას ლიტრს შეადგენს, პოლკოვნიკმა მიითვისა.

პოლკოვნიკს ბრალად ედება სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 308–ე და 179–ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, დიდი თანხის მითვისებასა და გაფლანგვას.

სომხეთის პოლიციის უფროსმა ალიკ სარქისიანმა განაცხადა, რომ თუ ოგანიანის ძარცვის საქმეში მონაწილეობა დამტკიცდება, ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცემა ისევე, როგორც რიგითი მოქალაქე – „თუ ძიების დროს, დამტკიცდება, რომ საგზაო პოლიციის მეთაურმა იცოდა ძარცვის შესახებ და დუმდა, მარკარ ოგანიანი დაისჯება“.

კომენტარი