„პლანეტის მწვანე ფილტვები“ - ჟურნალისტებმა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ეზოში ხეები დარგეს

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღის მიზანი საზოგადოებაში აღნიშნული დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. 22 მარტს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ეროვნულ ცენტში გაიმართა მასმედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრა. აქციის „პლანეტის მწვანე ფილტვების“ ფარგლებში ჟურნალისტებმა საკუთარ სახელზე თითო ხე დარგეს ცენტრის ტერიტორიაზე.

ტუბერკულოზი საშიშ სოციალურ დაავადებას წარმოადგენს და მის დასამარცხებლად საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო. განსაკუთრებული როლის შესრულება კი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შეუძლიათ.

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი:

მოგეხსენებათ, 24 მარტი გახლავთ ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე. ეს დღე დაწესდა რამდენიმე ათეული წლის წინ მეცნიერ რობერტ კოხის პატივსაცემად, რომელმაც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს აღმოაჩინა ტუბერკულოზის გამომწვევი ჩხირი, რომელსაც კოხის ჩხირს ვუწოდებთ. ამ დღის მიზანია ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში - რა არის ტუბერკულოზი, როგორ ვითარდება ეს დაავადება. ის არის სრულად განკურნებადი, თუ ჩვენ ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩენთ. სამწუხაროდ ტუბერკულოზი ჯერ კიდევ გლობალური პრობლემაა, ყოველწლიურად ათი მილიონი ადამიანი ავადდება ამით, აქედან დაახლოებით მილიონი იღუპება გართულების შემთხვევაში. განსაკუთრებით მაღალი დატვირთვის ქვეყნები არიან ინდოეთი, პაკისტანი, ჩინეთი. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ჩვენ გვაქვს სერიოზული პროგრესი - ახალი შემთხვევების რიცხვი მოდის ქვემოთ, თუმცა ჯერ კიდევ შორს ვართ ევროკავშირის მაჩვენებლისგან. ამასთან დაკავშირებით საჭიროა სერიოზული მუშაობა. მის გამოკვლევასა და მკურნალობას სახემწიფო სრულად აფინანსებს. გასულ წელს გავხსენით ბავშვთა განყოფილება და ჩვენი პატარები კარგ პირობებში გადიან მკურნალობას. საერთო ჯამში ჩვენ გვაქვს განკურნების 85%-ანი მაჩვენებელი.

ზაზა ავალიანი, პროფესორი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი:

ტუბერკულოზთან ბრძოლის კვირეულთან დაკავშირებით ტარდება ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით. აქტიურად არის ჩვენი ცენტრი ჩართული ამ ღონისძიებებში. ტუბერკულოზი არ არის მხოლოდ სამედიცინო პრობლემა, ის მთელს სოციუმს მოიცავს, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენმა საზოგადოებამ უფრო მეტი იცოდეს ამ დაავადების შესახებ. სახელმწიფოს აქვს ყველა რესურსი მკურნალობის პროგრამის ეფექტურად განხორციელებისათვის, თუმცა გაუცნობიერებლობის პრობლემა საზოგადოების მხრიდან ისევ რჩება სამწუხაროდ, ძალიან ხშირია შეწყვეტილი მკურნალობები, დაგვიანებული მიმართვები. ტუბერკულოზი ისეთი სენია, რომელსაც თავიდანვე უნდა სწორად მკურნალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოგვცემს შეუქცევად შედეგებს. დაავადების ყოველი მეხუთე შემთხვევა არის ფილტვგარეშე ფორმები - ძვალსახსრების ტუბერკულოზი, საშვილოსნოს ტუბერკულოზი, საჭმლის მომნელებელი სისტემის ტუბერკულოზი ასევე ხშირია, კანისა და ქუთუთოების ტუბერკულოზი. პრაქტიკულად ყველა ორგანოზე შეიძლება ამ დაავადების გაჩენა. არსებობს ასევე ტუბერკულოზური მენინგიტი, ამ დროს დაავადების მატარებელს აწუხებს თავის ტკივილი, უმადობა, სისუსტე, ოფლიანობა - ეს არის მისი პირველი ნიშნები.

ირაკლი კუნჭულია, ჯი-ეიჩ-ენის ჟურნალისტი:

საქართველოში აღინიშნება ტუბერკულოზთან ბრძოლის კვირეული, რომელიც საზოგადოებაში ამ დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და ჩვენ, ჟურნალისტები ვიმყოფებოდით ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრში, სადაც ჩვენს სახელზე დავრგეთ ხეები. ჩვენ მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საზოგადოების ინფორმირებაში და ყველას ვუთხრათ, რომ ტუბერკულოზი სტიგმა არ არის, ის განკურნებადია და მთავარია დროულად მივიღოთ საჭირო ზომები, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ.

ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინიციატივით სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში დაწყებულია სამი ნოზოლოგიის: ტუბერკულოზის, ცე ჰეპატიტისა და აივ-შიდსის ერთობლივი სკრინინგის უპრეცედენტო პროექტი. 24 მარტიდან კი აჭარის რეგიონში დაიწყება ტუბერკულოზის ელიმინაციის მასშტაბური პროგრამა.

კომენტარი