პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის თემაზე კონფერენცია გაიმართა

თიბისი ბანკისა და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა თემაზე - "პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა - სამართლებრივი ასპექტები და პრობლემები”.

ღონისძიებას საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე - ზვიად კორძაძე, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე - ქეთევან ქვარცხავა და თიბისი ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - ეკატერინე ეგუტია უძღვებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სიტყვის თავისუფლებასთან, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობასა და კომპანიის საქმიანი რეპუტაციის უფლების შელახვასთან დაკავშირებული საკითხები. კონფერენცია შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა სიტყვის თავისუფლების სტანდარტი აშშ-ს კანონმდებლობით და სიტყვის თავისუფლების ფარგლები ჟურნალისტური ეთიკის გადმოსახედიდან.

შეხვედრაზე მიმოხილული იყო პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ბოლოდროინდელი სასამართლო პრაქტიკა. სხვადასხვა საქმესთან ერთად, ერთ-ერთ პრეცედენტად თიბისი ბანკსა და „ასავალ-დასავალს“ შორის არსებული ოთხწლიანი სასამართლო დავაც განიხილეს.

კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი - ნატა ძველიშვილი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე - ქეთევან მესხიშვილი.

ღონისძიება დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მას იურიდიული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარი