სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ - „სოკარმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პლატფორმის პრეზენტაცია გამართა

„სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ დირექტორმა ლევან გიორგაძემ მედიის წარმომადგენლებს საქართველოში კომპანია „სოკარის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პლატფორმა გააცნო.
„სოკარის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები თუ აქტივობები ერთიანი პლატფორმიდან გამომდინარეობს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებისა და ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებისა და თანხვედრის საფუძველზე შეიქმნა. „სოკარის“ წარმატება საქართველოში არა მხოლოდ მისი მომხმარებლის რაოდენობის ზრდაში გამოიხატება, არამედ სოციალური ფასეულობების გრძელვადიან სტრატეგიულ მხარდაჭერასა და საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებაში წვლილის შეტანაში.

„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ - ასეთია კომპანიის CSR-ის ზოგადი პლატფორმა, რომელიც შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:

გარემოს დაცვა
გარემოს დაცვის კუთხით, „სოკარი“, პარტნიორ კომპანიებთან ერთად, ცდილობს გარემოსთვის ნაკლებად საზიანო ელექტროტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობას. ამისათვის „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე, საქართველოს მასშტაბით უნდა შეიქმნას ელექტროსატენების ქსელი, რაც უზრუნველყოფს ელექტრომობილების პოპულარიზაციასა და მეტად გავრცელებას.
ამასთან, „სოკარ გაზის“ ქსელის განვითარება საქართველოს რეგიონებში კი ხელს უწყობს მწვანე საფარის და ტყეების შენარჩუნებას, რადგან ბუნებრივმა აირმა ნელ-ნელა ჩაანაცვლა შეშის ღუმელების გამოყენება. კომპანია მილიონობით ლარს ხარჯავს ტყეების აღდგენისა და გაშენების პროექტებში ბორჯომ-ხარაგაულის რეგიონსა და საქართველოს სხვა ადგილებშიც.

ახალგაზრდების მხარდაჭერა
ახალგაზრდების მხარდასაჭერად, „სოკარი“პრობონო სერვისების განვითარების მიმართულებით ახდენს საკუთარი გამოცდილებისა და კომპეტენციის გავრცელებას პროფესიულ სასწავლებლებში. ასევე, „სოკარი“ ხელს შეუწყობს რეგიონებში არაფორმალური და ონლაინ განათლების განვითარებას.

უსაფრთხოება
კომპანია მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს საგზაო უსაფრთხოების საკითხებს და სამუშაო ადგილებზე თანამშრომლების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას. საქართველოში „სოკარის“ ჰოლდინგის ყველა კომპანია ნერგავს და მომავალშიც გააუმჯობესებს H&S სისტემებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული პერსონალის ჯანმრთელობა სამუშაო ადგილებზე.

„სოკარის“ შესახებ
„სოკარი“ თანამედროვე, დასავლური ტიპის, მართვისა და ხარისხის კონტროლის სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე მოქმედი ბიზნესორგანიზაციაა, რომელიც ამ ეტაპზე 6 ქვეყანაში მოქმედებს. „სოკარი“ საქართველოში კი მულტინაციონალური კორპორაციის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე, ენერგეტიკის, სამომხმარებლო, უსაფრთხოებისა და სხვა სფეროებში, 2006 წლიდან ოპერირებს.

ქალთა გაძლიერება
„სოკარი“ მიუერთდა გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს, რაც გულისხმობს სამუშაო ადგილებზე ქალთა უფლებების მაქსიმალურად დაცვას, ქალების წახალისებას მაღალი რგოლის მენეჯმენტის პოზიციებსა და ქალების დასაქმებას ე.წ. არატრადიციულ თანამდებობებზე. ამასთან, ინერგება სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროვების პრევენციის მექანიზმები, რომლებიც ასევე საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების საფუძველზეა შექმნილი.

შშმ პირებისა და ხანდაზმულების მხარდაჭერა
შშმ პირების და ხანდაზმულების დასაქმება და მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია „სოკარის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან დღესდღეობით საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები განიცდიან დისკრიმინაციას და მათ თვითრეალიზაციის ნაკლები შესაძლებლობა ეძლევათ, ხოლო ხანდაზმულების მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მინიმალურია. ამ მიმართულებით კომპანია ნერგავს სპეციალურ მექანიზმებს ადამიანური რესურსების მართვის სისტემაში იმისათვის, რომ გაადვილდეს შშმ პირების დასაქმებისა და მათი სამუშაო ადგილებზე ინტეგრაციის პროცესი.

კომუნიკაცია და ანგარიშვალდებულება
„სოკარის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრინციპი გამჭვირვალობაა, რაც გულისხმობს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. საზოგადოებისთვის ცნობილია და ცნობილი იქნება ინფორმაცია „სოკარის“ მიერ წარმოებული CSR საქმიანობის მიზნებისა და იმ რესურსების თაობაზე, რასაც კომპანია გაიღებს ამა თუ იმ პროგრამის რეალიზაციისთვის. „სოკარი“ ყოველწლიურად მოამზადებს CSR ანგარიშს, სადაც იქნება ასახული ყველა მონაცემი და ინფორმაცია წლის აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100