სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები უპრეცედენტოა"

ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები უპრეცედენტოა, როგორც შინაარსობრივი, ასევე მასშტაბების თვალსაზრისით.

ამ რეფორმების მიზანი, საქართველოს თავდაცვითი მზადყოფნის გაძლიერება და ქართული შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაზრდაა, რაც სამხედრო განათლებისა და წვრთნების უზრუნველყოფით, საერთაშორისო პროექტების (განსაკუთრებით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა) სინქრონიზებით, ადეკვატური დაფინანსებით, ნატო-სთან თავსებადი შეიარაღებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებით და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებით ხორციელდება. ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ორგანიზება ეფუძნება თავდაცვის ახლებულ ხედვას და სრულ შესაბამისობაშია ნატო-ს უელსისა და ვარშავის სამიტებზე განსაზღვრულ ალიანსის განახლებული შეკავების პოლიტიკის პრიორიტეტებთან. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნისა და ნატოსთან თავსებადობის ხარისხმა უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 2 %-ს, ხოლო მასში აღჭურვილობის წილი - 20 % ზე მეტს შეადგენს.

ხორციელდება შეიარაღებული ძალების უახლესი ანტი-სატანკო, საჰაერო თავდაცვის და ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვა, საწვრთნელი და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარება. აღნიშნული ქმედითი ნაბიჯები საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ბევრად უფრო თავსებადს ხდის ნატო-სთან, ვიდრე ალიანსის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს.

თავდაცვის მინისტრის ბრიუსელში ვიზიტისას, ამერიკის თავდაცვის მდივნის, ნატო-ს გენ მდივნის და ალიანსის სხვა წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეფასებები ამის ნათელი დადასტურებაა. ის, რომ ჯეიმს მეთისი თავდაცვის რეფორმებს მოიხსენიებს, როგორც სამაგალითოს და ჯეიმს აპატურაი აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა რეფორმების სფეროში დასახული ამოცანა კარგად შეასრულა, ნიშნავს იმას, რომ მინისტრი იზორია, არის ძალიან წარმატებული მინისტრი და რეფორმატორი ლიდერი, რომლის ხედვაც გადამწყვეტ როლს ასრულებს თავდაცვის სისტემის განვითარებაში და გაძლიერებაში. აქვე მსურს აღვნიშნო, რომ მე გასულ კვირას დავბრუნდი ვაშინგტონიდან, სადაც ვმონაწილეობდი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, სადაც აშშ-ის თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს თავდაცვის სფეროში მიღწეული პროგრესი.

როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მინისტრის ინიციატივას ნატო-საქართველოს მზადყოფნის ცენტრის შექმნის შესახებ და 2019 წლის გაზაფხულზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების ჩატარებას. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ალიანსში გაწევრებისთვის აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, აუცილებელია მათი შემდგომი დახვეწა, გაფართოება და ამ მიზნით გვჭირდება კრეატიული ნაბიჯები. თანამშრომლობის ეს ახალი პრაქტიკული ინსტრუმენტები, უზრუნველყოფს არა მხოლოდ ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნისა და თავსებადობის სტანდარტის შემდგომ ამაღლებას, არამედ უპრეცედენტო ნაბიჯია რეგიონში ალიანსის გაზრდილი ხილვადობისა და შეკავების ხარისხის უზრუნველსაყოფად. ასევე მსურს გამოვეხმაურო იმ უსაფუძვლო, ბინძურ კამპანიას, რასაც თავდაცვის სამინისტროსა და მინისტრის მისამართით აქვს ადგილი. ეს არის მიზანმიმართული იერიში ჩვენი ხელისუფლების ყველაზე ძლიერ და წარმატებულ რგოლებზე, რაზეც გადის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ადვილი მისახვედრია, თუ ვის ინტერესებშია ეს დესტრუქციული ქმედებები.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი დადებითად აფასებს თავდაცვის სამინისტროს საქმიანობა და ამ შეფასებაში ჩვენი მთავარი კრიტერიუმი და ინსტრუმენტია ჩვენ ხელთ არსებული საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები, ჩვენი ამერიკელი და ნატოელი პარტნიორების შეფასები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100