სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოფიო ქაცარავა - „ნაციონალური მოძრაობას“, „რუსთავი 2“-ის დახმარებით, დაწყებული აქვს მორიგი ბინძური კამპანია საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების წინაღმდეგ

„ნაციონალური მოძრაობას“, „რუსთავი 2“ ის დახმარებით, დაწყებული აქვს მორიგი ბინძური კამპანია საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების წინაღმდეგ, რომელიც არჩევნების დისკრედიტაციას და ამისთვის ყალბი მტკიცებულებების შექმნას ემსახურება“ - განაცხადა დღეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ.


მისი თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, „ნაციონალურ მოძრაობას“ შექმნილი აქვს სპეციალური ჯგუფები, ე.წ მიკროშტაბები, რომელთა მეშვეობითაც, საკონსულოებისა და საელჩოების სახელით საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს უკავშირდებიან, მიზანმიმართულად ატყუებენ და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის სანაცვლოდ, უცხოეთში ლეგალურად ცხოვრების, მუშაობის, თუ თავშესაფრის მიღებისთვის საჭირო დახმარებას ჰპირდებიან. „ამასთან, ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს საკონსულოებს საარჩევნო ბიულეტენებიც კი უკვე ჩაყრილი აქვთ საარჩევნო ყუთებში მათ ნაცვლად. აღნიშნული დაჯგუფებები მოქალაქეებს კონსულის სახელით ჰპირდებიან, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემის შემთხვევაში, საარჩევნო უბანზე ავტომობილით მიიყვანენ. ასევე, ვითომდა, აღრიცხვაზე დადგომის მოტივით, მოქალაქეებს პირად მონაცემებს ართმევენ. ისინი აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს და „ფეიკ“ გვერდების საშუალებით ამ და სხვა ტიპის ცრუ ინფორმაციის შემცველ ცნობებს და ვიდეოებს ავრცელებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, საარჩევნო პროცესი კანონის სრული დაცვით, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში წარიმართება“ - განაცხადა სოფო ქაცარავამ.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე მიმართავს საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, მსგავსი ტიპის თაღლითური შემოთავაზების შემთხვევაში, აუცილებლად დაუკავშირდენენ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს და გადაამოწმონ ნებისმიერი საეჭვო ტიპის ინფორმაცია. “მინდა მიგმართოთ ყველას თხოვნით, გადაამოწმოთ მსგავსი ინფორმაცია, რომელიც შემოდის მიზანმიმართულად ჩვენი თანამემემულეების ჯგუფებში და კონკრეტულ პიროვნებებთან, გამოიყენოთ ამისთვის საქართველოს საელჩოებში და საკონსულო დაწესებულებებში მოქმედი 24 საათიანი ცხელი ხაზის სერვისი, რომ უპირველეს ყოვლისა დაცული იქნას თქვენი მოქალაქეობივი უფლება - მიიღოთ საქართველოს პრეზიდენტის არცევნებში მონაწილეობა. ამისთვის ხელისუფლებამ ყველა პირობა შეუქმნა ჩვენს თანამემამულეებს უცხოეთის ქვეყნებში. საკონსულო დაწესებულებები შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობენ. ასევე შეგახსენებთ, რომ ხვალ იწურება დღე, როდესაც თქვენ შეგიძლიათ დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე, რომ უზრუნველყოფილი იყოს თქვენი ჩართულობა საარჩევნო სიებში. მინდა მივმართო შესაბამის უწყებებს და ორგანოებს, ზემოთ აღნიშნული შესაძლო თაღლითური სქემები აუცილებლად სასწრაფო რეჟიმში იქნას გამოძიებული და გაშიფრული და დადასტურების შემთხვევაში აუცილებლად მიღებული იქნას შესაბამისი სამართლებრივი ზომები“ - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100