სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველმა არქეოლოგებმა თბილისში მეუფის კურთხევით ხოხობი გალიაში დაამწყვდიეს

არსად წამიკითხავს, მეცნიერულად არის თუ არა დასაბუთებული ის, რასაც ჩვენ „სისხლის ყივილს“ ვეძახით. თუ კი, მაშინ საინტერესო იქნებოდა, ეს „ყივილი“ მხოლოდ ადამიანებს ახასიათებთ, თუ ცხოველებსა და ფრინველებსაც. საინტერესო იქნებოდა, მაგალითად, ახასიათებთ თუ არა ეს სისხლის ყივილი ხოხბებს. მცირე მოთმინებით აღიჭურვეთ და რატომ დამაინტერესა, ამასაც გიამბობთ.

გუშინ საინფორმაციო სააგენტოებმა, ინტერნეტგამოცემებმა და ტელევიზიებმა აგვაწრიალეს (და ეს კანონზომიერიც იყო) - მეტეხის ხიდთან, სადაც ჯერ კიდევ საუკუნეების წინ 40 მოწამე სებასტიელის ეკლესია არსებობდა და დღესაც ასე უწოდებენ, არქეოლოგებმა ახალ დეტალებს მიაკვლიესო. თავდაპირველად ისიც ითქვა, რომ ეს ახალი დეტალები თავდაყირა დააყენებდა თბილისის დაარსების ისტორიას, მაგრამ მერე დაგვამშვიდეს - ყველასთვის საყვარელ ლეგენდას არაფერი ემუქრება, აი, რომაული აბანოების აღმოჩენა კი მართლა სენსაციააო.

მოკლედ, ქართველმა არქეოლოგებმა მეტეხის ხიდთან მიწის ახალი ფენა გახსნეს და აღმოაჩინეს, რომ იმ ადგილას ციხე-ქალაქი ბევრად უფრო ადრე ყოფილა, ვიდრე ვახტანგ გორგასლის ბაზიერთუხუცესის მიერ აფრენილ მიმინოს გამორიდებული ხოხობი, დაახლოებით იმავე ადგილას, ცხელ წყალში ჩაიფუფქებოდა. გურამ დოჩანაშვილი „იქამდეში“ ამბობს, რომ ყველა მითს, ლეგენდასა და თქმულებას რეალური საფუძველი აქვს: „სულელო! ბრიყვი! რა მითი, რის მითი, არამედ - იყო!“.

თუ ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ და დავუშვებთ, რომ თბილისის დაარსების საფუძველი მართლაც ცხელი წყალი და შიგ ჩახოხბილი ფრინველი გახდა (რა თქმა უნდა, მეცნიერები ამ დაშვებას არც კი განიხილავენ - თბილისის დაარსებისა და სახელწოდების ვერსია მეცნიერულად ბევრად უფრო სერიოზულად გამოიყურება, ვიდრე ამ ლეგენდაში), მაშინ ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ ხოხბებს სისხლის ყივილი აქვთ:

დეტალები, რომლებიც უნდა გიამბოთ, „დრონი.ჯი“-მ ერთ-ერთი არქეოლოგისგან ექსკლუზიურად შეიტყო. ჩვენი წყარო იმ ექსპედიციის წევრია, რომელიც მეტეხის ხიდთან გათხრებს ატარებს და რომელსაც გუშინდელი აღმოჩენები უკავშირდება. სწორედ მის ნაამბობზე დაყრდნობით მზადდება ეს სტატიაც.

ექსპედიციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, როცა არქეოლოგები ჯერ კიდევ პირველ ფენას ჩაჰკირკიტებდნენ, გათხრების ადგილას, ყველასთვის მოულოდნელად, ხოხობი მოფრინდა. არქეოლოგებმა მას მაშინვე მიაქციეს ყურადღება და მიახლოვებაც სცადეს, მაგრამ ხოხობი დაფრთხა და გაფრინდა, თუმცა, იქაურობა არ მიუტოვებია და ექსპედიციის ადგილს მეორე დღესაც ეწვია. ასე გრძელდებოდა რამდენიმე დღის მანძილზე. მხოლოდ ერთხელ, როცა ექსპედიციის ერთმა წევრმა ფრინველის დაჭერა სცადა, ხოხობი გაფრინდა და ორი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა.

ფრინველს შეჩვეულმა არქეოლოგებმა მოიწყინეს, მაგრამ ხოხობი ბოლოს მაინც გამოჩნდა. ექსპედიციის რამდენიმე წევრმა ერთხელ პურის, მეორედ კი ყველის ნამცეცები დაუყარა. ფრინველი გათამამდა და, როგორც ჩვენი წყარო ჰყვება, უკვე თამამად დააბიჯებდა სამარხებსა და არქეოლოგებს შორის. ექსპედიციის წევრებმა ხოხობს, ხუმრობითა და ვახტანგ გორგასალთან ასოციაციის გამო, „ვახუშტიც“ კი შეარქვეს და მის გამოჩენაზე ერთმანეთს ასეც ეხმიანებოდნენ: „ვახუშტი მოვიდა!“.

ერთ დღესაც, ადამიანებს უკვე მიჩვეული და მინდობილი ფრინველი ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა დაიჭირა - იმან, ვინც ხოხბის დაჭერა ჯერ კიდევ პირველ დღეებში უშედეგოდ სცადა. ამისთვის დიდი ჯაფა არ დასგომია - ხელისგულზე პურის ნამცეცები დაიყარა და როცა ფრინველი დანდობილად მიუახლოვდა, ხელი სტაცა. ექსპედიციის სხვა წევრებს ეგონათ, რომ ხოხბის ტყვეობა დროებითი იყო, მაგრამ ხოხბის შემპყრობმა განაცხადა, მის გაშვებას არ ვაპირებო. დანარჩენებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს. კარგა ხნის კამათის შემდეგ ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ: იქვე მდებარე ტაძრის წინამძღვრისთვის ეკითხათ რჩევა და ისე მოქცეულიყვნენ, როგორც ის ურჩევდათ.

რამდენიმე არქეოლოგი შეპყრობილ ხოხობთან ერთად ერთ დღეს მართლაც მივიდნენ სასულიერო პირთან (წყარო მას „მეუფეს“ უწოდებს, თუმცა, ვინაობას არ ასახელებს და ჩვენც ასე მოვიხსენიებთ). როცა მეუფემ ხოხბის გამოჩენის, გაფრენა-გაუჩინარებისა და ისევ დაბრუნების ამბავი დაწვრილებით მოისმინა, პირჯვარი გადაიწერა, მომხდარი ღვთის მიერ მოვლენილ ნიშნად გამოაცხადა და ხოხბის დაჭერისთვის არქეოლოგი შეაქო კიდეც. მეტიც: არქეოლოგებს მან გალიის ყიდვისა და ფრინველის შიგ გამოკეტვის კურთხევა მისცა და ეს იმით ახსნა, რომ ამ ფრინველს აქაურობა არ უნდა დაეტოვებინა. „მეუფე იმაზე საუბრობდა, რომ შესაძლოა, ღმერთმა ხოხბის სახით მეტეხს და მთლიანად, თბილისს მცველი გამოუგზავნა“, - იხსენებს არქეოლოგი.

რა თქმა უნდა, კურთხევა შესრულდა, ხოლო არქეოლოგთა ის ნაწილი, ვინც ხოხბის დატყვევებას აპროტესტებდა, ლამის მკრეხელებად გამოაცხადეს. „დრონი.ჯი“-მ ძალიან მარტივად მოახერხა იმის გადამოწმება, მართლაც ჰყავთ თუ არა მეტეხის გორაზე გალიაში გამოკეტილი ხოხობი. ინტერნეტტელევიზია itv-მ გუშინ რეპორტაჟი მოამზადა ახალი აღმოჩენის შესახებ. სიუჟეტის ბოლოს, ჟურნალისტის Stand Up-ში, სადაც რეზიუმეს აკეთებს, კარგად ჩანს, რომ მას ხელში ხოხობი უჭირავს. „დრონი.ჯი“ სწორედ ამ ფაქტით დაინტერესდა და სიუჟეტის ავტორს ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ გალიაში მყოფი ხოხობი სიუჟეტზე მუშაობის დროს სრულიად შემთხვევით შენიშნა. „მაშინვე მომივიდა აზრად, რომ ხოხბით ხელში სიუჟეტის დასრულება კარგი იდეა იქნებოდა და გალიიდან მისი გამოყვანის ნებართვა ვითხოვე, თან დავინტერესდი, საიდან გაჩნდა იქ ეს ფრინველი. ის, რაც არქეოლოგებმა მიამბეს, მთლიანად ემთხვევა თქვენი წყაროს ნაამბობს, ოღონდ, დაჭერის ისტორია და პრეისტორია არ უთქვამთ. ისიც ახსენეს, რომ გალიაში მეუფის კურთხევით ჩასვეს. როცა ხელში ავიყვანე, მის გულისცემას ვგრძნობდი. მინდოდა კიდეც ბოლოს, რომ ხელი ამექნია და გამეშვა, მაგრამ 4-5 კაცი სპეციალურად დადგა შემაღლებულ ადგილებზე ჩემს ირგვლივ, თანაც, ხელში თოკები და ქვები ეჭირათ - იმ შემთხვევისთვის, ხოხობი რომ ხელიდან დამსხლტომოდა. ვერ გავუშვი. არა იმიტომ, რომ ვერ გავბედე - უბრალოდ, შემეშინდა, რომ დაჭერის მცდელობის დროს მოკლავდნენ.“, - ამბობს itv-ს ჟურნალისტი...

არქეოლოგები მეტეხის ხიდზე ისევ მუშაობენ. შესვენების დროს იქვე სახელდახელო სუფრას შლიან და სადილობენ. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, გალიაში გამომწყვდეული ხოხობი ისევ ჭამს მისთვის ნაწყალობევ პურის ნამცეცებს და წყალსაც აყოლებს, მაგრამ ის ხალისიანი ხოხობი, რომელიც მიწაყრილზე დაგოგმანებდა, აღარ არის. ფრინველი გალიაში, უმეტესწილად, მობუზულია და გარემოს მოწყენილი მზერით ათვალიერებს...

ვიდეო: ბმული itv-ს სიუჟეტზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100