არის თუ არა შემოსული ქართულ ბაზარზე პარაცეტამოლი პე 500, რომლის გარშემოც დიდი სკანდალია ატეხილი?

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვირუსივით დაიწყო გავრცელება გარკვეული სახის გაფრთხილებებმა, რომლის მიხედვითაც პრეპარატი პარაცეტამოლი პე 500 მომაკვდინებელია ადამიანისთვის.

უამრავი ინტერნეტ-მომხმარებელი აზიარებს სხვადასხვა ფოტოსა თუ ვიდეოს, რომლითაც ცდილობს საზოგადოება გააფრთხილოს, რომ თავი შეიკავონ ამ წამლის მიღებისგან, რომელიც ისრაელიდან არის შემოსული.

დრონი.ჯი დაინტერესდა, არის თუ არა ქართულ ბაზარზე შემოსული აღნიშნული პრეპარატი, რომლის გარშემოც დიდი სკანდალია ატეხილი.

თავდაპირველად დავუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს, სადაც განგვიმარტეს, რომ ეს საკითხი რეგულირების სააგენტოს ეხებოდა და შესაბამისად, გადაგვამისამართეს მათთან. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა ნაილი შენგელიძემ კი თავის კომენტარში აღნიშნა, რომ პარაცეტამოლი პე 500 ქართულ ბაზარზე არ იყიდება და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:

- ეს ნივთიერება არ არის პარაცეტამოლი. მე ჯერჯერობით ვერ გავარკვიე ამ პრეპარატის მწარმოებელი, თუმცა ასეთი დასახელების პროდუქტი ქართულ ბაზარზე რეგისტრირებული არ არის.

- როგორ გგონიათ, რამ გამოიწვია სოციალურ ქსელში ასეთი ისტერია?

- ვერ გეტყვით რამ გამოიწვია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სავარაუდოდ ეს პრეპარატი მიკრობიოლოგიურად არის დაბინძურებული და მაჩუპოს ვირუსს შეიცავს, აქვს გვერდითი მოვლენები და ა.შ. მე ვადასტურებ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩვენს ბაზარზე მსგავსი სავაჭრო დასახელების პრეპარატი არ არსებობს. მეორეს მხრივ, მე მინდა გითხრათ, რომ პროდუქტის შესახებ ინფორმაცია საკმაოდ დიდი ხანია ინტერნეტში მუსირებს, თუმცაღა რატომღაც საქართველოში ახლახანს გავრცელდა. ოფიციალური ორგანიზაციები, რომლებიც სწავლობენ წამლების გვერდითი ეფექტების მონიტორინგს და ყველა მარეგულირებელ სამსახურს უგზავნიან და მათ შორის ჩვენც ვიღებთ ამ ინფორმაციას, არც ევროპის წამლის სააგენტოს, არც ამერიკის, ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სახის ინფორმაცია არ გაუვრცელებია. არის კიდევ ერთი გარემოება - თუ რომელიმე წამალმა გამოიწვია რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, ამ შემთხვევაში ჩვენთან ხომ უნდა შემოსულიყო ან პაციენტისაგან, ან ექიმისგან, ან თუნდაც ფარმაცევტისგან ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარაცეტამოლის შემცველმა რომელიმე პრეპარატმა გამოიწვია გარკვეული სახის გვერდითი ეფექტი? ასეთი ინფორმაცია რეგულირების სააგენტოში არ შემოსულა. მაჩუპოს ვირუსის სიმპტომები, რომელსაც, როგორც ინტერნეტშია ნათქვამი, იწვევს ის პრეპარატი, საქართველოში არ არის მომატებული. მესმის, რომ საზოგადოება პანიკაში ჩავარდა, რადგან პარაცეტამოლი ის პრეპარატია, რომელიც ბავშვებშიც გამოიყენება, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დღეს საქართველოში პანიკის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს.

კომენტარი