სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოს 69-ე უბნიდან დამკვირვებელი გააძევეს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოს 69-ე საარჩევნო უბანზე, უბნის კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებელი, „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის” ხელმძღვანელი შმაგის ჩოხელი უბნიდან გააძევა.

როგორც ჩოხელი აცხადებს, 69-ე უბანზე მან დარღვევა დააფიქსირა, როცა მისივე თქმით, კომისიის წევრებმა ერთ-ერთ ამომრჩეველს საარჩევნო ჯიხურში შეუსვლელად, პირდაპირ მაგიდაზე შემოახაზინეს ერთ-ერთი კანდიდატის საარჩევნო ნომერი. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ყვება, ამის შემდეგ უბნის თავმჯდომარესთან დაპირისპირება მოუვიდა და საარჩევნო პროცესს მთლიანად ჩამოაშორეს.

„როდესაც კოლეგას ვესაუბრებოდი, ხმაური შემომესმა ერთ-ერთი კომისიის წევრის მხრიდან, სადაც სამაგიდო სიასთან მყოფმა კომისიის წევრმა ბიულეტენის გაცემისას ამომრჩეველს იქვე შემოახაზინა 48 და არც კაბინაში შესულა, ისე აგდებდა ყუთში. რასაკვირველია, ამის პრევენციას ვეცადე, ვიდეოც გადავიღე, ემოციური სიტუაცია იყო და შეიძლება, ხმამაღალიც ვიყავი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რამეს ვარღვევ. დიდი ჭიდაობის შედეგად ფურცელი მაინც ჩატენეს. უბნის კომისიის თავმჯდომარემ გაღიზიანებულმა ლანძღვით, სიტყვიერი შეურაცხყოფით, ხელის ჯიკავით გამომაგდო უბნიდან, ბეიჯიც კი დამიზიანა, ჩამომწყვიტა“, – განაცხადა „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის“ ხელმძღვანელმა, შმაგი ჩოხელმა.

უბნის თავმჯდომარე ჟორჟიკ სავარიანი კი ჩოხელის განცხადებას უარყოფს და პროვოკაციაში ადანაშაულებს.

„განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მოვედით დილიდან და დავიწყეთ მუშაობა. ის სპეციალურად მოვიდა, რომ პროვოკაცია მოეწყო. არ არის სიმართლე ის ბრალდებები, რომელსაც მიყენებს. არც ხელით შევხებივარ, ვთხოვე, გვერდით გაწეულიყო, რომ არ გადაეღო სიები და არ შეეშალა ხელი საარჩევნო პროცესისთვის“, – განაცხადა უბნის თავმჯდომარემ.

შმაგი ჩოხელის თქმით , ადგილზე გამოიძახა პოლიცია, ასევე მომხდარის შესახებ შეატყობინა საოლქო კომისიას და საჩივარიც დაწერა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100