სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავჭალაში 200 ადამიანზე გათვლილი დროებითი მოთავსების იზოლატორი აშენდება - გიორგი გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში, დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების კომპონენტზე ისაუბრა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, არ არსებობს არც ერთი დროებითი მოთავსების იზოლატორი, სადაც ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა სრულად არ მუშაობდეს.

„კიდევ ერთი მიმართულება გახლავთ დროებით მოთავსების იზოლატორები, სადაც ინფრასტრუქტურულ ნაწილში ფაქტობრივად გადახალისდა მათი კომპონენტი. დღეის მდგომარეობით, როგორც ჩვენ თავიდანვე დაგპირდით, არ არსებობს არც ერთი დროებითი მოთავსების იზოლატორი, სადაც ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა სრულად არ ფუნქციონირებდეს. უფრო მეტიც, დღეის მდგომარეობით, 24 საათის მაგივრად ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მონაცემები ინახება 120 საათის განმავლობაში. ასევე დროებით მოთავსების იზოლატორების ნაწილში, გვქონდა გარკვეული პრობლემები, მუდმივი სამედიცინო მომსახურების კონტექსტში” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, 7-დან 14-მდე გაიზარდა ის დაწესებულებები, სადაც უკვე არსებობს მუდმივი სამედიცინო მომსახურეობა, ხოლო წლის ბოლომდე, 2019-ის ბოლომდე, 29-ვე დაწესებულებაში, იქნება მუდმივი სამედიცინო მომსახურეობა.

„მინდა აღვნიშნო, რომ რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში, გაჩნდა არასრულწლოვნებისთვის სპეციალური სივრცე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ინფრასტრუქტურულ ნაწილში 2019 წელს, თბილისში დაიწყება ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორის მშენებლობა, რომელიც განთავსდება ავჭალაში და რომელიც გათვლილი იქნება დაახლოებით 200 ადამიანზე” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100