მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სასტუმრო „პულმანი“ საქართველოში ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს

ჭავჭავაძის გამზირზე, მშენებარე „აქსის თაუერსში“ განთავსებულმა სასტუმრო PULLMAN-მა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილს უმასპინძლა.

კომპანია „აქსისის“ ტურიზმის განვითარების დირექტორმა გიორგი სამარგულიანმა და თანაინვესტირების ფონდის ტურიზმის განვითარების დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ მარიამ ქვრივიშვილს 5-ვარსკვლავიანი PILLMAN-ის სასტუმროს სადემონსტრაციო ნომრები და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერებინეს.

სასტუმრო PULLMAN-ACCOR ჯგუფში შემავალი ბრენდია, რომელიც საქართველოში „აქსის თაუერსის“ მინის კოშკში განთავსდება. ის გამორჩეულია სხვა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებისგან როგორც სივრცითი მოწყობით, ისე კრეატიული გადაწყვეტილებებით.

გიორგი სამარგულიანმა აღნიშნა, რომ 226-ნომრიან სასტუმროში საერთო სივრცეების მოცულობა ერთ ნომერზე გაცილებით აღემატება არსებულ პრაქტიკას. ამ სივრცეების 20 000 კვ.მ-ზე განთავსებულია Skybar-ი ულამაზესი ხედებით, რომლებიც 140 მეტრის სიმაღლიდან იშლება, 25-მეტრიანი საცურაო აუზი მოძრავი სახურავითა და სპა ცენტრით, რესტორანი, ბარები, ასევე, ყველაზე დიდი საკონფერენციო დარბაზი ქალაქის ცენტრში, სათათბირო ოთახები და სხვა მრავალფეროვანი სივრცეები, რომლებიც სასტუმროს განუყოფელი ნაწილია.

სასტუმრო „პულმანში“ დაახლოებით 300 ადამიანი დასაქმდება.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, „აქსის თაუერსში“ განთავსებული სასტუმრო „პულმანი“ პირდაპირპროპორციულად ეხმიანება ქვეყნის სტრატეგიას საქმიანი ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, აქ არსებული ინფრასტრუქტურა და მთლიანად პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალაა საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის.

თანაინვესტირების ფონდის ტურიზმის განვითარების დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა „აქსის თაუერსის“ მნიშვნელობას: „აღსანიშნავია, რომ „აქსის თაუერსი“ ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც მასშტაბურობით, ისე იმითაც, რომ ის მთლიანად ქართული პროექტია. ინვესტიციის მოცულობა დღეისთვის 92 მლნ დოლარს შეადგენს და ჩვენ ვამაყობთ მისით“, - აღნიშნა ებრალიძემ.

კომენტარი

×