ბრაზილიაში პატიმრებთან ჩაკეტილ გოგონებს რამდენიმე დღის განმავლობაში აუპატიურებდნენ

ბრაზილიელი სამართალდამცავები გამოძიებას აწარმოებენ არასრულწლოვანი გოგონას გატაცებასთან დაკავშირებით, რომელიც აღნიშნული ქვეყნის ერთ-ერთ ციხეში, მსჯავრდებულებთან ერთად მოათავსეს და რომელზეც, დამნაშავეები რამდენიმე დღის განმავლობაში ძალადობდნენ. დაზარალებულმა ციხეში ოთხი დღე გაატარა. ლათინოამერიკულ ქვეყნებში, მსგავსი დანაშაული პირველად არ მომხდარა. ამის შესახებ Spiegel იუწყება.

გასულ შაბათს, დილის საათებში, 14 წლის გოგონამ სასჯელაღსრულებითი ორგანოს საკნიდან გამოღწევა შეძლო. სწორედ იმ საკნიდან, სადაც მოძალადეებთან ერთად იყო ჩაკეტილი. გამოქცეულმა გოგონამ მაშინვე ციხის მომსახურე პერსონალს მიმართა, რომელთაც ბავშვი პოლიციაში გადაიყვანეს.

გოგონას თქმით, იგი მოიტაცა და სცემა ქალმა, შემდეგ კი დაზარალებული, კიდევ ორ გოგონასთან ერთად ციხეში მოათავსეს, რომელიც შტატ პარას დედაქალაქიდან, ქალაქ ბელენიდან 42 კილომეტრის მოცილებით მდებარეობს.

სამართალდამცავები თვლიან, რომ გოგონა სუტენიორებმა მოიტაცეს, რომლებსაც ციხეებში ახალგაზრდა „პატიმრები“ მიჰყავთ, რათა მამაკაცი პატიმრების სექსუალური მოთხოვნილებები დააკმაყოფილონ.

„მან მითხრა, რომ რამდენიმე პატიმარმა გააუპატიურა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გამოქცევა მაინც მოახერხა“, - გადმოსცა გოგონას სიტყვები გამომძიებელმა, ფაბიანო ამაზონაცმა.

მისი თქმით, ციხის მომსახურე პერსონალმა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი საზღაური მიიღო: თანამდებობები დაკარგეს როგორც ციხის უფროსმა, ასევე 19-მა დაქვემდებარებულმა პირმა, რომლებიც 16-19 სექტემბრის ღამეეებში მორიგეობდნენ. სწორედ ამ დღეებში ძალადობდნენ გოგონაზე დამნაშავეები.

ამ დროისთვის, პოლიცია დანაშაულში მონაწილეთა სრული სიის შედგენას ცდილობს: ვიღაცამ გოგონა ციხემდე მიიყვანა, ვიღაცამ ხმაურის გარეშე შეიყვანა დაწესებულებაში და კამერაში დამალა. საბოლოოდ, საჭიროა მოძალადეების პოვნა და კიდევ ორი დაზარალებულისა, რომლებზეც ჯოჯოხეთიდან გამოქცეულმა გოგონამ ისაუბრა.

შტატის მმართველობამ უკვე მიაქცია ყურადღება იმას, რომ ჰელენო ფრაგოზის ციხე ცუდად არის დაცული, რადგან აღნიშნულ დაწესებულებაში იმყოფებიან ბრალდებულები, რომლებიც მსუბუქ დანაშაულებში არიან ეჭვმიტანილნი. პატიმრებს ციხის ტერიტორიის დატოვება ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების ნიადაგზეც კი შეუძლიათ. ისინი იმ შემთხვევაში გავლენ ციხიდან, თუ სიტყვას დადებენ, რომ უკან დაბრუნდებიან. სწორედ ამიტომ, პერიმეტრს კედელიც კი არ აქვს შემორტყმული, ციხის უკანა მხარე კი გაუვალი ჯუნგლებით არის გარშემორტყმული. შტატის გუბერნატორმა, სიმაო ჰატენემ ახლა ციხის გარშემო კედლის აგება გადაწყვიტა.

„არსებობს ფაქტები ადამიანებისა და ბავშვების უფლებების სისტემატური დარღვევრბის შესახებ“, - აღნიშნავს შტატის ფედერალური პროკურორი, ალან მანსურ სილვა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, სწორედ ბრაზილიაში მოხდა ანალოგიური, საზარელი შემთხვევა, როცა პოლიციელებმა ათობით დამნაშავესთან ერთად ერთ კამერაში თხუთმეტი წლის გოგონა ჩაკეტეს. გოგონა 2007 წლის 21 ოქტომბერს, საცხოვრებელ სახლში შეჭრის გამო დააკავეს და რამდენიმე კვირის განმავლობაში იურიდიულ დაწესებულებაში 21 მამაკაც პატიმართან ერთად ამყოფებდნენ. პატიმრები მსხვერპლზე ძალადობდნენ, აწამებდნენ და ჯგუფურად აუპატიურებდნენ, საკვებს კი მხოლოდ სექსუალური აქტის სანაცვლოდ აძლევდნენ. მოძალადეები გოგონას სიგარეტით წვავდნენ კიდურებს, შიშველს ამყოფებდნენ და სასტიკად სცემდნენ.

უბედური გოგონას ყვირილი შესაძლოა ქუჩაშიც ესმოდათ, თუმცა მის დასახმარებლად არავინ მისულა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ საშინელი შემთხვევის შესახებ ჟურნალისტებმა შეიტყვეს, დაზარალებული მოზარდი გაანთავისუფლეს.

როგორც გოგონას 23 წლის ნათესავმა აღნიშნა, ბავშვი გისოსებს მიღმა სამჯერ იმყოფებოდა, სადაც სამივეჯერ ანალოგიურ სიტუაციაში ჩავარდა.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც ინფორმაცია აღნიშნულ შემთხვევებზე მსოფლიო მედიამ შეიტყო და სერიოზული სკანდალი ატყდა, ხელისუფლებამ პენიტენციალურ სისტემაში რეფორმების გატარება გადაწყვიტა: როგორც აღმოჩნდა, ციხეებში უბრალოდ არ იყო საკმარისად ქალებისთვის განკუთვნილი კამერები, პოლიციელები კი პატიმრების დაცინვას ცდილობდნენ მათი მამაკაცებთან ჩაკეტვის გზით. აღსანიშნავია, რომ უდიდესი რეგიონის 132 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, რომლებიც მასშტაბით ორჯერ აღემატებიან საფრანგეთს, მხოლოდ ექვსი კამერა არსებობს, რომლებიც სუსტი სქესის წარმომადგენელი პატიმრებისთვის არის განკუთვნილი.

საშინელი შემთხვევა იქნა გამოვლენილი ქალაქ პარაპებასში, სადაც 23 წლის ქალბატონს ერთ კამერაში, 70 მამაკაცთან ერთად ამყოფებდნენ.

ბავშებზე სექსუალური ძალადობა მეტად გავრცელებული პრობლემაა ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილში, აღნიშნულ რეგიონში მეტად ახალგაზრდა გოგონები, მხოლოდ ექვსი დოლარის სანაცვლოდ მზად არიან მამაკაცებს სექსუალურ აქტზე დათანხმდნენ. სიტუაცია კი ჯერჯერობით არ გამოსწორებულა.

კომენტარი