სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წარმატებული კალათბურთელი, რომელიც ამავდროულად ტრავმატოლოგია და ხუთ ენას ფლობს - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ ოთარ ფხაკაძესთან

ახალგაზრდა სიმპატიური სპორტსმენი ოთარ ფხაკაძე ბავშვობიდან აქტიურადაა ჩართული კალათბურთში. მისი მიღწევები მნიშვნელოვანი და საამაყოა ჩვენი ქვეყნისთვის. სპორტსმენი სულ რაღაც 12 წლის იყო, როდესაც უცხოეთში ხანგრძლივი გაცვლითი პროგრამით წავიდა. მას შემდეგ, ამ სპორტის უკეთ დაუფლებისა და წარმატების თვალსაზრისით წლები დაჰყო ამერიკაში. ოთარი ხუთ ენას ფლობს. კალათბურთელობა არ იკმარა და უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც მან ტრავმატოლოგიის სპეციალობა შეისწავლა.

დრონი.ჯი სპორტსმენს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

-საზოგადოებას უკეთ რომ გავაცნოთ კალათბურთის მიღმა როგორია ოთო ფხაკაძე? -- მოგვიყევი შენს შესახებ.

- წარმოშობით ქუთაისელი ვარ და მახსოვს, 6 წლის ვიყავი, როდესაც ბაბუამ მიმიყვანა ტენისზე, სადაც ტრენერი არ დაგვხვდა და უკან გამობრუნება მოგვიწია, ამასობაში ბაბუას ძმაკაცი შეგვხვდა, რომელიც კალათბურთს ტრენერი იყო და აქედან დაიწყო ყველაფერი.(იცინის)

კალათბურთი ძალიან შემიყვარდა, მაგრამ სერიოზულად 12 წლის ასაკში დავიწყე, როდესაც გაცვლითი პროგრამით ლიტვაში წავედი. ერთი წელი იქ ვიყავი, შემდეგ ჩამოვედი თბილისში, ნაკრებში დამიძახეს. 2008 წლის ზაფხული იყო, როდესაც აგენტმა დამირეკა და შემომთავაზა ამერიკაში წასვლა. ძალიან შემეშინდა ასეთ პატარას, კატეგორიული უარი განვაცხადე მარტო წასვლაზე, შემდეგ ჩემმა მეგობარმა გიორგი პაპაშვილმა გამოთქვა წამოსვლის სურვილი. გავაგზავნეთ შეთავაზება, რომ ჩავიდოდი იმ შემთხვევაში, თუ ორ მოთამაშეს მიიწვევდნენ და მოკლედ მე და გიორგი წავედით ამერიკაში. „ჰაისქულში“ სწავლის პარალელურად ვთამაშობდით. ერთად დავამთავრეთ ეს სკოლა, ავიღეთ დიპლომი და შემდეგ ერთი უნივერსიტეტიდან წამოვიდა დაინტერესება ორივეზე და გაგვიხარდა, რადგან ჩვენი გზები არ გაიყო და წავედით ერთად უნივერსიტეტში. ამ უნივერსიტეტში პაპაშურმა იტკინა მუხლი და აქ უკვე დაშორება მოგვიწია. მე გავყევი კალათბურთს და გიორგი სწავლას. უნივერსიტეტი ვირჯინიაში იყო, სადაც მე ვთამაშობდი და ძალიან გამიჭირდა ასეთ თოვლიან და ცივ ადგილზე ყოფნა, მანამდე კალიფორნიაში ვიყავი და იქ სულ თბილა. როგორც კი მომეცა შანსი მაშინვე უკან დავბრუნდი, დიპლომი ავიღე კალიფორნიაში, (ტრავმატოლოგი ვარ) ახლაც სწორედ იქ ვგეგმავ წასვლას.

-როგორ ფიქრობ, აქვს თუ არა საქართველოს ნაკრებს იმის რესურსი, რომ მსოფლიო ასპარეზზე სახელი გაითქვას, როგორც საუკეთესომ?

-რესურსი გვაქვს თაობები მოდის, უბრალოდ მეტი ხელისშეწყობა გვჭირდება დაფინანსების თვალსაზრისით და არა მხოლოდ. უკეთესი დარბაზები და პირობებია საჭირო. უცხოეთსა და საქართველოს შორის რადიკალური სხვაობაა. იქ ამაზე სერიოზული თახებია გამოყოფილი, მართლა ხარჯავენ და ქმნიან პირობებს ისეთს, რომ შედეგიც იდება.

-რთულია იყო საქართველოს ნაკრების წარმომადგენელი?

-კი რთულია. შრომატევადია. ძალიან ბევრი მუშაობა გიწევს, რომ ნაკრებში მოხვდე. ცდილობ დონე აიმაღლო და სულ ტონუსში ხარ.

-რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?

-საერთოდ არაფერს. (იცინის)

-გარდა კალათბურთისა, კიდევ რითი ხარ დაკავებული?

- ცურვა მიყვარს ძალიან და ფილმებზე ვარ გაგიჟებული.

-ხარ თუ არა შეყვარებული და რას ფიქრობ თავისუფალ ურთიერთობებზე?

- 20 წლის ვიყავი, როდესაც ამერიკაში მყავდა შეყვარებული და დიდხანს არ გაგრძელებულა ჩვენი ურთიერთობა. ადამიანები ისე უნდა მოიქცნენ, როგორც მათ მოუნდებათ. ზედმეტად ძველი დროის არის ეს ტრადიციები და ვფიქრობ, ახალგაზრდები ცვლიან ამ ყველაფერს. მოკლედ - ადამიანი არის თავისუფალი და როგორც სურს ისე უნდა იცხოვროს.

-ქართველ გოგონებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობ. როგორი დამოკიდებულება გაქვს მათთან, ვინც შენდამი გრძნობებს არ მალავენ?

- რაც არ უნდა მოხდეს, გამორიცხულია მე ადამიანი დავაიგნორო. ვცდილობ ყველას ვუპასუხო სოციალურ ქსელში. იყო რამდენიმე ასეთი შემთხვევა, როცა გოგონები მარტივად გაიხსნნენ ჩემთან, მაგრამ ეს ყველაფერი საუბრით და მეგობრული დამოკიდებულებით მოგვარდა.

-საკმაოდ დიდ ხანს იცხოვრე უცხოეთში. როგორ ფიქრობ ქართველი ქალებისთვის უფრო სასურველი ხარ თუ უცხოელებისთვის?

- უცხოელი ქალებისთვის. ეს იმის ბრალია ალბათ, რომ ქართველები თავდაჭერილები და თავშეკავებულები არიან უფრო, მაგრამ ფაქტია, რომ უცხოელი გოგონებისგან მეტი ყურადღება იგრძნობა ყოველთვის.

-რა პარალელს გაავლებ თქვენსა და ახალ თაობას შორის, რომლებიც ახლა იწყობენ კარიერას?

- ძალიან კარგი ახალი თაობა გვყავს. მეტი გასაქანი აქვთ, ვიდრე ჩვენ გვქონდა. ჩემს დროს თუ ორი ბავშვი წავიდოდა უცხოეთში, ამბობდნენ ბედი ჰქონია ღმერთმა გადმოხედაო. ახლა გასვლითი ტურები მასიურია, საშუალებაც მეტია განვითარების. არის ფაჩულიას აკადემია, რომელსაც ტრენერები ჩამოჰყავს საქართველოსში და ეს პირობები უკვე ძალიან კარგია.

-შენი ყველაზე წარმატებული თამაში?

- ჩემი ყველაზე წარმატებული თამაში იყო „ჰაისქულში“, ბეჭედი მაქვს მოგებული, კალიფონიის შტატის ჩემპიონი გავხდი. ასევე არის პატარ-პატარა ტიტულები. საუკეთესო მოთამაშე ოთხჯერ გავხდი ჩემს შტატში. საუკეთესო ბომბარდირი და ასე შემდეგ...

-უკავშირდება თუ არა შენი სამომავლო გეგმები საქართველოს?

- კარიერას როდესაც დავამთავრებ, მე მინდა საქართველოში დავბრუნდე და აქ ვიცხოვრო. მაგრამ ჯერ-ჯერობით უცხოეთში ვაპირებ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100