სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გლდანში გაზის გაჟონვის შედეგად 33 წლის მამაკაცი დაიღუპა

გლდანში გაზის გაჟონვის შედეგად 33 წლის მამაკაცი დაიღუპა. კიდევ ერთი მოწამული ახალგაზრდა მამაკაცი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.

გაზის გაჟონვა გლდანში, მე-3 "ა" მ/რ-ში, მოხდა, სადაც ახალგაზრდები ნაქირავებ სახლში ცხოვრობდნენ.

არსებული ინფორმაციით, გაზის მილი ცენტრალურ სავენტილაციო სისტემას იყო მიერთებული, რის გამოც გაზმა ქვედა ორ სართულზეც გაჟონა, სადაც კიდევ 2 ადამიანი მოიწამლა.

112-ში დახმარებისთვის სწორედ პირველ სართულზე მცხოვრებმა ცილ-ქმარმა დარეკა. თუმცა, დაზიანება მათ ბინაში არ აღმოჩნდა და შემობის დათვალიერებისას მიაგნეს გაჟონვის კერას, სადაც ბინაში 2 მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ, მათგან ერთი კი უკვე გარდაცვლილი იყო.

ყაზტრანსგაზ-თბილისის ინფორმაციით, ადგილზე მისულმა მათმა თანამშრომლებმა ჩაჭრეს კუსტარულად დამონტაჟებული აკრძალული ღია კამერიანი დანადგარი.

"კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისი აფრთხილებს გაქირავებული და დაგირავებული ბინების მეპატრონეებს, სასწრაფოდ ჩახსენით ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები (კალონკები) და გაზგამათბობლები, ასევე, ნუ გამოიყენებთ კორპუსის სავენტილაციო არხებს საკვამლე მილების დასაერთებლად, რადგან ამით კლავთ თქვენს კორპუსში მცხოვრებ სხვა მობინადრეებს. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებას" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ სტატისტიკის მიხედვით, CO-თი მოწამვლის და გარდაცვალების 70% გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება, რადგან ბინის მეპატრონეები ნაკლებად იცავენ უსაფრთხოებას იქ, სადაც თავად არ ცხოვრობენ, რაც დანაშაულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100