სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"იმის მაგივრად რომ დაგვეხმარონ ბავშვს მართმევენ, წუთი-წუთზე წაიყვანენ ჩემს შვილს, უნდათ რომ წამართვან" - სულორში გაჭირვებულ დედას შვილთან აშორებენ, ვანის მერი კი ამბობდა დავეხმარებითო

ამ წუთებში, ვანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ციხესულორში მცხოვრები ბიბილაშვილების ოჯახიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩვილი ბავშვი მიჰყავთ. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლების ინფორმაციით 4 თვის ბავშვი 7 კილოგრამს იწონის, ამიტომაც ის საავადმყოფოში გადაჰყავთ და რადგანაც სახლში საცხოვრებელი პირობები არ არის, ბავშვს ოჯახში, სავარაუდოდ, აღარც დააბრუნებენ.

დრონი.ჯი ბავშის დედას თიკო ცერცვაძეს ესაუბრა:

უკიდურესად რომ გვიჭის და საჭმლის ფული არ მაქვს, რის გამოც რძეც კი გამიშრა, ეს ალბათ უკვე იცით, ხმას ამოიღებ გაჭირვებაზე და იმის ნაცვლად რომ დაგეხმარონ ბავშვი მიჰყავთ. დღეს ვანის მერი და სოციალური მუშაკები მოვიდნენ, მერმა 20 კილო პურის ფქვილი, გერკულესი, პეჩენიები, ბრინჯი, ბულკები, ლობიო, ვაფლი, ზეთი, ბანანი, ყველი, პური, კარტოფილი მოგვიტანა, შემდეგ წავიდა. სოციალური სააგენტოს წარმომადგენლები კი დარჩნენ და ახლა წუთი წუთზე წაიყვანენ ჩემს შვილს საავადმყოფოში, ჩვენ ვალდებულები ვართ ასეთ პირობებში არც გავაჩეროთ და ბავშვი უკან აღარ დაგიბრუნოთო მეუბნებიან, იმის მაგივრად რომ დაგვეხმარონ ბავშვს მართმევენ, უნდათ რომ წამართვან, ჩემს შვილს მე ვერავის გავატან“ - ამბობს ჩვენთან საუბარში ბავშის დედა.

ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ვანის მერს. აი, რა განუცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა დრონი.ჯი-ს:

"დღეს დილით ვიყავით მისულები და დავეხმარეთ ოჯახს რითად შეგვეძლო, ადრეც ბევრჯერ დავხმარებივართ ამ ოჯახს, ოჯახის უფროსს ტარიელს და მის მამას აქვს სოციალური დახმარება, ბავშვი და დედა კი აქ არ არიან ჩაწერილები და ჭიათურაში აქვთ დახმარება, აქამდე ბავშვი არ ჰყავდათ, მართალია ის რომ სახლში, სადაც აღნიშნული ოჯახი ცხოვრობს საცხოვრებლად არ გამოდგება, ბავშისთვის არანაირი პირობა არ არის, ამიტომაც მერია შეეცდება, რომ მათ დაეხმაროს და ოთახი მაინც ავუშენოთ".

ალექსანდრე გოგორიშვილს ჩვენთან საუბარში არაფერი უთქვამს ოჯახიდან ჩვილის წაყვანასა და ბავშის დედასთან დაშორებაზე, მან ხაზგასმით განაცხადა, რომ ოჯახს დაეხმარებოდა, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბავშვი უკვე გაჰყავთ ოჯახიდან ჯერ საავადმყოფოში, შემდეგ კი, როგორც ჩვილსი დედა ამბობს, ალბათ, ოჯახს აღარც დაუბრუნებენ.

შეგახსნებთ, რომ ოჯახი რამდენიმე კვადრატ ხის ქოხში ცხოვრობს, რომელსაც კარი და ფანჯარა არ აქვს, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

ციხესულორში მცხოვრები ოჯახის უფროსი ტარიელ ბიბილაშვილი კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა და ფიზიკური სამუშაოების შესრულება არ შეუძლია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100