თბილისში 15 წლის გოგონა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

თბილისში, მე-9 კლასელი გოგონა კორპუსის მე-7 სართულის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა. გოგონა 123-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.

გოგონას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც 123-ე საჯარო სკოლის დირექტორი, თამარ ლოსაბერიძე აცხადებს, მომხდარის შესახებ სკოლამ დღეს დილით გაიგო ერთ-ერთი მოსწავლისგან. ლოსაბერიძის თქმით, შემთხვევა გუშინ ღამით, მოზარდის საცხოვრებელ სახლში მოხდა.

"გოგონას თანაკლასელს ერთ-ერთმა მოსწავლემ მისწერა, რაღაც მოხდაო. ჩვენთვის არ იყო ცნობილი თავიდან, შემდგომ გადავრეკეთ და დადასტურდა, რომ სიმართლე ყოფილა. გამორჩეული გოგონა იყო, გამოირჩეოდა განათლებით, თავისი ასაკის ბავშვებს უსწრებდა. თავისუფალი აზროვნება ჰქონდა, იტყოდი, რომ მეცხრე კლასელი კი არა, მეთორმეტე კლასელი იყო" - განაცხადა სკოლის დირექტორმა.


კომენტარი