სკანდალური აღიარება - გახარიამ დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ე.წ. რაკეტისებრი ტყვიები გამიზნულად გამოიყენეს

სკანდალური აღიარება 20 ივნისის სისხლიანი ღამიდან ზუსტად სამი კვირის შემდეგ - გიორგი გახარიამ დახურულ შეხვედრაზე თქვა, რომ ე.წ. რაკეტისებრი ტყვიები გამიზნულად გამოიყენეს, რადგან სამართალდამცველების არსენალში უკვე არსებულ და კარგად აპრობირებულ რეზინის ტყვიებს საკმარისი შედეგი არ ექნებოდა. ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა ექსპერტებთან და ანალიტიკოსებთან შეხვედრაზე გააკეთა.

ექსპერტების თქმით, მათ გიორგი გახარიამ განუცხადა, რომ პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების დროს პატარა რეზინის ტყვიებმა ეფექტი ვერ მოახდინა.

„აქ იმოქმედა, გარკვეულწილად ალბათ, პანკისის მოვლენებმა, აქციამ, როცა, ფაქტობრივად, ზეგავლენა ვერ მოახდინა იმ პატარა რეზინის ტყვიებმა, ეს მისი მოსაზრება იყო, ღიად ისაუბრა. ეს არის ისეთი მოსაზრებები, როცა მომხდარი ფაქტის შემდეგ თვითონაც აანალიზებს,“ - განაცხადა ექსპერტმა სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან გამყრელიძემ.

ანალიტიკოსების თქმით, გიორგი გახარიამ მათ განუცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, თუმცა ამბობს, რომ 20 ივნისს ბრძანება მან გასცა და მომხდარი მისი პასუხისმგებლობაა. ექსპერტების განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა მათ უთხრა, რომ აქციის დაშლის დროს ადგილი ჰქონდა ცალკეულ გადაცდომებს.

„მან თქვა, რომ ის არ აპირებს წასვლას, რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, თქვა, რომ ბოლომდე, მთლიანად არის ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი, მე ვარ მთელი ამ პროცესის თავი და თავი და ბრძანებაც ჩემი გაცემულია. თვითონაც გაუსვა ხაზი იმას, რომ გადაცდენა, რამდენიმე შემთხვევა იყო, ერთი ეპიზოდიც კი მოყვა, რომ 50 მეტრიდან სადღაც სკვერში მდგარ ადამიანებს ესროდაო ერთ-ერთიო, ეს მისი სიტყვებია. მან თქვა, რომ ყველაფერი უნდა გაირკვეს, ვინ, რა ჩაიდინაო და აქედან გამომდინარე, შემდეგ დასკვნების გაკეთება შეგვიძლიაო. მაგრამ, რასაკვირველია, ის ხაზს უსვამდა მხარეების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ქმედებებს, რომელიც იქ მოხდა,“ - განაცხადა სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელმა, მამუკა არეშიძემ.


კომენტარი