სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სკანდალი: „ქრონიკის“ ჟურნალისტები „ოცნების“ ცენზორს, ნიკა ლალიაშვილს დაუპირისპირდნენ - სკანდალი და დიდი გარჩევა სამთავრობო „იმედში“...

დიდი სკანდალი სამთავრობო ტელეკომპანია იმედში. ქრონიკის ჟურნალისტები ნიკა ლალიაშვილს დაუპირისპირდნენ, რომელსაც ერთგვარი ცენზორის ფუნქცია აქვს დაკისრებული.

საქმე ეხება ორი დღის წინ, ქრონიკაში გასულ სიუჟეტს იმის შესახებ თუ როგორ დააზარალა რუსთაველზე გამართულმა ანტისაოკუპაციო აქციებმა ტურიზმი...

ეს სიუჟეტი ლალიაშვილმა ქრონიკის ჟურნალისტს, ნუცა ტრაპაიძეს დაავალა იმ გათვლით რომ მას ანტისაოკუპაციო მიტინგის დისკრედიტაცია უნდა მოეხდინა.

სამთავრობო მესიჯბოქსით გაჯერებულ სიუჟეტში საუბარია იმაზე რომ რუსთაველზე გამართული მიტინგების გამო, უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობამ იკლო.

ამის თაობაზე სასტუმროს მეპატრონე, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და გაურკვეველი პირი საუბრობს, რომელიც სიუჟეტში მოხსენიებულია როგორც გიდი, თუმცა, ტიტრებში მისი ვინაობა მითითებული არ არის... ერთერთი ვერსიით, ის ქართული ოცნების აქტივისტია.

მიუხედავად იმისა რომ სამთავრობო იმედი ყველანაირად ცდილობს ანტისაოკუპაციო მიტინგს ვიზოტორთა შემცირება დააბრალოს, ქართული ოცნებისადმი უკიდურესი ლოიალობით გამორჩეული ნიკა ლალიაშვილი მაინც უკმაყოფილო დარჩა და ჟურნალისტ ნუცა ტრაპაიძის გათავისუფლება დააპირა.

სწორედ ლალიაშვილის ამ გადაწყვეტყილებას მოჰყვა ქრონიკის ჟურნალისტების პროტესტი.

როგორც ჩანს, ცენზორი ლალიაშვილი, ჟურნალისტებს არათუ დავალებებს აძლევს, არამედ, არაკორექტულად მოიხსენიებს და მათ ბედს პარტიული კონიუნქტურის შესაბამისად წყვეტს...

სიუჟეტის ავტორმა, ლალიაშვილის უკაყოფილების შესახებ გადაღებაზე გაიგო, ხოლო ქრონიკის ჟურნალისტებმა ცენზორის გადაწყვეტილება მწვავედ გააპროტესტეს.

ნუცა ტრაპაიძის მხარე დაიჭირა იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნანა ლეჟავამაც, რომელიც ამ ფუნქციას უკვე ვეღარ ასრულებს - სწორედ ქართული ოცნების ცენზორების ახირების გამო.

მეტიც, სიტუაცია იქამდე მივიდა რომ ქრონიკის ჟურნალისტებმა საპროტესტო წერილის შედგენა და მისი გავრცელება დააპირეს.

ხოლო ერთერთმა მათგანმა (მის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ) ამის თაობაზე ქართული ოცნების ერთერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს აცნობა.

მდინარაძე მიხვდა რომ თუ რუსთავი ორში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, საზოგადოება სამთავრობო იმედში არსებული მდგომარეობის შესახებ შეიტყობდა, შესაძლოა, სიტუაცია კიდევ უფრო გართულებულიყო.

ამიტომ, ქართული ოცნების პარტიულმა აქტივმა ნიკა ლალიაშვილს არათუ ჟურნალისტის გაშვება, არამედ, ნიუსრუმში შესვლაც კი აუკრძალა.

გარანტიების მიღების შემდეგ, ქრონიკის ჟურნალისტებმა საპროტესტო ხასიათის წერილის მომზადება-გავრცელებაზე უარი თქვეს.

ხოლო ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის რომ ტელეკომპანია იმედი ქართული ოცნების მიერ დანიშნული ცენზორების დირექტივებით მუშაობს და იმ ჟურნალისტების უფლებები, რომლებიც სამთავრობო დაკვეთას ვერ ან არასათანადოდ ასრულებენ, დაცული არ არის.

ნიკა ლალიაშვილი ადასტურებს იმ ფაქტს რომ მას ნუცა ტრაპაიძის მიერ მომზადებული სიუჟეტი, ანტისაოკუპაციო მიტინგის გამო ჩავარდნილი ტურისტული სეზონის შესახებ, მართლაც არ მოეწონა.

თუმცა, ქართული ოცნების მიერ მივლენილი ცენზორი ჟურნალისტის გათავისუფლების მცდელობასა და სამთავრობო იმედის საქმეებში მამუკა მდინარაძის ჩარევის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

განსხვავებით იმედის მოქმედი თანამშრომლებისგან, რომლებმაც სწორედ ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

დრონი.ჯი: ნიკა, რატომ ცდილობდით ჟურნალისტ ნუცა ტრაპაიძის სამსახურიდან გაშვებას?

ნიკა ლალიაშვილი: არ შეესაბამება სიმართლეს ის, რასაც თქვენ მეკითხებით...

- ამ ინფორმაციას იმედის ჟურნალისტებიც ადასტურებენ და ისიც ვიცით, რომ ტურიზმზე დაავალეთ სიუჟეტის მომზადება, არ მოგეწონათ მისი გაკეთებული სიუჟეტი და სწორედ ეს გახდა მიზეზი...

- სიუჟეტი არ მომეწონა, მაგრამ თუ ვუშვებდი, ხომ გავუშვებდი კიდეც...

- უბრალოდ, ჟურნალისტების პროტესტი მოჰყვა თქვენს გადაწყვეტილებას და ამიტომ ვერ გაუშვით...

- არაფერი მსგავსი არ ყოფილა, სიუჟეტი დავავალე, არ მომეწონა, მაგრამ სიუჟეტის არმოწონება არ არის საფუძველი სამსახურიდან გაშვებისა...

- მამუკა მდინარაძის ჩარევის შემდეგ თქვენ ნიუსრუმში შესვლა აგიკრძალეს, არა?

- მამუკა მდინარაძე არის საქართველოს პარლამენტის წევრი, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ნიუსრუმთან.

- არ ადასტურებთ?

- არ ვადასტურებ კი არა, კატეგორიულად უარვყოფ, როგორ შეიძლება პარლამენტის წევრი ან ნებისმიერი გარე ადამიანი, რომელიც არ არის ტელევიზიის მენეჯმენტში, ერეოდეს ამ ტელევიზიის საქმიანობაში?

- დიახ, მაგრამ არაერთხელ ყოფილა მსგავსი ფაქტი...

- მე ასეთი ფაქტი არ მახსოვს და ვერანაირად ვერ დავადასტურებ ამ ინფორმაციას.

დრონი.ჯი ცდილობდა დაკავშირებოდა ჟურნალისტ ნუცა ტრაპაიძესა და მამუკა მდინარაძეს. თუმცა, ისინი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

იხილეთ სიუჟეტი, რომელსაც ლალიაშვილსა და ქრონიკის ჟურნალისტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100