სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავს

პარლამენტთან გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელზეც ოპოზიციონერები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენას აპროტესტებენ.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, გახარიას გაპრემიერებას საქართველოს მოსახლეობა არ შეეგუება. მისი თქმით, მოსახლეობას 20 ივნისის ჭრილობები არ მოშუშებია და გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენის გამო პროტესტი უფრო და უფრო გაძლიერდება.

„დღეს აქ მოვედით, რომ კიდევ ერთხელ გავაგებინოთ „ქართული ოცნების“ სამარცხვინო დეპუტაციას, რომ ისინი რასაც აკეთებენ, არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და არის მიმართული ქვეყნის საწინააღმდეგოდ. გიორგი გახარიას გაპრემიერებას არასდროს შეეგუება არა ოპოზიცია, არა სამოქალაქო სექტორი, არამედ საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც არ დავიწყებია და არ მოუშუშებია 20 ივნისის ჭრილობები და ვერც მოიშუშებს, სანამ გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ახლა საერთოდ დააპირეს, რომ პრემიერ-მინისტრი გახადონ. ამიტომ, ეს პროტესტი დღითიდღე უფრო ძლიერი გახდება, მასშტაბებიც უფრო გაიზრდება და ამ ხელისუფლებას საქართველოს მოსახლეობა დაანახებს საკუთარ ძალას. თუ დღემდე ეს ძალა მას არ დაუნახავს, ახლა ნამდვილად დაინახავს“, - აღნიშნა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის 8 სექტემბერს, პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაც.

„ჯერ ვერაფერს გეტყვით, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. რა თქმა უნდა, კვირას იქნება დიდი საპროტესტო დღე, რადგან კვირას გეგმავენ, რომ დაამტკიცოს „ქართულმა ოცნებამ“ გახარია პრემიერად და ბუნებრივია, ჩვენი პროტესტი ძალიან ხმამაღალი და ძლიერი იქნება“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100