სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მასტერკლასები, ლიტერატურა და კარგი მუსიკა - სასტუმრო „მარკო პოლოს“ ორგანიზებით „ლიტფესტ გუდაური 2019“ ჩატარდა

7 სექტემბერს, გუდაურში სასტუმრო „მარკო პოლოს“ ორგანიზებითა და „მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით, ლიტერატურული ფესტივალი მეოთხედ გაიმართა. ფესტივალის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება და წლევანდელი „ლიტფესტ გუდაურიც“ საინტერესო აქტივობებით გამოირჩეოდა.

ღონისძიება დილის 11 საათზე, წიგნების ბაზრობის გახსნით დაიწყო. რამდენიმე გამომცემლობამ საბავშვო, მხატვრული და სასკოლო ლიტერატურა წარმოადგინა, რომლის შეძენაც სტუმრებს ხელმისაწვდომ ფასად შეეძლოთ, ხოლო ვიქტორინაში გამარჯვებულმა მონაწილეებმა გამომცემლობების მიერ დაწესებული საჩუქრები მიიღეს.

მთელი დღის მანძილზე, სტუმრებს საინტერესო სპიკერების ლექციების მოსმენა შეეძლოთ, ლევან ბერძენიშვილი ლიტერატურის მოყვარულებს თანამედროვე ლიტერატურის ტენდენციებზე ესაუბრა. ბიზნეს ლიტერატურით დაინტერესებული სტუმრებისთვის მასტერკლასი სოსო გალუმაშვილმა ჩაატარა. მწერალმა ანა კორძაია-სამადაშვილმა კი მსმენელებს ჯგუფ 47-სა და ინგებორგ ბახმანზე მოუყვა.

წლევანდელი ფესტივალის კიდევ ერთი საინტერესო სიახლე გადაცემა „წიგნების თაროს“ მონაწილეობა იყო, რომლის ფარგლებშიც მოსულ სტუმრებს საკუთარი ცოდნის წარმოჩენის საშუალება ჰქონდათ და გათამაშებაში გამარჯვებულებს საინტერესო პრიზები გადაეცათ.

სასტუმრო „მარკო პოლომ“ ბავშვებზეც იზრუნა და სპეციალურად მათთვის კომფორტული გარემო შექმნა, სასტუმროს ტერიტორიაზე სათამაშო და საბავშვო კუთხეები მოეწყო, სადაც რეგიონებიდან ჩამოსულმა ბავშვებმა ფიროსმანის ნახატების გაცოცხლება შეძლეს.

სუფთა ჰაერზე განტვირთვის, გართობისა და დასვენების პარალელურად, სტუმრების განწყობაზე DJ Hatsvali-მა იზრუნა.

მათ, ვისაც ლიტერატურა, მუსიკა და მთა უყვართ, ღონისძიებაზე დასწრება მომავალ წელსაც შეეძლებათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100