მუშათა სასაკლაოდ ქცეული სამსახური და სიცოცხლის ფასად გამოკვებილი ოჯახის წევრები - რატომ ვერ უზრუნველყოფენ დამსაქმებლები მუშების შრომის უსაფრთხოებას?

2019 წლის მაისი - თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, სამშენებლო ობიექტზე დაიღპა მუშა...

2019 წლის მაისი - ტყიბულში ქვანახშირის კარიერის ჩამოშლის დროს დაიღუპა მაღაროელი...

2019 წლის ივლისი - თბილისში, მშენებლობაზე დაიღუპა 16 წლის მუშა ლაგოდეხიდან, რომელმაც ძმისა და მამის გარდაცვალების შემდეგ საკუთარ თავზე იტვირთა ოჯახის ფინანსური ვალდებულებები...

2019 წლის სექტემბერი - ქობულეთში, სამშენებლო ობიექტზე დაიღუპა ერთი მუშა...

2019 წლის სექტემბერი - თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად დაიღუპა კიდევ ერთი მუშა...

2019 წლის ოქტომბერი - ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში დაიღუპა მაღაროელი, რომელსაც ორსული ცოლი და მცირეწლოვანი შვილი დარჩა...

გამარჯობა... ეს საქართველოა - ქვეყანა, სადაც ფინანსური სიდუხჭირისა და მასიური უმუშევრობის გამო ადამიანებს უწევთ დათანხმდნენ იმ ურთულეს სამუშაო პირობებს, რომელსაც დამსაქმებლები სთავაზობენ და გაფიქრებაც კი არ უნდათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა, ისინიც (სხვების მსგავსად) მასიური სასაკლაოს მსხვერპლნი გახდენენ.

ის, ვინც ამ ქვეყანაში არ ცხოვრობს, ვერასდროს მიხვდება, თუ რატომ უღირთ საკუთარი სიცოცხლის გაწირვა ამ მუშებსა და მაღაროელებს. აი, ჩვენ კი, ყველანი, მიჩვეულნი ვართ ერთ მარტივ ფრაზას - არ მოგწონს? შეგიძლია წახვიდე... და მართლაც, ძალიან მარტივია დასაქმებულის შემცვლელის მოძებნა, რადგან დამსაქმებელი, უკვე მრავალი წელია, ქვეყნის შიგნით არსებული სოციალური ფონით სარგებლობს და უამრავ უმუშევარში შეძლებს ისეთი მუშა ხელის დასაქმებას, რომელიც ყველა მის ბრძანებას ზედმეტი ფიქრისა და კითხვების გარეშე შეასრულებს, რადგან „სამსახურები არ ყრია“ და უმუშევრად ყოფნას ისევ საკუთარ თავზე გადაბიჯება ჯობია. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა არა თუ შესაფერის პირობებს უქმნის დასაქმებულებს, არამედ სამუშაო ობიექტებზე მათ უსაფრთხოებასაც არ უზრუნველყოფს.

მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება დადო, სხვა ბევრ შესასრულებელ პუნქტებთან ერთად, მან აიღო ვალდებულება, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარებისთვის ხელი შეუწყოს სოციალურ პასუხისმგებლობას. როგორც ევროპელებისგან ვიცით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) არის ერთგვარი კონცეფცია, რომლის თანახმადაც კომპანია დაინტერესებულ მხარეებთან (დასაქმებულებთან, კლიენტებთან და ა.შ) იზიარებს სოციალურ და ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას და ზრუნავს იმ საზოგადოებასა და გარემოზე, რომლის ნაწილიც თავად არის.

რა თქმა უნდა, განვითარებულ ქვეყნებში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არის გარანტი იმისა, რომ სხვადახვა კომპანიები აიღებენ ვალდებულებას, კეთილსინდისიერად შეასრულონ ის პირობები, რომელიც სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ მის მიერ შექმნილ ბიზნესს, არამედ დაქირავებულ მუშა ხელს, საზოგადოებას, გარემოს და რაც ყველაზე მთავარია, დასაქმებულები თავიანთ სამსახურეობრივ მოვალეობას უსაფრთხო გარემოში შეასრულებენ...

საქარველოს ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ სწორედ იმისთვისაა შექმნილი, რომ გატარებულ იქნას პრევენციული ზომები, დაცული იყოს დასაქმებულთა უფლებები და უსაფრთხოება, რომელიც ასე აკლია ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მშენებლობებზე, მაღალი რისკის შემცველ ობიექტებზე ან მაღაროებში არიან დასაქმებულნი.

მაგრამ... აქ არის ერთი ძალიან დიდი „მაგრამ“ - სამწუხაროდ, „დასაქმება ქართულად“ ცოტა სპეციფიკური დატვირთვისაა და დამსაქმებლები შრომის კოდექსის გვერდის ავლით ახერხებენ თავიანთი ბიზნესის მართვას ისე, რომ სახელმწიფო არც კი ინტერესდება იმ ადამიანთა უფლებებით, რომლებიც დასაქმებულნი არიან. დიახ, მეგობრებო, დასაქმებულ ადამიანს ისიც ეყოფა, რომ ლუკმა-პურის ფულს გამოიმუშავებს და სამსახური აქვს, რა საჭიროა დეტალებში ჩაძიება - დაახლოებით ასეთი მიდგომა ჰქონდა მრავალი წლის განმავლობაში სახელმწიფოს, რომელიც ვალდებულია თავის მოქალაქეებზე იზრუნოს და პასუხისმგებლობა და მოვალეობა გააჩნია იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც გაჭირვებით იხდიან გადასახადებს და „აფინანსებენ“ მაღალჩინოსნების ცხოვრებას.

სწორედ მათი უპასუხისმგებლობით, 2019 წლის იანვრიდან მარტამდე შუალედში სამუშაო ობიექტზე დაიღუპა 11 და დაშავდა 3 მუშა. 2019 წლის სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 9 წლის განმავლობაში დაიღუპა 393 და დაშავდა 1097 მუშა. 2009-2014 წლებში მინდელის მაღაროში 15 მაღაროელი დაიღუპა. ეს რიცხვი, დღეის მონაცემებით, საგრძნობლად არის გაზრდილი და არც ერთი შემთხვევა ბოლომდე გამოძიებული არ არის.

ყველა ინციდენტსა და უბედურ შემთხვევას აქვს თავისი სტატისტიკა, რომელიც, სინამდვილეში, არაფრის მომცემია მხოლოდ იმიტომ, რომ ციფრებს უკეთესობისკენ არ შეუცვლიათ არსებული მდგომარეობა. ყოველი უბედური შემთხვევა გამოწვეული იყო უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო და თითოეულის სიკვდილი ჩაწერილია გრაფაში, როგორც გაუფრთხილებლობით გამოწვეული სიცოცხლის მოსპობა.

2019 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც სავალდებულოა, კომპანიას ობიექტზე ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების ინსპექტორი. ეს არის პირველი დიდი ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფომ გადადგა არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსასწორებლად და რეალურად, ამ ქმედებას დიდი ძალისხმევა სულაც არ სჭირდებოდა, უბრალოდ, აუცილებელი იყო იმ ადამიანების მდგომარეობის გულთან ახლოს მიტანა, რომლებიც სულაც არ არიან ექსტრემალები, მაგრამ ყოველღიურ რისკიან რეჟიმში ყოფნა უწევთ, რათა ოჯახის წევრები გამოკვებონ და გადასახადებიც შეძლებისდაგვარად იხადონ.

საზოგადოების დანარჩენმა წევრებმა კი ევროპას უნდა მოვთხოვოთ, რაც შეიძლება მეტი პოპულარიზაცია გაეწიოს CSR-ს და ყველა სეგმენტის დასაქმებულებში გავრცელდეს მუშაობის ძალიან მარტივი პრინციპი - მე დასაქმებული ვარ და ხელფასს ვიღებ იმაში, რომ დაკისრებულ მოვალეობას კეთილსინდისიერად ვასრულებ და შენ, დამსაქმებელს, არ გაქვს უფლება, მომექცე, როგორც მონას. შენ მე არ მარჩენ, მე თავად ვარჩენ საკუთარ თავს... შენ ქველმოქმედი არ ხარ და ფულს საკუთარი ჯიბიდან არ მიხდი, არამედ ეს ფული იმიტომ გაქვს, რომ მე არა მარტო ჩემთვის, შენთვისაც ვმუშაობ და თუ ეს არ მოგწონს, მაშინ მოძებნე ისეთი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს გააკეთებს და თავის უფლებებს ფეხქვეშაც გათელავს შენს გამო, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ხელფასსაც არ მოგთხოვს, თუ უხასიათოდ ხარ... მე კი ქართველი ვარ და მაშასადამე ევროპელი, ამიტომ ვიმსახურებ ისეთ დამსაქმებელს, რომელიც ასევე ეთანხმება ევროპის მიერ შემოთავაზებულ პირობებს და დააფასებს ჩემს შრომისუნარიანობას, შესაბამისად, ეს იქნება ურთიერთთანამშრომლობის ყველაზე საიმედო და მყარი მოდელი, რომელიც ახალ სტატისტიკას შექმნის და სხვა ღირებულებებს დანერგავს საქართველოს შრომით ბაზარზე.

კომენტარი