სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასამართლომ "ანას ბაღთან" აქციის დროს დაკავებულ პირებს ფულადი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული ოთხი პირის პროცესი გაიმართა.

მოსამართლემ სამშენებლო კომპანია შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ სამ თანამშრომელს 700-ლარიანი, ხოლო აქციის მონაწილეს გიორგი ფხალაძეს 900 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც ორი მოწმის ჩვენება მოისმინა, ნახა ინციდენტის ამსახველი კადრები და გაეცნო დაკავებულების პოზიციებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ პატრული, რომელმაც აქციის მონაწილე გიორგი ფხალაძე დააკავა, მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

"მე მომისაჯეს ფულადი ჯარიმა 900 ლარის ოდენობით, მედავებოდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც ჩემი მხრიდან არ ყოფილა და ეს კადრებშიც კარგად ჩანს, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც უშვერი სიტყვებით მომმართავდნენ (ეს ფეისბუკის ლაივ-ვიდეოშიც ასახულია), დაჯარიმდნენ 700-700 ლარით. როგორც მოსამართლემ განმარტა, მათი შედარებით დაბალი ჯარიმა განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ მათ აღიარეს დანაშაული, მე კი არა. რა უნდა მეღიარებინა, რაც არ ჩამიდენია? ამიტომ დანაშაულის არ აღიარებაში დამაკისრეს 900 ლარი. ჯერ-ჯერობით არ ვიცი, გავასაჩივრებთ თუ არა სააპელაციოში, ჩემს იურისტთან ამის შესახებ არ მისაუბრია" - განაცხადა დრონი.ჯი-სთან საუბარში გიორგი ფხალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 10 იანვარს ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა 166-ე მუხლით - წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით აქციის მონაწილეები და ასევე სამშენებლო კომპანია შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ თანამშრომლები, სულ ათამდე პირი დააკავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100