არაბმა შეიხებმა ამინდი და 23-ადგილიანი სპორტული ლიმუზინი იყიდეს (ვიდეო)

შუა უდაბნოში აშენებული სათხილამურო კურორტები, ხელოვნურად შექმნილი კუნძულები, ოაზისები უდაბნოში – ეს ყველაფერი არაბი შეიხების ფანტაზიის ხორცშესხმული ვერსიებია. როდესაც ბევრი ფული გაქვს, შეგიძლია საკუთარ თავს ყველანაირი კაპრიზი შეუსრულო, გააკეთო ის რაც, ჩვეულებრივად, არანორმალურად ითვლება.

ცოტა ხნის წინ, არაბმა მილიარდერებმა ახალი გამოგონების ხორცშესხმა შეძლეს. კუნძულების, იახტების, მანქანების შემდეგ, მათ ამინდიც იყიდეს. იყიდეს პირდაპირი მნიშვნელობით, შენაძენი კი 11 მილიონი დოლარი დაუჯდათ. „შეკვეთილ“ წვიმას თან სეტყვა და ელვაც ახლდა, რითიც მოსახლეობა საკმაოდ შეაშინეს.

ბრიტანულმა კომპანია Bentley Motors–მა, სპეციალურად არაბი შეიხებისათვის, ცოტა ხნის წინ, ლიმიტირებული სერიის 50 მანქანა გამოუშვა. ჩატარებული კვლევების თანახმად, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, Bentley–ის მარკის მანქანების მყიდველთა 10 % ახლო აღმოსავლეთზე მოდის. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ბრიტანულმა კომპანიამ, თავის ერთგულ პარტნიორებს ექსკლუზიური მოდელები შესთავაზა.

Continental Flying Spur Arabia–მ და Continental Flying Spur Speed Arabia–მ პატარა ცვლილებები შეიტანეს მოდელში და „არაბულ“ სტილში გადააკეთეს. მანქანის სალონი გაფორმებული პატარა ხის გასაშლელი მაგიდებით, კოსმეტიკური სარკეებით, ქრომირებული ინტერიერის აქსესუარებითა და მაღალი ხარისხის ფარდაგებით.

როგორც ვიცით, მუსულმანურ სამყაროში ყველაზე იშვიათი და ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელის მოხმარებაც აკრძალულია. თუმცა, არაბმა შეიხებმა ელიტარულ ალკოჰოლს ღირსეული ჩამნაცვლებელი მოუძებნეს. წელს არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, კომპანია Beverage–მა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული არაალკოჰოლური სასმელი Ruwa წარუდგინა.

სასმელი ელდერის კენკრის ექსტრაქტზე მზადდება, 8 000 ბრილიანტით გაფორმებულ ბროლის შუშაში ასხია და თეთრი ოქროს საცობი ამშვენებს. აღნიშნული სასმელი 5,5 მილიონი ღირს. არაბი შეიხებისათვის ეს ნორმალური ფასია.

ჯონ ედგარმა, კომპანია Beverage–ის პრეზიდენტმა, პირობა დადო, რომ Ruwa ახლო აღმოსავლეთის ნამდვილი „ჰიტი“ გახდება.

არაბი შეიხებს ცნობილი ბრენდების ექსკლუზიური მოდელების გარდა, კერძო თვითმფრინავები, ოქროს ლიმუზინები და მდიდრული იახტები ემსახურებიან. ჰოლანდიელმა გამომგონებელმა, ფიზიკოსმა და „ფორმულა 1“–ის აეროდინამიკის ექსპერტმა, ვობო ოსკელზმა, სპეციალურად არაბი შეიხებისათვის, ავტობუსი შექმნა.

Superbus–ი 23 მგზავრზეა გათვლილი. თუმცა ვიზუალური მონაცემებით ავტობუსთან საერთო არაფერი აქვს. იგი უზარმაზარ სპორტულ ლიმუზინს უფრო ჰგავს. მისი გამომგონებელი ვობო ოსკელზი პირველი ჰოლანდიელი ასტრონავტი იყო, რომელიც 1985 წელს კოსმოსში გავიდა. ალბათ ამიტომ მისგან გასაკვირი არაა არამიწიერი, უცნაური ტრანსპორტის შექმნა. სუპერლიმუზინს სიჩქარის 250 კმ. საათამდე გაზრდა შეუძლია და აბუ დაბიდან დუბაიში მგზავრებს ნახევარ საათში ჩაიყვანს. მანქანის სიგრძე 15 მეტრია და 16 კარი აქვს. Superbus–ის ფასი, ასევე, უჩვეულოა და 17 მილიონ დოლარს შეადგენს.

კომენტარი