სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

12 წლის გოგონაზე ძალადობისთვის საგარეჯოში ნათლია-პედოფილი დააკავეს

შენიშვნა: სტატიაში აღწერილი ისტორია რეალურია, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო მოზარდის ვინაობა არ სახელდება

12 წლის გოგონა საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურიდან გაუჩინარდა, ერთი კვირის შემდეგ კი სახლში დარეკა და განაცხადა, რომ გათხოვდა, თუმცა, რჩეულის დასახელებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მოგვიანებით ოჯახმა გაარკვია, რომ 10 დღის განმავლობაში მათი არასრულწლოვანი შვილი 32 წლით უფროს, 44 წლის გოჩასთან ერთად ცხოვრობდა. მამაკაცი მეუღლეს სამი წლის წინ გაშორდა და, რაც მთავარია, იგი 12 წლის გოგონას ნათლია იყო. ის გოგონას ოჯახს ხშირად სტუმრობდა. თავად გოგონა მამაკაცთან სექსუალურ კავშირს აღიარებს, მაგრამ აცხადებს, რომ გოჩას მასზე არ უძალადია. „მიყვარდა და გავყევი“ - ამბობს მოზარდი. იმის მიუხედავად, რომ არასრულწლოვანს ძალადობაზე არაფერი უთქვამს, დაკითხვის შემდეგ, სამართალდამცველებმა 44 წლის გოჩა დაკავეს.

მეზობლები და გოგონას ოჯახის წევრები მამაკაცის მკაცრად დასჯას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ მან გოგონას, მინიმუმ, თავგზა აუბნია, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ძალადობაზე საუბრობს. ერთ-ერთი მეზობლის თქმით, გოგონა ძალადობაზე ახლა არ საუბრობს, მაგრამ მას რამდენიმე თანატოლისთვის უამბნია, როგორ იძალადა მამაკაცმა: „სახლში მარტო რომ დავრჩით, მაისური ამაწევინა და მკერდზე მეფერებოდაო, თანაც, მემუქრებოდა, ხმას თუ ამოიღებ, მარტო შენ კი არა ყველას დავხოცავო, ასე უამბო ჩემს გოგონას“, - ამბობს ერთი მეზობელი ქალი.

მეზობელთა ნაწილი კი მამაკაცის მხრიდან ძალადობას გამორიცხავს: „ეს გოგო ისეთი პატარაც არ არის, ვერ მიმხვდარიყო, რას უპირებდა და თანაც, ეს ხომ გუშინ არ დაწყებულა? მე იმის უფრო მჯერა, გოგო რასაც ამბობს - შემიყვარდაო. დანარჩენი მშობლების მოგონილია“, - ამ ვერსიას ეთანხმება მეორე მეზობელი.

ამ შემთხვევაში, კანონის თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მამაკაცი სექსუალურ კავშირს 12 წლის გოგონასთან ძალადობით ამყარებდა თუ ამ უკანასკნელის სურვილით - ის მაინც დაისჯება.საქართველოს კანონმდებლობა არასრულწლოვანთან ნებისმიერი სახის სექსუალურ კავშირს კრძალავს და ის 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, იმ შემთხვევაში, თუ არ შეიცავს ძალადობის ნიშნებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100