სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დასაშვებია თუ არა ქორწინება პატრიარქის ნათლულებს შორის?

დღეისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს უკვე რამოდენიმე ათასი ნათლული ჰყავს და ეს რიცხვი სწრაფად იზრდება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში უპრეცედენტო დემოგრაფიული ზრდა აღინიშნება. თამამად შეიძლება ითქვას, პატრიარქის ამ ინიციატივამ უკვე დიდი შედეგი მოუტანა ქვეყანას. ამასთანავე, მორწმუნე საზოგადოებაში იბადება კითხვა: პატრიარქის ნათლულებს, როგორც სულიერ ძმებსა და დებს, როდესაც მიაღწევენ ზრდასრულ ასაკს, შეეძლებათ თუ არა ერთმანეთთან ქორწინება?

ამ თემაზე საუბრობს ღვთისმეტყველების დოქტორი კანონიკურ სამართალში, მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი:

„იმის გათვალისწინებით, რომ ეს ბავშვები ერთი თაობისანი არიან, მათმა რიცხვმა უკვე გადააჭარბა ათეულ ათასს და ეს მხოლოდ დასაწყისია, მომავალში აღნიშნული საკითხი მრავალი ოჯახისთვის შეიძლება ძალზე აქტუალური გახდეს.

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა შევისწავლოთ სჯულისკანონი და ზოგადად, მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური პრაქტიკა.

ძველ ქართულ საეკლესიო სამართალში (სამთავისის ეპარქიის კრების კანონები (1459 წ.) და ცაიშ-ბედიის შეკრების კანონებში (1470-1474) წ.)) საუბარია მხოლოდ ნათლიასა და ნათლულის მშობელს შორის ქორწინების აკრძალვაზე. ასეთივე აკრძალვებია დაწესებული მსოფლიოს სხვა მართლმადიდებლური ეკლესიების მიერ, ასევე საეკლესიო კრებებზე მიღებული კანონების მიხედვით.

უკვე ჩვენს დროში, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის 2007 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე გადაწყდა, რომ კონკრეტულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებთან დაკავშირებით იქნას გამოყენებული საეკლესიო იკონომია და მომავალში, თუ შეიქმნება ამის პრეცედენტი, დაიშვას მათ შორის ქორწინება. სტატიაში მოყვანილი ისტორიულ-კანონიკური ფაქტებიდან გამომდინარე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის ასეთი გადაწყვეტილება სავსებით სწორი, საფუძვლიანი და კანონიკურად გამართლებულია”.

2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, საქართველოში მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად, მართლმადიდებელ ოჯახებში ყოველი მესამისა და მომდევნო ბავშვის მონათვლის ინიციატივა გამოთქვა, რაც ორჯერ იქნა მოწონებული საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ 2007 წლის 21 დეკემბრისა და 2008 წლის 27 ივნისის სხდომებზე.

ambioni.ge-ს მიხედვით.

ორიგინალი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100