ხელები შორს ჩვენი საპენსიო დანაზოგებიდან - გიგლა მიქაუტაძე

დღეს "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ საპენსიო ფონდის ოფისთან ბრიფინგი გამართა. მიქაუტაძემ ფონდის საქმიანობისა და მათი არასწორი გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა. “ლელოს” ლიდერმა საქართველოს მთავრობას მიმართა, რომ საზოგადოების საპენსიო დანაზოგი სახელმწიფომ კორუმპირებულ და ზარალიან კომპანიებში არ ჩადოს.
"მას შემდეგ, რაც საპენსიო სააგენტომ ფონდში აკუმულირებული თანხების მხოლოდ საბანკო ანგარიშებზე განთავსება მოახერხა, მთავრობა უკვე ამ ფულის სახელმწიფო კომპანიებში ინვესტირებაზე ალაპარაკდა. ამ საკითხზე პარლამენტში ღიად ისაუბრა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. მე მათ მივმართავ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავონ,”- აცხადებს მიქაუტაძე.
"ლელო საქართველოსთვის" ლიდერის განცხადებით სახელმწიფო კომპანიები, რომლებმაც მხოლოდ 2013-2018 წლებში 3 მილიარდი ლარის ოდენობის ზარალი ნახეს, უნდა პრივატიზდეს და გაჯანსაღდეს.

"ჩვენ საპენსიო ფონდის შექმნას იმ მიზეზით დავუჭირეთ მხარი, თუ ინვესტირება ეკონომიკის ჯანსაღ სექტორებში განხორციელდება და ხელი შეეწყობა ეკონომიკურ ზრდას. წელიწადნახევარი გავიდა დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნიდან და სააგენტოს მენეჯმენტი ისევ არასრულყოფილია. მას კვლავ არ ჰყავს ხელმძღვანელი და არ გააჩნია საინვესტიციო პოლიტიკა. ფონდში აკუმულირებული 1 000 000 ადამიანის 800 000 000 ლარზე მეტი კვლავ საბანკო ანგარიშებზე დევს." - განაცხადს გიგლა მიქაუტაძემ.

კომენტარი