სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „მაესტროსთან“ სპეცრაზმია მობილიზებული

სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მაესტროსთან“ სპეცრაზმია მობილიზებული. სტატუსების მიხედვით, ეს იმის მომასწავებელია, რომ შესაძლოა, სიტუაცია დაიძაბოს. ტელეკომპანიის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ღლონტმა გუშინ ღამით, დაახლოებით 23 საათზე „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში გამოსვლისას ხალხს ტელეკომპანიის ოფისთან მისვლისკენ მოუწოდა, რასაც სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. "როცა ფულს მოგიტანენ, ხალხს მაშინ რატომ არ ეძახი?" – ასეთი კომენტარი დაწერეს მამუკა ღლონტის მოწოდებაზე. მამუკა ღლონტი ვარაუდობდა, რომ ტელეკომპანიის შენობაში შეჭრა და მაუწყებლობის შეწყვეტა იგეგმებოდა, თუმცა, ღამემ ექსცესების გარეშე ჩაიარა.

შენობაში ამ დრომდე რჩებიან როგორც ეროსი კიწმარიშვილი, ასევე მამუკა ღლონტი. ორივე ცალ–ცალკე ერთმანეთს მოუწოდებს, შენობა დატოვონ და ორივე ცალ–ცალკე აცხადებს, რომ შენობიდან გასვლას არ აპირებს. რაც შეეხება პოლიციელებს, შსს–მ გუშინვე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ "მაესტროს" შენობასთან საპატრულო პოლიციის ჯგუფების გაგზავნა მხოლოდ მოსალოდნელი კონფლიქტის აღკვეთისთვისაა გამიზნული.

დამფუძნებელთა ჯგუფის წარმომადგენელმა, ლევან ჩიკვაიძემ გუშინ შენობასთან სპეციალური განცხადება გააკეთა. მის მიერ წარმოდგენილ მიმართვასა და წერილში მოყვანილია რამდენიმე პუნქტი, სადაც დამფუძნებელთა ჯგუფი მმართველ კომპანიას და ეროსი კიწმარიშვილს რამდენიმე ძირეული პუნქტის შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

კერძოდ, საუბარია ფინანსური მიმართულებით არსებულ პრობლემებზე. კონტრაქტის გაწყვეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საბაბად დასახელებულია ეროსი კიწმარიშვილისა და მისი თანმხლები პირების ტელეკომპანიის შენობაში შესვლა, რასაც დამფუძნებელი ჯგუფის წევრები შენობაში შეჭრად აფასებენ.

დამფუძნებელთა ჯგუფის წარმომადგენლების განცხადებით, ამ მიმართვას და წერილ დღეს სასამართლო ორგანოებს გადასცემენ.

ეროსი კიწმარიშვილი კი "მაესტროს" დამფუძნებლებთან საუბარს მათი მხრიდან მხოლოდ ოფიციალური წერილის მიღების შემდეგ აპირებს. მისი თქმით, დამფუძნებლებისგან ტელეკომპანიის მმართველ კომპანიასთან კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტი არ მიუღია.

კიწმარიშვილს ერთადერთ გამოსავლად მიაჩნია, რომ მამუკა ღლონტმა დატოვოს ტელეკომპანიის შენობა და შემდეგ დამფუძნებლებმა და მართვის კომპანიამ დაიწყონ საკითხის ლეგალური, სამართლებრივი განხილვა, რათა კონსენსუსი მოძებნონ.

კომენტარი