სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბავშვებს სკოლის ეზოში ხელ-პირს უსველებენ, რომ თერმოსკრინინგმა არ დააფიქსიროს… – პედაგოგის წერილი რეგიონიდან

ყველასთვის ცნობილია, რომ ეპიდვითარების გათვალისწინებით, სწავლის პროცესი რეგიონებში საკლასო ოთახებში მიმდინარეობს. თბილისში კი საპროტესტო აქციები იმართება, რათა ონლაინ გაკვეთილების ნაცვლად, ბავშვებმა სკოლებში სიარული შეძლონ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, რეგიონისთვის სულაც არ ყოფილა სასურველი სწავლის აღნიშნული პროცესი.

გთავაზობთ, mshoblebi.ge-სთვის გაგზავნილ წერილს, სადაც პედაგოგი არსებულ პრობლემებზე მკაფიოდ საუბრობს:

“როგორ უქმნის განათლების სამინისტრო საფრთხეს პედაგოგებს და რაში გამოიხატება ის,სწორედ ამ თემაზე მინდა საუბარი ამ წერილში.

ვფიქრობთ, რომ რეგიონებში მცხოვრები მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც ვართ საფრთხეში და არავინ გვიცავს. სწავლა წინა სემესტრშიც ჩვეულებრივ განახლდა, როცა ასეთი მაღალი ციფრები იყო, და ახლაც. ჯერ ერთი, ძალიან გვეშინია და მუდმივი შიშის ქვეშ ვმუშაობთ. ცივა და ისედაც ამდენი გრიპი და გაციებაა, კოვიდსაც რომ თავი დავანებოთ, ბავშვები ახველებენ, სრუტუნებენ და დაწერილი წესებით რომ არ ცხოვრობს ხალხი ამ ქვეყანაში, ყველას მოგეხსენებათ – დიახ, სიმპტომიან ბავშვებს ჩვეულებრივ უშვებენ სკოლაში და უფრო მეტსაც გეტყვით, მშობლების კატეგორიაა, რომელიც ყველანაირად ცდილობს, ბავშვი სკოლაში გამოუშვას სიცხიანიც და გაციებულიც და არც იმაზე იწუხებს თავს, რომ ტესტი გაუკეთოს და საკუთარი თავიც და სხვაც დაიცვას მოსალოდნელი საფრთხისგან.

მაპატიონ იმ მშობლებმა, ვისაც ეს არ ეხება, მაგრამ სექტემბერ-ოქტომბერში ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა გამოიკვეთა. მაგალითად, მოსწავლე კლასში ჰყვებოდა, რა მოიმოქმედა მისმა მშობელმა, თერმოსკრინინგზე მისი სიცხე რომ არ დაეფიქსირებინათ – ანუ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პირი დააბანინა ცივი წყლით და ხელები, რის შედეგადაც ყველასთვის ცნობილია, რომ სიცხე კლებულობს, თერმოსკრინინგზე არ დაფიქსირდა. სამაგიეროდ გაკვეთილზე წუხდა, ახველებდა და ამბობდა, რომ იყო ცუდად და სულაც არ უნდოდა წამოსვლა, მაგრამ მშობელმა არ დატოვა სახლში. არადა, მშობელი დიასახლისია. იყო ასეთი შემთხვევაც, როცა პირველკლასელი ცუდად გახდა და თქვა, რომ სახლიდან წამოსვლისას მშობელმა სიცხის დამწევი დაალევინა და ისე გამოუშვა.

ახლა საუბრობენ მასწავლებლების ტესტირებაზე. მასწავლებელს ტესტირებისას თუ არ დაუდგინდა კოვიდი და სიმპტომები მომდევნო დღეს გამოუვლინდა, ფაქტობრივად, ის მომდევნო 13 დღის განმავლობაში იქნება გადამდები-მატარებელი და თავის სურდოს ან ხველებას კოვიდად არ აღიქვამს, რადგანაც ტესტი იყო უარყოფითი. რატომ უნდა დაინფიცირდნენ მოსწავლეები და მასწავლებლები ამ შემთხვევაში? ახლა ხომ ისედაც გრიპის სეზონია და ცივა, შეშინებული მასწავლებელი გაღებული ფანჯრებით რომ ჩაატარებს გაკვეთილს, ეს მისაღები იქნება და პროტესტს არ გამოიწვევს? ამის მერე ამიხსენით, რატომ უნდა იყოს ამდენი ადამიანი საფრთხის ქვეშ?

ყველა მასწავლებლის უკან მისი ოჯახი დგას, სადაც ბავშვებიც არიან და ხნიერებიც, ასევე ყველა მოსწავლეს ჰყავს სახლში ასეთი ასაკის ოჯახის წევრები, იქნებ კიდევ არის დრო დავფიქრდეთ და კიდევ ცოტა ხნით გადავდოთ სწავლა საკლასო ოთახებში. ვისაც სწავლა უნდა, ის დისტანციურადაც არაჩვეულებრივად ახერხებს ან დაუშვით ისეთი ფორმით, რომ სწავლა განახლდეს როგორც კლასში, ისევე დისტანციურად. ვისაც ეშინია და ვერ ივლის სკოლაში, მათ რა დააშავეს, მათაც აქვთ უფლება, მოითხოვონ და მიიღონ განათლება. ნუ დაარღვევთ ჩვენს უფლებებს! ნუ უგულებელყოფთ ჩვენს ჯანმრთელობას!”, – ვკითხულობთ წერილში.

სააგენტოს ინფორმაციით, ყოველდღიურად, მსგავსი შინაარის უამრავ წერილს იღებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100