სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანჯელინა ჯოლის შემდეგ ჰოსპიტალიზებული ქართველი სამხედროები ტომ კრუზმაც მოინახულა

გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ჰოლივუდის კინოვარსკვლავმა - ტომ კრუზმა მოინახულა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰოსპიტალში, ამჟამად, 5 ქართველი სამხედრო მოსამსახურე მკურნალობს.

ქართველი ჯარისკაცები, ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში, ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობენ. ტომ კრუზმა, ჰოსპიტალში ყოფნისას, მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის რიგით - ახმედ საფაროვთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღო. მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონმა, სადაც საფაროვი მსახურობს, უკვე დატოვა ავღანეთი, მას 31-ე ბატალიონი ჩაენაცვლა. თავად საფაროვი საქართველოში მკურნალობის პირველი ეტაპის სრულად ჩატარების შემდეგ დაბრუნდება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჰოლივუდის ვარსკვლავი ქართველ სამხედროებს სტუმრობს. მიმდინარე წელს, გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში ქართველი ჯარისკაცები მოინახულა ჰოლივუდის კინოვარსკვლავმა, გაერო-ს კეთილი ნების ელჩმა - ანჯელინა ჯოლიმ. იმ დროისათვის, ჰოსპიტალში ორი სამხედრო მოსამსახურე - მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეულის მეთაური, კაპიტანი ალუდა სეთურიძე და ამავე ბატალიონის კაპრალი ედნარ აბულაძე მკურნალობდნენ. გასული წლის ნოემბერში კი, ჰელმანდის პროვინციაში, 31-ე ბატალიონის დაჭრილ ჯარისკაცებს აშშ-ის პირველი ლედი - მიშელ ობამა სტუმრობდა.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100