სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლალი მოროშკინა სკანდალამდე ერთი თვით ადრე: „ჩემი მომდევნო წიგნი ციხეზე იქნება“

„ნანუკას შოუს“ ჩაწერის დროს მომხდარი სკანდალი ჯერაც არ ჩამოდის პრესის პირველი გვერდებიდან. ამ სკანდალმა დაინტერესების თვალსაზრისით ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაც კი გადაფარა.

ლალი მოროშკინას მხრიდან „პრაიმტაიმის“ რედაქტორზე განხორციელებულ თავდასხმასა და ცივ იარაღად ჩანგლის გამოყენებას ბევრი ისევ იხსენებს: ზოგი ირონიულად, ზოგი აღშფოთებით. ისეთებიც არიან, რომლებიც ლალი მოროშკინას საქციელს უწონებენ. მეტიც, გუშინ უკვე გავრცელდა განცხადება, რომ ლალი მოროშკინა „რეპრესიის მსხვერპლია“ - ეს „გენიალური“ ფორმულირება ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ზაზა ხატიაშვილს ეკუთვნის.

სკანდალის შემდეგ პირველად ნანუკა ჟორჟოლიანმა თქვა, ლალი მოროშკინა ციხიდან გამოსვლის შემდეგ წიგნს დაწერს, ჩემი შოუ ახალი, ჯერარდაწერილი წიგნის გასაპიარებლად გამოიყენაო. თავდაპირველად ბევრს გადამეტებულად მოეჩვენა რეიტინგული შოუს ტელეწამყვანის ეს განცხადება, მაგრამ როგორც ჩანს, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება.

საქმე ის გახლავთ, რომ ლალი მოროშკინამ სკანდალამდე ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე, „პალიტრა ტვ“-ს ეთერში გააპიარა მომავალი შედევრი. მაშინ ლალი მოროშკინამ თქვა, ჩემი ახალი წიგნი ციხეზე იქნებაო, თანაც, დაამატა - ის ძალიან მძიმე წასაკითხი გამოვაო. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, ეს განაცხადი მან გადაცემა „პროვოკატორში“ გააკეთა.

ამ დეტალის გახსენების შემდეგ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ალაპარაკდება იმაზე, რომ მოროშკინამ ეს სკანდალი-აქცია წინასწარ დაგეგმა. საკითხავი ახლა მხოლოდ ის არის, მას მიზანში თავიდანვე თაკო ფხაკაძე ჰქონდა ამოღებული თუ ვინმე სხვა, მით უმეტეს, მისმა ნაცნობებმა მოროშკინას პირადი საუბრებიც გაიხსენეს - ახალ წლამდე ციხეში მოხვედრა უნდა მოვასწროო, თუმცა მაშინ ეს ყველამ ექსცენტრიკული ჟურნალისტის ხუმრობად აღიქვა.

თუ იმასაც გავიხსენებთ, როგორ აღიარა ნასვამმა მოროშკინამ „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში თაკო ფხაკაძეზე თავდასხმა და სამართალდამცავებსაც მიმართა - შეგიძლიათ ეს განცხადება აღიარებად მიიღოთო, მაშინ ბევრ რამეს ეფინება ნათელი...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100