„ერთდროულად, ღაპაღუპით მოგვდიოდა ცრემლი“ – ვინ დაეხმარა მოხუცს, რომელსაც აფთიაქში წამლებისთვის ფული არ ეყო

სოციალური ქსელის მომხამრებელი მაია ბოლაშვილი ემოციურ ამბავს იხსენებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ აფთიაქში მოხდა. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„აფთიაქში შევედი. ჩემს წინ ჯოხზე დაყრდნობილი, წელში მოხრილი და ძალიან ცუდად ჩაცმული მოხუცებული იდგა. ჩემს უკან ტატუებაჭრელებული, გრძელ, ხვეულთმიანი, ყურში გარჭობილ-ყურსასმენიანი ბიჭი. რატომღაც და არ ვიცი რატომ, მისმა შემხედვარემ ჩემთვის გავიფიქრე: რა ინდიფერენტული გამოხედვა აქვს-მეთქი და კიდე უფრო უარესიც, ფიქრს ფიქრი მივაყოლე: დღევანდელი ახალი თაობის ტიპიური წარმომადგენელია-მეთქი.

მოხუცებულს რიგმა მოუწია და აკანკალებული ხელით ფარმაცევტს ბლომად წამლებგამოწერილი, ვრცელი რეცეპტი მიაწოდა, რომელმაც 204 ლარისააო მიუგო და მოხუცს მოთმინებით მიაშტერდა. „არა, პაპა“, – ძალიან ტკბილად უთხრა მოხუცმა, „მაგდენს ვერ გადავიხდი, მანდედან ისეთები აარჩიე, ასე, 63 ლარი რასაც ეყოფა“. სირცხვილის და დახმარების უუნარობისგან ერთდროულად გავწითლდი და ამ დროს ზურგს უკან, იმ „ინდიფერენტული“ ბიჭის ხმა მესმის: „არა, არა, ქალბატონო, ყველაფერი მიეცით, რაც უწერია რაა, ანგარიშზე მაქვს და ბარათით გადავუხდი“.

მეც, უსაყვარლეს პაპასაც და ფარმაცევტსაც ერთდროულად,ღაპაღუპით მოგვდიოდა სიხარულის და სიამაყის ცრემლი.

ქართველია ის „ინდიფერენტული“ ბიჭი და რატომღაც ღრმად მჯერა, არც რცხვენია ქართველობის და ამ ცრემლისთვის მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები მისი.

ეს ჩემი სამშობლოა, ჩემი სათაყვანებელი და ერთადერთი საფიცარი, სამსალასავით მწარე, თუმცა დედაზე ათასჯერ ტკბილი“, – ვკითხულობთ ფეისბუკ-პოსტში.

კომენტარი