სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი და უცხოელი სასწაულთმაძიებლები: „იესო“ ნაძვის ხეზე, ტაფაზე, რენტგენზე და მარსზე

რამდენიმე დღის წინ რამდენიმე ქართულმა პორტალმა, მათ შორის „დრონი.ჯი“-მაც, ძირითადად რუსულ და უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღწერილი იყო, რომ ნასამ გვადალუპეს ღვთისმშობლის ხატის კვლევა დაასრულა და დაასკვნა, რომ ტილოს, სადაც ხატია გამოსახული, ადამიანის სხეულის ტემპერატურა აქვს, ხოლო ხატის თვალები შუქზე რეაგირებს: სინათლის წყაროს მიახლოებისას გუგები ფართოვდება, დაშორებისას კი ვიწროვდება.

სტატიაში აღწერილმა ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ფაქტი, რომელიც მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში უმალ მოინათლა სასწაულად, ვატიკანის რადიოზე დაყრდნობით გავრცელდა, თუმცა, რადიოს ბოლოდროინდელ გადაცემებში მსგავსი რამ არ ფიგურირებს. ასევე არაფერი ამის მსგავსი არ გამოქვეყნებულა ნასას ოფიციალურ ვებ-გვერდზე, თუმცა, სასწაულებად მონათლულ ამბებთან დაკავშირებით ნასაზე დაყრდნობა ან ნასას მასალების გამოყენებით გავრცელებული სასწაულების აღწერა იშვიათი მოვლენა სულაც არ არის.

ადამიანი მიდრეკილია სასწაულისკენ, აუხსნელისკენ. როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, ამგვარი მიდრეკილობა, ძირითადად, სიზარმაცით აიხსნება: სასწაული ლოგიკას არ ექვემდებარება, მას ანალიზი არ სჭირდება, ვერ ახსნი - მოხდა და მორჩა, ასეთია სასწაულის ლოგიკა. ამიტომ ადამიანის გონება იჯერებს სასწაულს და მერე იმდენად სჯერა მისი, რომ კითხვებს აღარ სვამს.

შესაძლოა, ბევრმა თქვენგანმა ნახა კიდეც რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული ფოტო, რომელსაც უამრავი გაზიარება, მოწონება და კომენტარი მოჰყვა. სურათზე გამოსახული იყო ნაძვის ხე, სადაც ტოტებსა და სათამაშოებს შორის შემოხაზული იყო ჩრდილი, ამ ჩრდილში კი, დიდი წვალების შემდეგ, ბუნდოვნად შეიძლებოდა შავწვერიანი, გრძელთმიანი ადამიანის თავის გარჩევა. და თუ კიდევ უფრო ძალიან მოინდომებდი, თვალებსა და ცხვირსაც გაარჩევდი. ძალიან მონდომებულებმა ამ ჩრდილში იესოს სახე დაინახეს. ამას თვითონ ფოტოს გამოქვეყნებამ და ავტორის მიერ გაკეთებულმა წარწერამ: „სასწაული! თუ ხედავ მას, გაუზიარე სხვასაც!“ შეუწყო ხელი.

დაახლოებით ერთ საათში ფოტო ასზე მეტმა მომხმარებელმა გაიზიარა. კომენტარებში სჭარბობდა ფრაზები: „დიდება უფალს!“ „მაცხოვარი ჩვენთანაა!“; „აუ, მეც დამანახეთ, არასდროს მინახავს სასწაული!“; „ვხედავ! ეს იესოს თვალია!“; „ჩვენი მწყემსი! რა თქმა უნდა, ვხედავ და რა თქმა უნდა, ვიზიარებ!“. უნდა აღინიშნოს, რომ თითებზე ჩამოსათვლელები იყვნენ ისეთები, რომლებიც კომენტარებში წერდნენ, რომ სასწაულის ძებნა ყველგან სულაც არ არის ქრისტიანული, რომ ასეთ ბუნდოვან კი არა, ამასთან შედარებით აშკარად გამოხატულ თვალსაჩინოებებსაც კი ეჭვით უნდა მოეკიდონ და ა.შ.

ამ „ფეისბუქურმა“ ორომტრიალმა გვიბიძგა, ინტერნეტში მოგვეძია მასალები იმასთან დაკავშირებით, თუ სხვადასხვა დროს რამდენ უცნაურ ადგილზე აღმოაჩინეს იესოს სახე და რამდენად დიდი გამოხმაურებები მოჰყვა ამ აღმოჩენებს. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, თუმცა, გარკვეული მოსაზრებით, მხოლოდ რამდენიმეს შემოგთავაზებთ, შესაბამისი თვალსაჩინოებით.

მასალის მთავარ თვალსაჩინოებად 2009 წელს ნასა-ს მიერ გაშვებული ხომალდიდან მარსზე გადაღებული ფოტოა წარმოდგენილი. ერთი შეხედვით, სრულიად ჩვეულებრივი ფოტო მალევე იქცა საყოველთაო განხილვის საგნად: მასზე „მტირალი იესო“ დაინახეს და არამარტო სახის კონტურები და ნაკვთები, ცრემლიც კი „მოუნიშნეს“. თვითონ ნასა, რა თქმა უნდა, ამ ფაქტს არც კი გამოხმაურებია...

2010 წელი, ინგლისი: მსოფლიო ინტერნეტსივრცე, არც მეტი, არც ნაკლები... ტაფაზე გამოჩენილმა იესოს სახის გამოსახულებამ აიკლო. ისტორია ასეთია: ნასვამი სტუდენტი შინ მივიდა, ტაფაზე ღორის კონსერვი დაასხა გასაცხელებლად, თვითონ კი იქვე, სავარძელში ჩაჯდა და დაეძინა. მოგვიანებით სტუდენტი რაღაც რელიგიურმა სიზმარმა გააღვიძა: ოთახი სავსე იყო შავი კვამლით, გაზქურაზე კი ტაფა შავად ხრჩოლავდა. სტუდენტმა ჯერ ფანჯრები გააღო, მერე გაზქურა გამორთო და ფანჯარაში გადაეყუდა, რათა სუფთა ჰაერი ესუნთქა. როცა ოთახი განიავდა და ტაფაც გაცივდა, ის სამზარეულოში გავიდა, ტაფა აიღო ხელში და თვალს არ დაუჯერა: მასზე იესო იყო გამოსახული, რომელიც სტუდენტმა მაშინვე მიიჩნია თავის მხსნელად, სასწაული ოპერატიულად დააფიქსირებინა მეგობარს და მისი დამადასტურებელი „ფაქტი“ სრულიად ინტერნეტს მოსდო.

2007 წელი, ფლორიდა: ერთ ჩვეულებრივ, არარელიგიურ ყმაწვილს მკერდის არეში, გულთან ახლოს საშინელი ტკივილი დასჩემდა. თანაც, ერთსა და იმავე ადგილს იტკიებდა. ბოლოს რენტგენზე მივიდა, რენტგენის ფოტოც გადაიღო და ექიმებიც გააოგნა: აღმოჩნდა, რომ თურმე მას „იესო“ სტკიოდა. შედეგი, ალბათ, გამოიცანით: დიახ, ყმაწვილი მეორე დღიდანვე ღვთისმოსავი გახდა - მოწევასაც გაანება თავი და სმასაც...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100