სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი გახდა

ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით, საქართველოში დაიწყო მასშტაბური პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE).

აღნიშნული პროექტის საწყის ღონისძიებას ესწრებოდნენ ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მმართველი დირექტორი, ფრიდრიხ შტიფტი, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მერსი ქორფსის პროგრამის ოფიცერი აზიაში, სიმონა ჰერმეილოვა, RDYE პროექტის ხელმძღვანელი, უჩა ვარამაშვილი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, სს ლიბერთი ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ ზაქარიაძე, სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პროექტის ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები.

ღონისძიებაზე გაფორმდა ხელშეკრულება სს ‘ლიბერთი ბანკთან, რომელიც პროექტის სტრატეგიული პარტნიორი გახდა.

ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით, მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ახორციელებს.

პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განვითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.

,,ლიბერთი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, იწყებს მჭიდრო პარტნიორობას მერსი ქორფსის საქართველოს წარმომადგენლობასთან. ლიბერთის მხარდაჭერით, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები და დამწყები მეწარმეები, შეძლებენ გაიღრმავონ ცოდნა და განავითარონ საკუთარი ბიზნესი. პროექტი სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება და სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის მეწარმეობისა და ზოგადად ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.“ - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთი ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

მერსი ქორფსი არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ადამიანებს შექმნან უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი გარემო, რათა შეამსუბუქოს ტანჯვა, სიღარიბე და ჩაგვრა. მერსი ქორფსი საქართველოში 2000 წლიდან მოღვაწეობს და ქმნის პროდუქტიულ, მედეგ, სტაბილურ, უსაფრთხო და სამართლიან თემებს სიღარიბითა და კონფლიკტით დაზარალებულ რეგიონებში.

ლიბერთი ბანკი არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100