სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთში ვლადიმირ პუტინის ე.წ. ხატებს „მირონი“ სდით

„დედა ფოტინე“ - ნიჟეგოროდსკის ოლქის სოფელ ბოლშაია იოლნიას მცხოვრები და სპეციალური სექტის დამაარსებელი, რომელიც ვლადიმირ პუტინს ღვთისგან ადამიანის სახით მოვლენილ წმინდანად მიიჩნევს, ამტკიცებს, რომ ბოლო დროს პუტინის ხატებმა „განახლება განიცადეს“ და ისინი „მირონმდინარი“ გახდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ, არც მეტი, არც ნაკლები, ე.წ. დედა ფოტინეს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

„ყურადღება! 2012 წლის 19 იანვრიდან ტაძარში სახეცვლილი და მირონმდინარი გახდა ვლადიმირ პუტინის ხატი, ასევე მისი წმინდა პორტრეტი. სწორედ ამ ნიშნებით გვაგრძნობინებს ჩვენ უფალი თავის მყოფობას ჩვენთან“, - ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე წერია:

„პუტინი - ეს არის სხვა გზა (путь иной) რუსეთისთვის. ერთ-ერთ თავის წინა ცხოვრებაში ის იყო მთავარი ვლადიმირი და რუსი ერი მოაქცია, ახლა კი ვლადიმირ ვლადიმირის ძეს უწევს, ხელახლა იკისროს ეს მისია:. შეგახსენებთ, რომ „დედა ფოტინეს“ განცხადებით, პრემიერის წინა ცხოვრებათა პანორამა მას ღმერთმა აჩვენა. „დედა ფოტინე“ პუტინს ქრისტეს მოციქულებთან აიგივებს. ცნობილია მისი განცხადებები იმის თაობაზე, რომ პუტინი თანამედროვე სამყაროში მოვლენილი პავლე მოციქულია, რის შესახებაც ჩვენი ვებ-გვერდი ჯერ კიდევ 2011 წლის 17 მაისს (რასაკვირველია, „დედა ფოტინეს“ სიტყვებზე დაყრდნობით) წერდა.

„დედა ფოტინეს“ სექტა რუსეთში ჯერ კიდევ 2005 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ უამრავი მიმდევარი, მხარდამჭერი და ტანამოაზრე შეიძინა. მართალია, არც თავად რუსეთის ამჟამინდელ პრემიერსა და არც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას არც ერთხელ არ გამოუთქვამთ თავიანთი დამოკიდებულება ზემოთხსენებული სექტის მიმართ, თუმცა, ზოგი რუსული მედიასაშუალების მიხედვით, სწორედ რუსეთის ეკლესიის მაღალი იერარქიის წარმომადგენლები მფარველობენ „დედა ფოტინეს“ და სექტის წევრებსაც.

„დედა ფოტინესა“ და მისი მხარდამჭერების აზრით, ამჟამად პუტინი კიდევ ექვს მოციქულთან ერთად დაუნდობლად ებრძვის ანტიქრისტეს წარმომადგენლებს, რომლებიც, რატომღაც, ასევე შვიდნი ყოფილან. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვინმე სვეტლანა ფროლოვაა, რომელსაც აქაურები იცნობენ, როგორც დედა ფოტინეს.

ის აცხადებს, რომ პუტინს ჯერ კიდევ ერთ-ერთი წინა ცხოვრებიდან იცნობს, როცა პრემიერი მთავარი (ვლადიმირი) იყო, თვითონ ფოტინე კი - დედოფალი ოლგა. აღსანიშნავია, რომ რელიგიური რიტუალების შესრულების დროს გალობის ნაცვლად სექტის წევრები ცნობილ საბჭოთა სიმღერას - Пусть всегда будет солнце იყენებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათთვის ცნობილია სექტის არსებობის შესახებ, ადგილობრივი სამართალდამცველების თქმით, რამდენიმე ათეული ხელმოწერით მათ მიიღეს წერილი, სადაც ამ სექტის ხელმძღავენელის დაკავებასა და სექტის გაუქმებას ითხოვენ,

მაგრამ სამართალდამცველები ამბობენ, რომ სექტა არ არღვევს რფ-ის არცერთ კანონს და მისი გაუქმების, მით უმეტეს, ვინმეს დაკავების უფლება არა აქვთ. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე სექტის არსებობის შესახებ შეკითხვა პუტინის პრესმდივანსაც დაუსვეს, რომელმაც მხრები აიჩეჩა და განაცხადა, რომ ამ სექტის შესახებ არაფერი იცის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100