„ვალენტინობას“ გამხელილი სექსუალური საიდუმლოებები

14 თებერვალს, ეგრეთ წოდებულ „სიყვარულის დღეს“, გამომცემლობა „Grove Press“–ში გამოდის ლაიონელ ფრიდბერგის მიერ სკოტ ბაუერსის მოგონებათა მიხედვით დაწერილი წიგნი, სათაურით „სრული სერვისი: ჩემი თავგადასავლები „ჰოლივუდში“ და ვარსკვლავების საიდუმლო სექსუალური ცხოვრება“.

ამ წიგნში მოთხრობილია ყოფილი საზღვაო ფეხოსნის ცხოვრების შესახებ, რომელსაც ომის შემდგომ წლებში მრავალრიცხოვან ვარსკვლავთან ჰქონდა რომანი და ცნობილ ადამიანებს ამარაგებდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონებით.

ამჟამად სკოტ ბაუერსი 88 წლის არის. მისი აღიარებით, მხოლოდ იმიტომ გაბედა თავისი ცხოვრების სააშკარაოზე გამოტანა, რომ დღეს უკვე არავინ, ვის შესახებაც იგი ყვება, აღარ არის ცოცხალი.

ამერიკის მედია–საშუალებები უკვე წერენ მის წიგნზე, როგორც ყველაზე სკანდალურ ნაწარმოებზე, რომელიც ოდესმე დაწერილა ჰოლივუდის ცნობილ მსახიობთა შესახებ.
სამხედრო წარსულის მქონე, დახვეწილი გარეგნობისა და ტანადი, მამაკაცური აღნაგობის სკოტ ბაუერსი ჰოლივუდში მოხვდა 1946 წელს. იგი თავდაპირველად მუშაობდა ბენზინის გასამართ სადგურში „Paramount Pictures“–ის სტუდიის გვერდით და ერთხელაც გაეცნო მსახიობ ვალტერ პიჯენს, რომელმაც შესთავაზა ერთად გართობა. ჰოდა რაკი ერთხელ შედგა ფეხი გართობის საფეხურზე, ვეღარ ჩამოდგა, ვიდრე „შიდს“–ის ეპოქა არ დაიწყო.

ნაწარმოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, „სრული სერვისის“ მფლობელი მეზღვაური ბისექსუალი ბრძანდებოდა – მის საყვარლებს შორის იყვნენ – ედიტ პიაფი, სპენსერ ტრეისი, ვივიან ლი, კერი გრანტი, ჯორჯ კუკორი და კომპოზიტორი კოულ პორტერი; ხოლო სასიყვარულო თამაშობებში მონაწილეობას იღებდა თვით ყოფილი ბრიტანელი გვირგვინოსანი, მეფე ედუარდ VIII, აგრეთვე ჰერცოგი ვინძორელი, მეუღლესთან ერთად. თითქოს დაუჯერებელი ფაქტებია, მაგრამ, ფრიდბერგის მიერ აღწერილი ბაუერსის მონათხრობი ისეთი დეტალებითაა შეკმაზული, რომლებიც სრულიად უცნობი უნდა იყოს ადამიანისათვის, თუ ის განსაკუთრებულად არ არის დაახლოებული ზემოთ აღწერილ პერსონებთან.

ბევრი მნიშვნელოვანი პიროვნება მისი კლიენტი იყო, ლამაზ ქალ–ვაჟთა მისართმევად სასიყვარულო გართობებისათვის: ამ მხრივ სკოტ ბაუერსის გზებს მივყავართ ისეთ ცნობილ ადამიანებთან, როგორებიც იყვნენ: დრამატურგი ტენესი უილიამსი, მსახიობები: ჩარლზ ლოუტონი და ვინსენტ პრაისი, ქეთრინ ჰეპბერნი და რიტა ჰეივორთი, გლორია სვენსონი, რეჟისორი ნოელ კოუარდი, მსახიობი და მწერალი მეი უესტი, მსახიობები ჯეიმს დინი, როკ ჰადსონი და თვით FBI–ის პირველი დირექტორი ედგარ ჰუვერი.

მაგალითად, ბაუერსი ირწმუნება, რომ მსახიობი ქეთრინ ჰეპბერნი (რომელიც იმხანად სპენსერ ტრეისის საყვარელი იყო), 150 ქალთან დააკავშირა. 70–იან წლებში ძალიან პოპულარული იყო ბიოგრაფიული ჩანაწერები ქეთრინისა და სპენსერის რომანტიკული სიყვარულის შესახებ. დადიოდა ხმები, რომ ორივენი ბისექსუალები იყვნენ, თუმცა მსახიობთა შთამომავალნი მტკიცე უარზე არიან ამ ფაქტების გაზიარებისაგან.

სკოტ ბაუერსის წიგნის სკანდალურობა უპირველესად განპირობებულია იმით, რომ მისი დოკუმენტური ნაწარმოების გმირთა უმრავლესობა არ ყოფილა გამხელილი ჰომოსექსუალისტი და ლესბოსელი. ბევრი მათგანი სიცოცხლეში სამაგალითო მეოჯახედაც ითვლებოდა. თუ სკოტს დავუჯერებთ, თავისი ცხოვრების მანძილზე მას სარეცელი გაუყვია ათასობით მამაკაცთან და დედაკაცთან, რომელთა შორის უმეტესობა ცნობილი ადამიანები იყვნენ.

ასეა თუ ისე, სკოტის დოკუმენტური მასალა ეს არის საოცარი დოკუმენტი, რომელიც ასურათხატებს „ჰოლივუდის“ ზნეობრივ სურათს ჯერ კიდევ იმ დროისას, როდესაც ამერიკაში სექსუალური რევოლუციის ნაპერწკალიც არ ღვიოდა!

კომენტარი