სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ლიბერტი ბანკი“ პენსიონერებს ძარცვავს?

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უახლოეს მომავალში, ალბათ, მოუწევს „ლიბერტი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გადახედვა. ცნობილია, რომ „სახალხო ბანკს“ სწორედ „ლიბერტი ბანკი“ ჩაენაცვლა და ახლა, მისი და მისი ფილიალების მეშვეობით ხდება ქვეყანაში პენსიების გაცემა.
ქვეყანაში 800 000 პენსიონერია. საქმე კი იმაშია, რომ „ლიბერტი ბანკმა“ პენსიონერებზე კრედიტების გაცემა დაიწყო – მაქსიმალური ზღვარი პენსიის სამმაგი ოდენობაა. თანაც, არც რაიმე გარანტიებს თხოულობენ. თბილისელ პენსიონერს 90 ლარი აქვს პენსია, მას შეუძლია წინასწარ, ანუ კრედიტის სახით, 2 ან 3 თვის პენსია აიღოს. საპროცენტო განაკვეთი კი 36 პროცენტია.
ამხელა საპროცენტო განაკვეთი, „დრონი.ჯი“-ს ინფორმაციით, არცერთ ბანკს, არცერთი სახის კრედიტზე (ბიზნესსესხი, იპოთეკური, სამომხმარებლო, სტუდენტური და ა.შ. სესხი), ბოლო 7-8 წლის მანძილზე არ ჰქონია, „ლიბერტი ბანკმა“ კი, მაინცდამაინც პენსიონერები დაიბრიყვა, რომელთა დიდი ნაწილი სოციალურად უმწეოთა პროგრამაშიცაა ჩართული და შემოსავლადაც მხოლოდ პენსია და უმწეოთათვის დაწესებული შეღავათები და მცირე დახმარება აქვს.

მოკლედ, „ლიბერტი ბანკიდან“ ე.წ. საპენსიო კრედიტი რომ აიღო, ვთქვათ, 3 თვის პენსია, ანუ 270 ლარი, 36 პროცენტს ბანკი იქვე გაჭრის (წინასწარ იღებს) და პენსიონერს ხელთ 172 ლარი და 80 თეთრი რჩება, ორი თვის საპენსიო კრედიტის აღებისას ხელთ 115 ლარი და 20 თეთრს აძლევენ. თანაც, დამეთანხმებით, პრაქტიკულად, ბანკი არანაირ კრედიტს არ გაძლევს. ერთი, რომ პროცენტს წინასწარ იღებს, ანუ პროცენტის გადახდის რისკი ნულია. მეორეც, არც კრედიტის დარჩენილი თანხის დაბრუნება შეიცავს დიდ რისკებს, სახელმწიფო უდგას ბანკს გარანტად და ყოველი თვის 5 რიცხვამდე ხაზინიდან ირიცხება საპენსიო თანხა. 3 თვეში თანხა სრულად იფარება.

ნამეტანი უნამუსობაა, თბილისელ 90-ლარიან პენსიონერს 36 პროცენტი დაუქვითო და ხელზე 57.6 ლარი მისცე, რეგიონებში 80-ლარიან პენსიონერს კი – 51.5 ლარი. „ლიბერტი ბანკის“ თანადამფუძნებელი, ყოფილი პრემიერი, ლადო გურგენიძეა. ცნობილია, რომ ნებისმიერი ბანკი, თუკი გაუვა, ნებისმიერ კლიენტს, მაქსიმალურად კაბალურ ხელშეკრულებაზე დაყოლიებას ცდილობს – ეს დაუწერელი წეს-კანონია მსოფლიო საბანკო სისტემაში.
ცხადია, არავინ ედავება „ლიბერტი ბანკს“ და სხვა ბანკებსაც, ბიზნესსესხების პროცენტების დაწევას (ისე, ეს საკითხიც საკამათოა), მაგრამ ლადო გურგენიძე პრემიერ-მინისტრი იყო, ვინ-ვინ და მან ყველაზე უკეთ თუ არა, ბევრზე უკეთ იცის სოციალურად დაუცველი ფენების უმძიმესი მდგომარეობა. ისიც კარგად მოეხსენება, რომ ასეულათასობით ადამიანისთვის, ხშირ შემთხვევაში ოჯახისთვის, ეს პენსია თვიდან თვემდე პურის ფულად სამყოფი თანხაა და, შე დალოცვილო, გასატყავებელი მეტი ვერავინ ნახე ამ ქვეყანაში? ადამიანი რომ მივა ბანკში (პენსიონერი), 2 თუ 3 თვის პენსიას აიღებს წინასწარ (კრედიტს), იმას, ხომ ნაღდია, რომ არ ულხინს, იმ ფულით ძმაკაცთან ერთად რესტორანში არ იქეიფებს და მორჩენილი თანხით მუსიკოსებს „ჩიტო-გვრიტოს“ არ შეუკვეთავს, რა ეჩიტო-გვრიტოება“ ხელმოკლე პენსიონერს? კრედიტს იმიტომ იღებენ, რომ ძვირადღირებული წამალი იყიდონ, აბეზარი მევალე გაისტუმრონ, ყოველდღე კარს რომ უტალახებს, ექიმს გაესინჯოს, უკანასკნელი საღეჭი კბილი ამოიღოს ან, როცა სეზონი და იაფობაა, ცოტა ბოსტნეული, ზეთი იყიდოს, დააკონსერვოს, რომ ზამთარში შიმშილით არ ამოხდეს სული.

და ამ ხალხს ემართლებით, ბატონო ლადო და „ლიბერტი ბანკის“ სხვა მესვეურნო? ამ ხალხის, ყველაზე გასაცოდავებული ხალხის პენსიიდან დაქვითული 36 პროცენტით აპირებთ აშენებას? რა ნამუსით იღებთ თითოეული 90 ლარიდან 32 ლარს და 4 თეთრს? კარგი, სახელმწიფო შეცდა, ან განგებ შეცდა, და ეს, პენსიონერთათვის არათუ კაბალური, მახრჩობელა, დამამცირებელი და აბუჩად ასაგდები კონტრაქტი გაგიფორმათ, მაგრამ თქვენ რა ნამუსით მოაწერეთ ხელი? იმ ფულს, პროცენტად რომ იღებთ, ცრემლის სუნი უდის – მომაკვდავი შვილის დედის, მშიერი, შიმშილობით ჯანმრთელობაშერყეული შვილის მამის ცრემლი, იმ მოხუცების ცრემლის სუნი, თავიანთი ანგარიშით, 180 ან 270 ლარი რომ უნდა აიღონ და ბანკიდან სახტად დარჩენილები გამოდიან 115 ან 172 ლარით.
არ მითხრათ ახლა – ფულს სუნი არა აქვსო. აქვს და თანაც, ძალიან მძაფრი. ჰოდა, ვიდრე ასეთსავე მძაფრ პროტესტს არ მიიღებთ, ორთავენი დაფიქრდით – ჯანდაცვის სამინისტროს მესვეურნიცა და „ლიბერტი ბანკისაც“ – და ან ბანკმა დაუწიოს ცოტა ლამპას – საპროცენტო განაკვეთს საპენსიო კრედიტებზე, ან ჯანდაცვამ მოიძიოს უფრო პატიოსანი კონტრაქტორი!

„ლიბერტი ბანკი“ ფრთებს ნელ-ნელა შლის და მალე, ქართულ საბანკო სისტემაში ერთ-ერთი სოლიდური მოთამაშე გახდება. ღმერთმა ხელი მოუმართოს ამ ბანკის მესვეურთ ყველა მართალ და კეთილ საქმეში. როცა წელში გაიმართება, ცხადია, როგორც ყველა ბანკი, საქველმოქმედო ფონდსაც დააფუძნებს, საქველმოქმედო აქციებსაც გამართავს და პიარით თავსაც წაგვჭამს – აქეთ უმწეო ოჯახებს დაეხმარება, იქით – ინვალიდებს, ძვირადღირებულ ოპერაციებსაც დააფინანსებს და რამდენიმე შეჭირვებულ სტუდენტს სწავლის ქირასაც გადაუხდის. მაგრამ არც ამ ქველმოქმედებას ექნება მადლი: დალოცვილო, ასეულათასობით ადამიანს ატყავებ და ათეულებს ეხმარები? მე და ჩემისთანებს ჯიბიდან გვაცლი და იმ ფულით ეხმარები უმწეოებს? ქველმოქმედება მე სხვაგვარად მესმის, ყველაზე უკეთ, ეს ხალხურმა ზეპირსიტყვიერებამ შემოგვინახა – “მდიდარს ართმევს, ღარიბს – აძლევსო“ – ნათქვამია.

ჰოდა, სწორედაც რომ არსენა ოძელაშვილივით ყაჩაღობს „ლიბერტი ბანკი“, ოღონდ ეგ ღარიბებს ართმევს და ვის მისცემს, კაცმა არ იცის. ახლა, ამ „ყაჩაღობაზე“ ემანდ ძაან ნუ ახტებით და დახტებით – დაკანონებული ყაჩაღობა – უკანონობა ბევრი მინახავს ამ ქვეყნად და თუ სახელმწიფოსთან კონტრაქტი გაქვთ გაფორმებული და დოკუმენტები რიგზე გაქვთ, ეგ არ არის ყველაფერი. სწორედ ეგ არის დაკანონებული უკანონობა – გნებავთ, დაკანონებული უსამართლობა და ეს მე არ გამომიგონია – იურიდიული ტერმინია და სწორედ ამას ნიშნავს – როცა იურიდიულად ყველაფერი რიგზე გაქვს, მაგრამ მაინც არა ხარ მართალი. ამგვარი კანონიერი უსამართლობის გაბათილებას კი ნორმალურ ქვეყნებში – ახერხებენ – სასამართლო სწორედ ამისთვის არსებობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100