ერთი არხის ყურების ჩვეულება

–ეჰ, ჩვენი ძველი ტკბილი დროებაო! – იტყვის ხოლმე და თან რო გაიხსენებს და თან ტკბილად მოაგონდება იმ ტკბილ დროებაში თბილისში რო ერთი არხი იყო სატელევიზიო და ჰა და ჰა – მეორეს, მოსკოვს ჩაურთავდნენ ხოლმე შიგადაშიგ მნიშვნელოვანი სიახლის გადმოსაცემად – ბრეჟნევის დაკრძალვას, მაგალითად; შევარდნაძის – მინისტრობიდან გადადგომას და ასე.

იმ დროებაში ჩარჩენილია ისევ – იმ ერთარხიან დროებაში: ერთი არხი აქვს აჩემებული ისევ – "ბოღმა TV" და, ჰა და ჰა, ხანდახან შეიძლება "კავ-კს"-ზე გადართოს.

ეს ამოდენა თეფშები და „აიეტები“ და „კავკასუსები“ სულ ცალ–ცალკე ფეხბურთელებით, ცალკე კინოებით, ცალკე „დისქავერებით“ და ცალკე ფრიალ–ფრიალა ახალი ამბებით ტყუილადა აქვს მიერთებული ტელევიზორთან.

ამ ერთი არხით არი რო სულდგმულობს და ამ ერთი არხით ცოცხლობს და სტუმრად რო ეწვევი და გიყურებს – ცალი თვალით გიყურებს ხოლმე – მეორე თვალი ტელევიზორზე აქვს მიერთებული; გელაპარაკება ვითომ და, მარტო ერთი ყურით გისმენს და მეორე ყური "ბოღმა TV"-ზე აქვს მიდებული – რამე არ გამორჩეს და რამე არ გამოეპაროს. – არ ადევნებო თვალს? – შენც გეკითხება მერე – აბების გამომწერმა თქვაო, „ბანანის რესპუბლიკაში“ იყოო, ივანიშვილი გვეღირსაო! თან გიყვება და თან უხარია, რო გეუბნება.

ზიხარ მასთან და იხსენებ : გამსახურდიას იწუნებდა ადრე – კომკავშირის სკოლაგაუვლელი რას ივარგებს პრეზიდენტადაო! შევარდნაძის იმედად იყო – მსოფლიო პოლიტიკოსია, ეგ გადაგვარჩენსო – ეხლა "ბოღმა TV" მოსწონს.

მოდიხარ მერე და ფიქრობ – რათ არის ესე? ვთქვათ, როგორც რო კუჭში ეწყებოდა მთელი თავისი პოლიტიკა, ისევ იქ ეწყება, მაგრამ ამ კუჭით რო ადრეც სხვაზე უკეთ იყო და ეხლაც სხვაზე კარგად არი? ვთქვათ, ადრე რელიგიას „ბნელეთის მოციქულს“ ეძახდა და დღესაც არავინ აკვლევინებს თავს ეკლესიაში სიარულით?! ვთქვათ, მარტივადა აქვს იუმორის და ინტელექტის უჯრედები თავში და "ბოღმა TV" აკმაყოფილებს – იმ "ბოღმა TV"-ში რო ის მარტივი აზრიც არა ფუთფუთებს?

იმის გულთმისანი მქნა, გამაგებინა – რამ შეაყვარა "ბოღმა TV" და რასა ნახულობს იქა!

მე ვერა ვპასუხობ და კომენტატორთა იმედად ვრჩები – იქნება მკითხველმა მაპოვნინოს პასუხი?..

კომენტარი